"რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. მაგარი საახალწლო საჩუქარი გამიკეთეს და ჩემი ბავშვური ოცნებები დაგვიანებით, მაგრამ მაინც ამიხდინეს. ახლა მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოვიჩენ. მაგრამ ვაისმა შანსი რომ მომცა, ამისთვის მადლობელი ვარ და ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო", - ამბობს თემურ შონია.
26 წლის ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში
"ბავშვობაში ნაკრებებში ხშირად მიწვევდნენ. ბოლოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელიას მწვრთნელობის დროს ვითამაშე. ეს ის პერიოდია, როცა თურქეთის ახალგაზრდულს ორჯერ მოვუგეთ და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი გვქონდა... მაშინ გუნდში ძალიან კარგი შემადგენლობა იყო - კვასხვაძე, კვეკვესკირი, ვაწაძე, თომაშვილი, ოქრიაშვილი, ყენია, დაუშვილი, ივანიშვილი...
ეროვნულ ნაკრებში გამოძახების იმედიც რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ლაპარაკს არ გასცდენია. ახლა კი ეს რეალური გახდა".
შონია ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე GFF AWARDS 2016-ზეც გამოარჩია: გარდამავალი ჩემპიონატის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ორი "სამტრედიის" ლიდერი გახლდათ - ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული, მესამე კი ბათუმის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი აღმოჩნდა...
- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]
ერთი შეხედვით, სამეულში ბათუმელთა კაპიტნის მოხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ სრულიად ლოგიკური იყო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევანს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები აკეთებენ. შონიას აღიარება შემთხვევითი ნამდვილად არ იყო. მან 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგი იყო და აკი გუნდის ბომბარდირიც გახდა.
2016 წელს შონია ბათუმელთა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორიც გახლდათ - ბრინჯაოს ფინალში მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა თბილისის "დინამოს":
"ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ბუნებრივია, მათ შორის რომ გამოგარჩევენ და სამეულში მოხვდები, ძალიან სასიხარულოა. ამავე დროს, დიდი სტიმულიც არის და კარგია, რომ შრომა გიფასდება".
შონია ბათუმის "დინამოს" მომავალ სეზონშიც დაეხმარება:
"2016 წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და ამის გამო წელიწად-ნახევრით გავახანგრძლივეთ. ასე რომ, მომავალი ჩემპიონატის ბოლომდე ბათუმის "დინამოში" ვრჩები და დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"