- უსიამოვნო პერსპექტივა: კოსოვოს ნაკრები სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა?
კოსოვო სერბეთის ისტორიულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სეპარატისტული წარმონაქმნია, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, ფიფამ და უეფამ კი
თუმცა, კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის ნაკრებს ან კლუბს უეფა ჩვენთან დააწყვილებს? შესაძლოა, ბევრმა იკითხოს - რომ თუ არ ვაღიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ დელეგაციაზე ვიზას როგორ გასცემსო? მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო - 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე სეპარატისტული წარმონაქმნის დელეგაცია საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით ესტუმრა.
ერთი წლის წინ მათი ქალთა საკალათბურთო ნაკრები თბილისში გვესტუმრა, მაგრამ საინტერესოა, საზღვარი კოსოვოს პასპორტით გადმოკვეთეს? ან რას მოვიმოქმედებთ, ახლა კოსოვო საქართველოს ჯგუფში რომ მოხვდეს? მათი სტუმრობა სულ სხვა თემა იქნება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. იმედი მხოლოდ უეფას დანაპირებია, რომ მსგავს ვითარებებს ისე დაარეგულირებს, რომ მის წევრ ქვეყნებს შორის პრობლემას საწყის ეტაპზევე მოაგვარებს.
ფაქტია, პრევენციული ზომების მიღება აუცილებელია და კოსოვოს ნაკრები საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს.
სერბების ადგილზე წარმოიდგინეთ თავი და შემდეგ ვითარება შემოვატრიალოთ - გვესიამოვნება, ამ ქვეყნის ნაკრებებმა აფხაზეთს რომ უმასპინძლონ? ამიტომაც არ შეიძლება კოსოვოს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებებით, ერთ ჯგუფში არ ხვდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთი და უკრაინა, თავად სერბეთი და კოსოვო, ასე უნდა იყოს ჩვენს შემთხვევაში და ეს უნდა მოვითხოვოთ.
ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ამბობს, რომ უეფასა და ფიფას დაპირებების იმედზე არ უნდა ვიყოთ, რადგან ამის შესახებ წერილობითი, ოფიციალური დადგენილება და შეტყობინება არ არსებობს და ფიფა-უეფაში სფფ-მ შესაბამისი წერილი უნდა გააგზავნოს.
"არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომლის საშუალებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე კოსოვოს მეტოქეობა თავიდან ავიცილოთ.
პირველი - როგორც სახელმწიფოს, საქართველო დე იურედ კოსოვოს რესპუბლიკას არ სცნობს; 2 - დე ფაქტო რესპუბლიკის შემთხვევაში კოსოვოს პასპორტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის კანონგარეშედ ითვლება; 3 - კოსოვო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი არ არის; 4 - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს, რომლის შემადგენლობაში კოსოვო-მეტოხიის ოლქი შედის; 5 - სერბეთის მთავრობამ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში წამოიწყო დავა და კოსოვოს უეფასა და ფიფაში წევრობის გაუქმებას ითხოვს", - ამბობს კვიციანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"