ასათიანი საქართველოს ნაკრების გუნდისა და ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე "თელასის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, არველაძე კი - მისი თანაშემწე და თბილისის თსუ-ს თავკაცი.
"საინტერესო წინადადება იყო და დავთანხმდი, - ამბობს ასათიანი, - ჩემი ახალი გუნდი მალტის ჩემპიონია და ფუტსალში უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში ფინეთის, გერმანიისა და დანიის ჩემპიონები შეგვხვდნენ. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი
"ჰიბერნიანსში" ჩვენი ნაკრების ორი მოთამაშე - ბობოხიძე, კობაიძე, ასევე, ბულგარეთის ნაკრების ორი მოთამაშე ჩამოვიყვანე. პირობებიც საკმაოდ ნორმალურია, ხელშეწყობას ვგრძნობთ და ვნახოთ... იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი მეტოქეების ქვეყნებში ფუტსალი კარგად განვითარებული არ არის და ძლიერი გუნდები არ ჰყავთ".
ქართული ფუტსალის ისტორიაში ასათიანი პირველი სპეციალისტია, ვინც უეფას თასზე უცხოურ გუნდს გაიყვანს. ახალგაზრდა მწვრთნელმა უარყო ხმები ნაკრებიდან მისი წასვლის შესახებ:
"მალტურ კლუბში მხოლოდ უეფას ტურნირის დასრულებამდე ვიმუშავებ და "თელასში" დავბრუნდები. მიხარია, რომ ჩვენი შრომა უცხოეთში მაინც დაინახეს და დააფასეს.
აზერბაიჯანში, სადაც ფუტსალი ძალიან განვითარებულია, პოპულარული კლუბი ბაქოს "ნეფთჩი" ნაკრებში ჩემს ასისტენტ ბესო არველაძეს ჩააბარეს".
"ლელო" არველაძესაც დაუკავშირდა:
"ბაქოელებს თბილისში ამხანაგურ მატჩში შევხვდით და კლუბის ხელმძღვანელობა მაშინ გავიცანი. მერე დავილაპარაკეთ, რეკომენდაციაც გამიწიეს, ნაკრებში ჩემმა მუშაობამაც დიდი როლი ითამაშა და მიმიწვიეს.
გუნდში მისვლისთანავე რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდით - დავიმატეთ ორი ბრაზილიელი, "იბერიაში" ნათამაშები სისინიო და სიჯი.
მათ გარდა, ჩემთან საქართველოს ნაკრების სამი წევრიც ითამაშებს - გუნდში დამხვდა მეკარე ჯაბა ჯამბურია, ჩემი ინიციატივით საქართველოს ნაკრების ორი წევრი წავიყვანე - არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუკვაძე. გამორიცხული არ არის, სხვა ქართველიც დავიმატოთ".
როგორც არველაძე ამბობს, მისი ყოფილი კლუბის, თბილისის თსუ-ს ძველი ბირთვი დაიშალა:
"5 ფეხბურთელი "იბერიაში" წავიდა, ნაკრების ორი მოთამაშე, ბობოხიძე და კობაიძე, კარიერას მალტურ "ჰიბერნიანსში" ასათიანის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ, ერთიც "თელასში" გადავიდა. საწყენია, გუნდი რომ დაიშალა - ჩვენგან ხომ ნაკრებში 7 ფეხბურთელი თამაშობდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"