თორნიკე ოქრიაშვილი: ზუსტად ვიცი, რომ საამისოდ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა. საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად შეკრებაზე აბუ-დაბიში იმყოფება, მისთვის ამ აღიარების მნიშვნელობაზე, საახალწლო შვებულებასა და მზადების პირველ დღეებზე ისაუბრა.

- თორნიკე, გილოცავთ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას. რამდენად მოულოდნელი იყო თავად შენთვის ეს აღიარება?
- გმადლობთ მოლოცვისთვის. როდესაც დაჯილდოების ცერემონიაზე მივდიოდი, ვფიქრობდი, იქნებ საუკეთესო გოლისთვის ჯილდო მომცენ-მეთქი. ვიცოდი, რომ საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში წარდგენილი ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდნენ -
ჯანო ანანიძე და გურამ კაშია. ტიტულს თითოეული მათგანი იმსახურებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მე დამასახელეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

- რა იგრძენი იმ მომენტში, როდესაც შენი გვარი გამოაცხადეს?
- ძნელი გადმოსაცემია. ემოციებმა ამიტანა და გარკვეული ხანი ვერც ვიჯერებდი!

- ტელეტრანსლაციისას გამოჩნდა, რომ სანამ პოდიუმზე ახვიდოდი, წინა რიგში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა შენთვის მოლოცვა მოასწრო. ვინ იყვნენ ისინი?
- ქართული სპორტისა და ფეხბურთის პირველი პირები. ქვეყნის სპორტის მინისტრი, სფფ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

- პოდიუმზე რა თქვი?
- ყველას დამდეგი ახალი წელი მივულოცე. ასევე მივულოცე წარმატება სხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფეხბურთელებს. მადლობა გადავუხადე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებსა და ოჯახს.

- ოსკარის ლაურეატის ტიპური გამოსვლა?
- დიახ, ასეც შეიძლება ითქვას (ეღიმება).

Sportall.Ge

- რას ნიშნავს შენთვის ეს ჯილდო?
- პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს - ამ აღიარებას წინა წლებში ხომ უდიდესი ოსტატები იღებდნენ. თუმცა, კარგად მესმის, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება და აუცილებლად მომიწევს საკუთარი თამაშით იმის დამტკიცება, რომ ეს ტიტული შემთხვევით არ მიმიღია. ეს სტიმულია, რათა გავაგრძელო ზრდა და ავიმაღლო პროფესიონალური ოსტატობა. და ზუსტად ვიცი, რომ საამისოდ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო.

- წარმატება როგორ აღნიშნე?
- მოკრძალებულად, ვიწრო ოჯახურ წრეში. უახლოესი მეგობრებიც კი არ ყოფილან - მხოლოდ ოქრიაშვილების ოჯახი. დედა, მამა, ცოლი, შვილი, ძმა და მისი მეუღლე.

- ალბათ უამრავი მილოცვა მიიღე...
- ძალიან. ტელეფონი არ გაჩერებულა!

- მოულოდნელი მოლოცვაც იყო?
- დიახ, იყო ასეთიც. თავიდან ვერც მივხვდი, ვინ რეკავდა. აღმოჩნდა ქართული ოჯახი, რომელიც აშშ-ში ათწლეულების წინ გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად იქ რესტორნების ქსელს ფლობს. მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი და გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ ძალიან გულთბილად კი მომილოცეს. მითხრეს, რომ სიხარულით მიმასპინძლებდნენ ამერიკაში და ასევე დამპირდნენ, რომ ზაფხულში საქართველოში ჩამოვლენ და დამასაჩუქრებენ. რითი? ეს ჯერ არ ვიცი. არ მიკითხავს. ესეც იყოს კიდევ ერთი სიურპრიზი ჩემთვის.

- შვებულება სად გაატარე?
- საქართველოში. ოჯახთან ერთად ბაკურიანსა და გუდაურში ვიყავით, თხილამურებით ვისრიალეთ. იქ საოცარი სილამაზე, სუფთა ჰაერია...

- ახალ წელს სად შეხვდი?
- შინ, ოჯახთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა. მართალია, ახალი წლის დადგომის შემდეგ მალევე სასტუმროს რესტორანში გადავინაცვლეთ, სადაც საქართველოს საუკეთესო მომღერლებმა დიდი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.

- ცოტა ხნის წინ ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 48 გუნდი ითამაშებს. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ?
- ორივე ხელით მხარს ვუჭერ! ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩემია, ეს კარგი შესაძლებლობაა, ბოლოს და ბოლოს გააღწიოს პლანეტის უმთავრეს ტურნირზე. დღეს ობიექტურად გვიჭირს გრანდებთან ჯგუფში პირველობისთვის ჭიდილი, კვოტის გაზრდასთან ერთად კი ჩვენი შანსებიც იზრდება.

- ზამთრის შეკრების პირველი დღეების შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
- შვებულების წინ ფეხბურთელებს გარკვეული დავალებები მოგვცეს, რომელიც ბოლო კვირაში უნდა შეგვესრულებინა. ეს იმისთვის, რომ შემდეგ იოლად შევწყობოდით საწვრთნელ პროცესს. ოღონდ, ის დავალება ახლოსაც ვერ მივა იმ დატვირთვებთან, რომელსაც აქ, შეკრებაზე ვიღებთ. არ დავმალავ, ძალიან მძიმეა, მაგრამ პირველი კვირა ყოველთვის ყველაზე რთულია. შემდეგ ნელ-ნელა შემსუბუქდება. ხვალ რაღაც ტესტი დავგეგმეთ სირბილში. უწინ ასეთი არასდროს გამივლია. ის ბიჭები კი, ვისაც უკვე აქვს ასე ნარბენი, ამბობენ, რომ მეექვსე წუთიდან "კვდები" (იცინის).

Sportall.Ge

- აბუ-დაბიში ცოლ-შვილთან ერთად ხარ. შეკრებაზე ფეხბურთელებს ოჯახებით წამოსვლის ნება რომ დაგრთეს, ეს მუშაობაში გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა და თან როგორ?! მეორე ვარჯიშის შემდეგ თითქოს ძალა საერთოდ აღარ გრჩება, მაგრამ როდესაც გახსენდება, რომ ნომერში ცოლ-შვილი გელოდება, სული გითბება (ეღიმება). ყველაზე ახლობელ ადამიანებთან დალაპარაკებისთანავე ენერგია გემატება. ოჯახი საუკეთესო საშუალებაა ძალების აღდგენისთვის.

ჩემს კარიერაში პირველად ვარ შეკრებაზე ოჯახთან ერთად და მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელობას. მე ეს ძალიან მეხმარება.

- ეს შენთვის პირველი შეკრება "კრასნოდარის" რიგებში...
- გასული წლის სექტემბერში ისე მოვედი გუნდი, საერთოდ არ გამივლია არანაირი შეკრება. შესაბამისად, არც ფიზიკურად ვიყავი საუკეთესო ფორმაში. პრაქტიკულად, კვირაში ორი მატჩის ჩატარება გვიწევდა, ვარჯიშისთვის კი დრო თითქმის არ რჩებოდა. ამის გამო ვერაფრით ვახერხებდი ოპტიმალურ ფორმაში შესვლას და ვერც ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებდი. ახლა კი მაქვს საშუალება სრულფასოვანი შეკრება გავიარო, კარგ ფიზიკურ კონდიციებში ჩავდგე და ვაჩვენო ის, რაც შემიძლია. შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი, გამოვიჩინო თავი და შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დღესდღეობით ოქრიაშვილი არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
odala
11:02 15-01-2017
0
თორნიკე გილოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! ასევე გილოცავ შობა -ახალ წელს, დაესწარი მრავალს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად, გამრავლდი და გაიხარე! ძალიან მიყვარს ის ფეხბურთი შენ რომ თამაშობ!
არჩილ ხოფერია
10:28 15-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული