"იბერია სტარი" ბოლო ტურში არ გამოცხადდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის მე-20 ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურში "სტუ თელასმა" "სოკართან" შეხვედრა 3:9 წააგო.

თსუ-სა და "იბერიას" მატჩი კი ჩაიშალა, რადგან საქართველოს ჩემპიონი და უეფას ოთხთა ფინალისტი არ გამოცხადდა და 0:5 ჩაეთვალა.

ძალიან დასანანია, რომ ეს შეემთხვა კლუბს, რომელმაც საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

სენსაციური ტრანსფერით ბოლო ტურში თავი "სოკარმა" გამოიჩინა. კლუბის ფორმა პირველად მოირგო არნალდუ პერეირამ: ის უდავოდ მაღალი კლასის მოთამაშეა, არის პორტუგალიის ნაკრების მოქმედი კაპიტანი და ოქტომბერში ლისაბონში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

2002-06 და 2007-12 წლებში ლისაბონის "ბენფიკაში" თამაშობდა,
ბოლოს კი ლატვიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "ნიკარსის" ღირსებას იცავდა. 2010 წელს ლისაბონელთა შემადგენლობაში უეფას თასის მფლობელი გახდა.

... ჩემპიონატის გამარჯვებულთა და საუკეთესოთა დაჯილდოება სპორტკომპლექს "ქარიშხალაში" მოეწყო. "იბერია სტარმა" კვლავ იზეიმა ჩემპიონობა, ხოლო მეორე-მესამე ადგილები თსუ-მ და "სოკარმა" გაინაწილეს.

საუკეთესო მეკარედ "იბერია სტარის" ბრაზილიელი სელიო აღიარეს, უპირველეს მოთამაშედ "იბერია სტარის" წევრი - ალექსანდრე ძაბირაძე. ტურნირის ბომბარდირი კი "სოკარის" ფეხბურთელი გიორგი ტიკურიშვილი გახდა (26 გოლი).

ასე დასრულდა ამბავი, რომლის გაგრძელებაც ჯერ არავინ უწყის, მაგრამ იმედია, მომავალი სეზონის დაწყებამდე "იბერიასაც" ეშველება, "სოკარიც" გაძლიერდება და იქნებ ძლიერი ჩემპიონატი ვიხილოთ.

ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, ლიგაში თამაში რამდენიმე გუნდს სურს:

"არნალდუს გარდა, "სოკარის" ხელმძღვანელობა მომავალ ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე ტოპ-კლასის ლეგიონერით გაძლიერებას გეგმავს. კლუბში ითამაშეს საზღვარგარეთ გამოცდილებამიღებულმა დევდარიანმა, თოთლაძემ, ზოიძემ, კეფაშვილმა. ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი სწორედ "სოკარის" მოთამაშე ტიკურიშვილი გახდა.

გუნდს წარსულში ეროვნული ნაკრების ლიდერები - ალექსიძე და სოლოღაშვილი ავარჯიშებენ.

საერთოდ, გაგვიჩნდა იმედი, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონატში 10 გუნდი ითამაშებს. გამოსვლის სურვილი გამოთქვეს გორელებმა, ქუთაისის "ჯუნგლებმა" და შესაძლოა, დედაქალაქის კიდევ ორი კლუბი, "გრანდი" და "თბილისი" დაგვემატოს.

მალე სფა-ს საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი "სამცხეს" ხელმძღვანელობას შეხვდება და ახალციხელების გამოსვლის საკითხი ამ მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.

ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე "თელასი" 3 ივნისს გურიაში შეკრებას გაივლის, ხოლო 16 ივნისიდან კი მოსკოვის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ერთი წლის წინ კლუბმა იგივე ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა.

სავარაუდოდ, სახელს შეიცვლის GIEC, რომელსაც ნაკრების ყოფილი თავკაცი, პეტრე თაბუკაშვილი წვრთნის - კლუბი მოლაპარაკებას საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან აწარმოებს.

ძალიან საწყენია, რომ "იბერია სტარს" პრობლემები შეექმნება, რადგან სწორედ ამ კლუბის დამსახურებაა, ჩვენი ფუტსალი პოპულარული რომ გახდა და მსოფლიოში გაიცნეს. მაგრამ იმედია, გუნდის ხელმძღვანელები პრობლემებს მოაგვარებენ".


"იბერია სტარის" საკითხზე "ლელოსთან" კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააკეთა:

"იბერია სტარის" ხელმძღვანელებთან კლუბის პერსპექტივები უნდა განვიხილოთ. საწყენია, რომ კლუბს უჭირს, მაგრამ ასეა მთელი ქვეყანა და ამ პრობლემების მოგვარებას დრო სჭირდება და მეორეცაა - როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო კერძო კლუბს?

ბიზნესიც არ აქტიურობს, რადგან ფეხბურთის სახელი შელახულია. ფეხბურთისკენ რომ გამოიხედონ, უპირველესად, ეს ფედერაციამ უნდა მოახერხოს და გაფუჭებული სახელი გამოაკეთოს.

თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, "იბერია სტარის" პრობლემები რომ მოგვარდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი" თბილისის "დინამოს" გაერთიანებას სთავაზობს
"იბერია სტარი" გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!
ბრაზილიელი ბოშა ჟოანი: თბილისი კარგად დამებედა
"კაირათი" ფუტსალის თასის მფლობელი გახდა
"იბერია სტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
იბერია სტარი-დინამო 2:5 - შეგვეძლო თუ არა მეტი?
"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული