SBM LEAGUE 2015/16: "კობის" დუბლი, "მუმუს" სუპერგოლი და დაკარგული ქულები

AutoSharing Option
22 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. მესამე ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერლიგა A-ს ტურის ყველა დაპირისპირება უშეღავათო ორთაბრძოლაში წარიმართა, რაზეც დაფიქსირებული ანგარიშებიც მეტყველებს: ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ორში მეტოქეებმა მინიმალური სხვაობით მოახერხეს მოწინააღმდეგის დამარცხება.

პირველები ერთმანეთს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" და "გრანდ გრუპ ჯორჯიის" გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისი მცხეთელების უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-11 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ, თუმცა ძალოვნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ
პირველსავე ტაიმში შეძლეს წონასწორობის აღდგენა, ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გაიტანეს. საბოლოოდ 3-2 სდსს-ს სასარგებლოდ.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა სკ "ჯვარსონები-ევექსისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. უკვე ზედიზედ მესამე ტურია აჭარლები საგოლე ეპიზოდების ვერგამოუყენებლობის გამო მკაცრად ისჯებიან. ამჯერად ამ "საჩუქრით" "ჯვაროსნებმა" ისარგებლეს და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. "დინამო" კი ერთადერთია სამი ტურის შემდეგ, ჯერ ქულაც რომ არ აქვს მოპოვებული.

ამის შემდეგ უკვე საყაიმო ანგარიშების სერია დაიწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შსს-სა და მფკ "ნატახტარის" დაპირისპირება ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რომლის დროსაც გულშემატკივარმა სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. ანგარიში "ძალოვნებმა" მე-14 წუთზე გახსნეს, თავი შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა რეზი ინჯგიამ გამოიჩინა, თუმცა პირველივე ტაიმის მიწურულს ლევან კასრაძემ საპასუხო გოლის გატანა მოახერხა. მეორე ნახევარში კი, მაღალი ტემპის ფონზე, ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტების სიმრავლემაც იმატა. თუმცა ხან თავად შემტევები სცოდავდნენ, ხანაც მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

ამ მხრივ შეხვედრის ბოლო წუთებია გამოსარჩევი, როდესაც შოთა ღურბელეიშვილსაც (შსს) და ეროს აკოფოვსაც (მფკ "ნატახტარი") საკუთარი გუნდის გადასარჩენად თავიანთი საუკეთესო თვისებების გამოვლენა დასჭირდათ. მანამდე კი იყო ეპიზოდი, როდესაც შსს-ს ძირითადი მეკარის გაძევების გამო "ნატახტარმა" ორ წუთით რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა, გულშემატკივართა აპლოდისმენტების ფონზე, ლოგიკური ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრაში ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილმა მაყურებელმა შარშანდელი ფინალისტების მონაწილეობით კიდევ ერთი საფეხბურთო სპექტაკლი იხილა.

პირველი ორი ტურის შემდეგ პსპ-სა და ვეტერანებს შორის ფავორიტებად "ფარმაცევტები" მიიჩნეოდნენ, თუმცა მათი სახელოვანი მეტოქეები აშკარად სხვანაირად ფიქრობდნენ. მე-8 წუთზე ანგარიში ლევან კობიაშვილმა გახსნა, რასაც 8 წუთში დავით მუჯირმა ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით კიდევ ერთი გოლი მიუმატა და უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. მეორე ნახევარი სამი წუთის დაწყებულიც არ იყო, როდესაც ეროვნული ნაკრების რეკორდსმენმა სფფ-ის პრეზიდენტმა ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელის, სფფ-ის გენმდივნის ეფექტური პასი ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა და უპირატესობას სოლიდურობა შესძინა.

ამ გოლის შემდეგ სრული სათამაშო უპირატესობა მოქმედი ჩემპიონის მხარეს გადავიდა და მათ 7 წუთი დასჭირდათ, რომ სხვაობა ერთ ბურთამდე შეემცირებინათ. ამის შემდეგაც ვეტერანების კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა გამათანაბრებელი, მესამე გოლი პსპ-ს ფეხბურთელებმა მხოლოდ შეხვედრის ბოლო წამზე გაიტანეს - 3-3.

მესამე საყაიმო ანგარიში კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდსა და მფკ "ტატიშვილს" შორის დაფიქსირდა. საკმაოდ ემოციური, დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება 2-2 დასრულდა. ეს არის "მედიკოსების" ზედიზედ მესამე ფრე სამ შეხვედრაში.

22.11.2015. სუპერლიგა A. III ტური
სდსს - GRANDE GROUP (მცხეთა) 3-2
სკ ჯვაროსნები-ევექსი - დინამო (ბთ) 2-1
შსს - მფკ ნატახტარი 1-1
FC PSP - ვეტერანები 3-3
FC TTC - მფკ ტატიშვილი 2-2

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (სკ "ევექსი-ჯვაროსნები") - 5, გიორგი სეფერთელაძე (მფკ "ნატახტარი"), კახა კალაძე, დავით მუჯირი ("ვეტერანები"), იასონ ხუნდაძე (ტტც), შალვა ფირცხალავა (სდსს), ლადო ასათიანი ("გრან გრუპი") - 3

ასევე საინტერესო, თუმცა უხვგოლიანი გამოდგა მესამე ტურის მატჩი სუპერლიგა B-ში. გამონაკლისი მხოლოდ "ევროკრედიტისა" და "ახპიურის" დაპირისპირება გამოდგა, სადაც მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ბევრი გოლი სკ "ფეროსა" და "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" (CFCP) შეხვედრაში გავიდა. ზესტაფონელებმა 9-5 დაამარცხეს მეტოქე. ამ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა ზესტაფონელთა ლიდერმა დავით ხუჯაძემ.

დამაჯერებლად იმარჯვა კიდევ ერთმა იმერულმა გუნდმა. "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ" "უნიკრედიტი" დაამარცხა 4-2.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა კასპის "გენერლისა" და "ვივუს.ჯის" დაპირისპირებაც. მიუხედავად კასპელთა დიდი უპირატესობისა, "ვივუსის" ფეხბურთელებმა კლასის და საფეხბურთო იღბლის ხარჯზე 5-2 აჯობეს მეტოქეს. აუცილებლად გამორჩევის ღირსია მათი კაპიტნის, ბაჩო კობიძის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც გუნდის წარმატებაში სამგოლიანი წვლილი შეიტანა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ამჯერად "პალერმო" დაამარცხა უმძიმეს ბრძოლაში - 5-4. UG ერთადერთი გუნდია წლევანდელ ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ ქულაც კი არ დაუკარგავს და სატურნირო ცხრილს 100%-იანი შედეგით ლიდერობს.

22.11.2015. სუპერლიგა B. III ტური
ევროკრედიტი - ახპიური (ბთ) 1-1
UNICREDIT.GE - GM ჭიათურა 2-4
სკ ფერო (ზესტ) -CFCP 9-5
მფკ გენერალი (კასპი) - VIVUS.GE 2-5
პალერმო - UG 4-5

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (სკ ფერო) - 10, გიორგი ჩივაძე (CFCP) - 6, ბაჩო კობიძე (VIVUS.GE) - 5

ტრადიციულად, ამ კვირასაც გამოვლინდნენ წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელები.

სუპერლიგა A-ს მეორე ტურის საუკეთესოდ მფკ "ნატახტარის" კაპიტანი გიორგი სეფერთელაძე დასახელდა, რომელსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერი გადაეცა.

სუპერლიგა B-ში კი მეორე ტურის რჩეული "ფეროს" ლიდერი დავით ხუჯაძე გახდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური პრიზი გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული