SBM LEAGUE 2015/16: "ოქროს ლიგას" ახალი ლიდერი ჰყავს

AutoSharing Option
29 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს კორპორატიული ლიგების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ვერცხლის ლიგის მესამე სათამაშო დღე, წინა ორისგან განსხვავებით, განსაკუთრებულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაზეც დაფიქსირებული ანგარიშებიც მეტყველებს.

გათამაშების ლიდერი "ალიანს საქართველო" ერთ-ერთ აუტსაიდერს, "თეთრი ქუდის" გუნდს დაუპირისპირდა და სამი ქულის მოპოვება მხოლოდ უმძიმეს ბრძოლაში მოახერხა - 2-1.

დიდი ჯაფა დაადგა კიდევ ერთ ფავორიტს, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს, რომელმაც "ბი პი ჯორჯია" ასევე მინიმალურად - 3-2 დაამარცხა.

დიდი სხვაობით გამარჯვება მხოლოდ
"საქრუსენერგომ" მოახერხა, რომელმაც "ავერსს" 5-1 აჯობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "ენერგეტიკოსებმა" "ფარმაცევტების" გატეხვა მხოლოდ მეორე ნახევრის შუაწელში მოახერხეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაპირისპირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მათგანი უაღრესად საინტერესო გამოდგა.

პირველი ქულები დაკარგა "ვითიბი ბანკმა", რომელიც "თბილისის მერიას" დაუზავდა მძიმე ბრძოლაში - 2-2.

ანალოგიური ანგარიშით, 2-2 დასრულდა "ბაქსვუდისა" და "ბანკი რესპუბლიკის" დაპირისპირებაც, რომელშიც გულშემატკივარმა უამრავი საინტერესო ეპიზოდი იხილა, დაწყებული "ბაქსვუდის" ფეხბურთელის გაძევებით, 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით და "ბანკირთა" კარში ლამაზი ავტოგოლით დასრულებული.

ამრიგად, ვერცხლის ლიგას უდანაკარგოდ, 9-9 ქულით "ალიანს საქართველო" და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდები ლიდერობენ.

29.11.2015. ვერცხლის ლიგა. III ტური
ალიანს საქართველო - თეთრი ქუდი 2-1
BP GEORGIA - ტატიშვილი 2-3
ავერსი - საქრუსენერგო 1-5
თბილისის მერია - ვითიბი ბანკი 2-2
ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა 2-2

ბომბარდირები: ლუკა ხომასურიძე (ტატიშვილი) - 8, დიტო ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 6

Sportall.Ge

ტრადიციულად, დაძაბული და საინტერესო გამოდგა ოქროს ლიგის ტურიც.

სამი ტურის შემდეგ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. მოქმედმა ჩემპიონმა "ნატახტარმა" აქამდე უდანაკარგო "პატრული" დაამარცხა - 4-2 და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ქულებს არ კარგავს "საქართველოს ფოსტა". "ფოსტალიონები" "ევროპაბეთს" დაუპირისპირდნენ და საოცრად დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში 4-2 იმარჯვეს. შარშანდელი ფინალისტი კი სამი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდაა.

უმძიმესი ორთაბრძოლა გაიმართა "საქართველოს ბანკსა" და "ვესტ ინვესტს" შორის. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განმავლობაში "ვესტ ინვესტი" ორჯერ დარჩა კაცნაკლული, ისინი მაინც ახერხებდნენ მეტოქის კართან 100%-იანი სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა ფაქტობრივად, ცარიელმა სათადარიგო სკამმა და დაღლილობამ ბოლოსკენ მაინც თავი იჩინა და ერთადერთი გამარჯვების გოლის გატანა "ბანკირებმა" მოახერხეს და მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულაც მოიპოვეს - 1-0.

ტური კი უხვგოლიანი "თრილერით" დასრულდა. შარშანდელი ვერცხლის ლიგის 1/2-ფინალისტების, "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და "კრედოს" დაპირისპირებაში რევანში არ შედგა: "კრედოს" ფეხბურთელებმა საოცარი თავდადება გამოიჩინეს და 5-4 დაამარცხეს მეტოქე. თუმცა მატჩის სცენარი გაცილებით დრამატულად წარიმართა. პირველ ტაიმში "კრედო" სამი უპასუხო ბურთით დაწინაურდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიში 4-4 იყო და წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი საფინალო სასტვენამდე, როდესაც ლევან ჩიხრაძემ უძლიერესი საჯარიმო დარტყმით სეზონის პირველი პირადი ჰეთ თრიკი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

29.11.2015. ოქროს ლიგა. III ტური
საქართველოს ფოსტა - ევროპაბეთი 4-2
პატრული - ნატახტარი 2-4
ვესტ ინვესტი - საქართველოს ბანკი 0-1
GWP - კრედო 4-5

ბომბარდირები: კახაბერ გოგოხია (ნატახტარი), თემურ ვაჩნაძე (ვესტ ინვესტი) - 4, ზუკა გარსევანიშვილი (GWP), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), ზურა ცერცვაძე, ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 3

Sportall.Ge

სათამაშო დღე კი სუპერლიგა B-ს მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს "ვივუსისა" და "ევროკრედიტის" გუნდები დაუპირისპირდნენ. მორიგი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა "ვივუსის" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წამებზე გავიდა.

29.11.2015. სუპერლიგა B. II ტური (გამოტოვებული შეხვედრა)
VIVUS.GE - ევროკრედიტი 2-1

უკვე ტრადიციად იქცა ყოველ სათამაშო დღეს წინა ტურის გამორჩეული ფეხბურთელების გამოვლენა. ამჯერად საუკეთესოები ვერცხლის და ოქროს ლიგებში გამოვლინდნენ.

ვერცხლის ლიგის II ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "ალიანს საქართველოს" თავდამსხმელი ავთანდილ ბუიღლიშვილი დასახელდა, რომელსაც Apple City-ს სპეციალური პრიზი გადაეცა.

რაც შეეხება ოქროს ლიგის მეორე ტურში საუკეთესოს, ეს წოდება "ნატახტარის" შემტევმა კახაბერ გოგოხიამ მოიპოვა, რომელიც დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული