პორტუგალია-საქართველო 7:0 - 7 გოლი და კიდევ 18 სეივი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კელერაშში ევრო 2016-ის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა პორტუგალიასთან და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ელიტრაუნდზე საქართველოს ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა ორი მეკარე წაიყვანა - დავით კეფაშვილი და თორნიკე ბუკია, მაგრამ 18 მარტს ეს უკანასკნელი განაცხადშიც არ ყოფილა და კეფაშვილს ტრავმა რომ მიეღო, შემცვლელი არ ჰყავდა. არადა, ბუკია მთავარი კიპერია. საქმე ისაა, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ლიტვასთან, მან წითელი ბარათი მიიღო და ელიტრაუნდის პირველ მატჩს ტოვებდა. 19 მარტს კი საქართველოს მასპინძელ რუმინეთთან დაეხმარება.

შედეგიდან
გასაგებია, რომ პორტუგალიელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. ჩვენებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 10 წუთში გაუწიეს, თავად კი სულ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ - პირველ ტაიმში მეტოქის კარს სახიფათოდ მხოლოდ გიორგი ნიშნიანიძე დაემუქრა, ხოლო მეორე ნახევარში რეალური მომენტები გაატანეს ქარს რონიმ, დავით ბობოხიძემ, არჩილ სებისკვერაძემ, შოთა ჭანუყვაძემ და ორჯერ ზურაბ ლუკავამ.

მშვენივრად თამაშობდა პორტუგალიელთა მეკარე ტიაგუ. უეფას ვებგვერდის ტექსტური რეპორტაჟიდან ჩანს, რომ ბურთი სულ ჩვენს კართან ტრიალებდა - წარმოიდგინეთ, მეკარე კეფაშვილმა, რომლის კარში 7 გოლი გავიდა, 18(?!) "სეივი" განახორციელა.

ერთი საინტერესო დეტალიც - უეფას ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩვენი ყოფილი კოლეგა არსენ (მამუკა) კვანტალიანი გამოაცხადა, თუმცა ეს შეცდომაა - სარქისიანი არავის გაუთავისუფლებია.

ცხადია, პორტუგალიამ მტკივნეული დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსი გადაგვეწურა: ფინალურ ეტაპზე (რომელსაც 2016 წელს სერბეთი უმასპინძლებს) პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოხვდება, მეორეადგილოსნებისთვის კი გაიმართება პლეი ოფი, სადაც ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანიც მოხვდება.

ასე რომ, შანსი კიდევ არის, თუკი დღეს მასპინძელ რუმინეთს მოვუგებთ, მაგრამ ეს ძნელი ამოცანა იქნება - გუშინვე რუმინელებმა ყაზახეთის ძლიერ ნაკრებს 6:4 სძლიეს.

პორტუგალია-საქართველო 7:0
1:0 კარდინალი (10), 2:0 ბრუნო კოელიუ (16), რიკარდინიო 3:0 (18), რიკარდინიო 4:0 (20), ჯო 5:0 (20), 6:0 პედრუ კარი (35), 7:0 პაულინიო (40)
საქართველო: კეფაშვილი - ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ნიშნიანიძე, რონი - ჭანუყვაძე, ლუკავა, კობაიძე, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი.

დარჩენილი მატჩები
19 მარტი
17:45* ყაზახეთი-პორტუგალია
20:15 რუმინეთი-საქართველო

21 მარტი
19:00 საქართველო-ყაზახეთი
21:30 პორტუგალია-რუმინეთი
* - დრო თბილისისაა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული