რა სარგებლობას მოუტანს ვლადიმირ ვაისს უზბეკეთსა და იორდანიასთან თამაში

AutoSharing Option
წარმატებით დასრულდა საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკება და გადაწყდა, რომ 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ამჯერად იორდანიის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება.

მანამდე კი, 23 იანვარს, უკვე იცით, რომ "ჯვაროსნები" დუბაიშივე უზბეკეთის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ამ მატჩებში ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე იმ ფეხბურთელებსა და ასევე ლეგიონერებს, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ალბათ, უპრიანი იქნება, ორიოდე სიტყვა ვთქვათ იორდანიის ნაკრებზე. გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ამ გუნდს ერთხელ უკვე
შევხვდით გაიოზ დარსაძის მწვრთნელობის დროს, როცა თბილისში მეტოქე დრამატულ მატჩში 3:2 დავამარცხეთ.

რაც შეეხება იორდანიის თანამედროვე ნაკრებს, მას ფიფას რეიტინგში 105-ე ადგილი უჭირავს და ამ მაჩვენებლით საქართველოზე წინაა. გუნდის მთავარი მწვრთნელია 54 წლის აბდულა მესფერი. ის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაა და ამ ქვეყნის 19 და 23-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა. მუშაობდა საამიროების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. მესფერი იორდანიის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებს.

იორდანიის ნაკრები ძირითადად ამ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რამდენიმე მათგანი ყატარის ლიგაში თამაშობს. გუნდის მთავარ კოზირი მოკლე პასები და ტექნიკური ფეხბურთია.

იორდანია ვეღარ აგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდმა რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება მაინც მოიპოვა. მაგალითად, აღსანიშნავია ავსტრალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

რა თქმა უნდა, იორდანია გრანდი არ არის, მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს, მას და კიდევ ერთ ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგე გუნდს, უზბეკეთს, აგდებით შევხედოთ. ჯერ ერთი, ფიფას რეიტინგში ორივე ნაკრები გვისწრებს, და მეორეც - უზბეკეთი აზიურ ფეხბურთში სოლიდურ ძალას წარმოადგენს და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ გუნდი 2018 წელს პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ვაისისთვის ეს ორი მატჩი ძალიან სასარგებლო უნდა იყოს. სლოვაკ სპეციალისტს მიეცემა საშუალება, საქმეში ნახოს უახლოესი რეზერვი და ეგებ, მისთვის საინტერესო ახალი ფეხბურთელებიც აღმოაჩინოს.

ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ასეთი სურათის მოწმენი: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში თავს ვერ ავლენენ. მეტიც, მათ ასეთ შეხვედრებში ფეხებიც კი უკანკალებთ...

სწორედ ამიტომაა უპრიანი, ფეხბურთელი ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიცადოს, მეტ-ნაკლებად შეეჩვიოს სანაკრებო დატვირთვებს და ამის შემდეგ ითამაშოს მან ოფიციალური მატჩი. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის ტურნირი, სანაკრებო ბირთვი აქედან გვყავდეს, მაგრამ ჩვენს პირველობაზე მაინც შეიძლება რამდენიმე ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც ნაკრებს რეალურად გამოადგება.

რაღა შორს მივდივართ? - თვალწინ გვაქვს ჯაბა ჯიღაურის მაგალითი. სწორედ მისი შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გაუტანა თორნიკე ოქრიაშვილმა ერთადერთი და ისტორიული გოლი ესპანეთის ნაკრებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სარგებელს არ ვიცი მაგრამ რეიტინგში დაბლა დავეშვებით
Vato
14:03 07-01-2017
0
უფრო ახლოს გაიცნობენ იორდანიელ და უზბეკ ფეხბურთელებს. ვინძლო სადმე სერიოზულ ჩაიხანაში ერთად გაიჩითონ.
.........
14:18 07-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული