იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?

AutoSharing Option
2 ოქტომბერს, დიორის "მიხალი სპორტ ჰოლში" ერთმანეთს საქართველოსა და ბოსნიის ჩემპიონები, "იბერია სტარი" და "ტანგო სარაევო" დაუპირისპირდნენ...

შეხვედრა, რომელშიც "იბერიას" შემდეგი ეტაპის საგზურის განაღდება შეეძლო, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

თავიდან მომენტები საქართველოს ჩემპიონმა შექმნა: მე-2 წუთზე მიზანთან ახლოს იყვნენ ვახტანგ ჯვარაშვილი და გოგა ალთუნაშვილი, მაგრამ მეკარე ელდინ ხასანსპახიჩს ვერ აჯობეს, მურთაზ კაკაბაძემ კი ბურთი ძელს მოარტყა.

ამის შემდეგ ბოსნიელები გამოცოცხლდნენ და ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მეკარე ერნესტ აკოპოვი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ამას ჩვენებმა მხოლოდ გიორგი ტიკურიშვილის სახიფათო, მაგრამ უშედეგო
დარტყმით უპასუხეს.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბულად წარიმართა: პირველად მომენტები კვლავ "იბერია სტარმა" შექმნა. ანგარიშის გახსნის შანსი კვლავ ტიკურიშვილს, ჯვარაშვილს, აგრეთვე, ირაკლი თოდუას და ლაშა სიგუნავას ჰქონდათ, მაგრამ ბოსნიელთა მეკარე საიმედოდ გამოიყურებოდა.

მერე "ტანგო სარაევომ" სამი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა: ჯუდერიამ, ნერმინ იუსიჩმა და ანელ რადმილოვიჩმაც მომენტები ქარს გაატანეს.

გოლი მაინც გავიდა და, ჩვენდა სასიხარულოდ, ის საქართველოს ჩემპიონმა გაიტანა: ტაბლოზე 39:57 ენთო, როცა თოდუამ კარში დაარტყა. ბურთი მეკარემ მოიგერია. იბერიელმა ბოლომდე იბრძოლა და ბადე შეირხა! მაგრამ თურქმა არბიტრმა ოზან სოიკანმა ცივი შხაპი გადაგვასხა - დრო უკვე ამოწურულიაო და ბურთი არ ჩათვალა.

მიუხედავად ქართული დელეგაციის პროტესტისა, არბიტრს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ძნელი სათქმელი იყო, დრო მართლა ამოიწურა თუ არა, მაგრამ მიმდინარე მინი-ტურნირზე იყო შემთხვევა, როცა "იბერია" არაობიექტურ მსაჯობას წააწყდა.

პირველ დღეს, ბულგარეთის ჩემპიონ "გრანდ პროსთან" ფრანგმა არბიტრმა ტიკურიშვილს პენალტი არ ჩაუთვალა - ბურთს ხაზი არ გადაუკვეთიაო. მაშინ ჩვენებმა გაიმარჯვეს და ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ბოსნიელებთან არჩათვლილმა გოლმა "იბერია" ძალიან აზარალა.

ფუტსალის უეფას თასი. ძირითადი ეტაპი. II ჯგუფი. II ტური
იბერია სტარი-ტანგო სარაევო 0:0
იბერია სტარი: აკოპოვი, ძაბირაძე, კაკაბაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი - ბუკია (მეკარე), ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, სიგუნავა, თიბილაშვილი, ტიკურიშვილი.
მწვრთნელი: ალექსანდრე სარქისიანი
ტანგო სარაევო: ხასანსპახიჩი - გუშო, რადმილოვიჩი, ერიჩი, ნოვოსელაცი - დალეხასანოვიჩი (მეკარე), იკონიჩი, ხაჯიჩი, ჩამპარა, ტანასკოვიჩი, ჯუდერია, იუსიჩი, სიპოვიჩი.
მწვრთნელი: მიკრო მარვანი
გაფრთხილება: ნოვოსელაცი (4), სიგუნავა (14), ალთუნაშვილი (40)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა "დიორ ეტომ" ბულგარეთის ჩემპიონ "გრანდ პროს" 5:0 მოუგო.

II ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დიორ ეტო 2 2 0 0 9-2 6
2. იბერია სტარი 2 1 1 0 2-1 4
3. ტანგო სარაევო 2 0 1 1 2-4 1
4. გრანდ პრო 2 0 0 2 1-7 0

* * *
4 ოქტომბერს, ბოლო ტურში, საქართველოს ჩემპიონი მასპინძელ "დიორ ეტოს" ხვდება, ბოსნიელები კი - ბულგარელებს. თუ "ტანგომ" სასურველი ანგარიშით მოიგო და ჩვენ დავმარცხდით, შესაძლოა, ჯგუფიდან ბოსნიელები გავიდნენ.

ცუდია ისიც, რომ 2 ოქტომბერს ჩვენმა კაპიტანმა გოგა ალთუნაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და უნგრეთის ჩემპიონთან ვერ ითამაშებს. არადა, ის საჯარიმოსთან წააქციეს და "იბერია" პენალტს რომ ელოდა, არბიტრმა... სიმულაციისთვის ქართველს ყვითელი ბარათი აჩვენა.

ასე რომ, 4 ოქტომბერს მასპინძლებთან ფრე მაინც გვჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იბერია სტარი-გრანდ პრო 2:1 - "იბერიამ" უეფას თასი მოგებით დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული