"მორეირენშემ" ფინალში "ბრაგა" დაამარცხა და ქართველმა მეკარემაც პორტუგალიურ კლუბში პირველი ტიტული მოიპოვა.
- გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებულია [VIDEO]
"მორეირენშეს" ამ წარმატებაში მაკარიძემ მართლაც დიდი წვლილი შეიტანა - გიორგიმ, ჯერ იყო და, 1/4-ფინალში "პორტუსთან" ითამაშა შესანიშნავად, შემდეგ კი - 1/2-ფინალში, "ბენფიკასთან".
მიუხედავად სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშისა, მაკარიძეს ეროვნულ ნაკრებში შანსი არ ეძლევა, რაც ერთი შეხედვით, უცნაურა
- პირველ რიგში, გილოცავთ პირველ ტიტულს... კლუბს ლიგის თასზე აქცენტი თავიდანვე ჰქონდა გაკეთებული თუ "პორტუს" დამარცხების შემდეგ ირწმუნეთ, რომ ეს შეგეძლოთ?
- არა, აქცენტი არ გვქონია თასზე გაკეთებული. ამ ტურნირზე მწვრთნელი იმ მოთამაშეებს აძლევდა სათამაშო დროს, ვისაც ჩემპიონატში არ უწევდა გარჯა. ნახევარფინალში "ბენფიკასთანაც" კი ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა... ყველას გვეგონა, რომ წავაგებდით, მით უმეტეს, რომ "ბენფიკა" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ანგარიშს წინასწარ ვერ განსაზღვრავ.
მხოლოდ დღეს ვირწმუნეთ, რომ თასის მოგება შეგვეძლო. ხომ ხვდებით, ძალიან საბრალოები ვიქნებოდით, "პორტუსა" და "ბენფიკას" დამარცხების შემდეგ, ფინალში რომ წაგვეგო. მართლა ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა...
- ბოლო შეხვედრებს მართლაც უმაღლეს დონეზე ატარებ. როგორ ფიქრობ, ფორმის პიკში ხარ?
- ჩვეულ ფორმაში ვარ. საერთოდ, სტაბილურობა მახასიათებს, უბრალოდ, წელს ისე ხდება, რომ ბურთი იქ მიდის, სადაც მინდა (იცინის).
- კლუბს ახლა მთელი აქცენტი ჩემპიონატზე ექნება...
- კი, უმაღლეს ლიგაში დარჩენა დავისახეთ მიზნად და დიდი ალბათობით, დავრჩებით კიდეც.
- პორტუგალიის ჩემპიონატზე რას გვეტყვი?
- აქ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ და ტრამპლინისთვის იდეალური ჩემპიონატია. ხალხს ფეხბურთის გარდა, არაფერი აინტერესებს. ერთი ისაა, რომ ფეხბურთი აქაურებისთვის სამ ნაწილად იყოფა: "სპორტინგად", "პორტუდ" და "ბენფიკად". ამიტომაა, რომ მხოლოდ ამ გუნდების თამაშებზე ივსება სტადიონები, გინდ შინ თამაშობდნენ და გინდ - გასვლაზე.
- სატრანსფერო ფანჯარა იხურება და გასაგებია, რომ აღარსად გადახვალ, მაგრამ ხომ არ გქონდა საინტერესო შემოთავაზებები?
- ჯერჯერობით არა. ვნახოთ, იმედია, ზაფხულში მექნება.
- მიუხედავად კარგი თამაშისა, ეროვნულ ნაკრებში ადგილი დღემდე ვერ დაიმკვიდრე... რისი ბრალია ეს?
- სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არც მე ვიცი. მწვრთნელის პრეროგატივაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ვფიქრობ, ერთ ამხანაგურ მატჩში თამაშს მაინც ვიმსახურებდი.
- როგორ ფიქრობ, ახლა მაინც მოგეცემა შანსი ნაკრებში?
- და რატომ გგონიათ, რომ ეს წარმატება რამეს შეცვლის? თქვენ გგონიათ, ვაისი ჩემს თამაშებს უყურებს? თუ ასეა, ცდებით. ამ მხრივ ძალიან გულნატკენი ვარ, იმედიც კი არ მაქვს, რომ ვაისი ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებას მომცემს. ეგ კი არა, დიდი ალბათობით, აღარც გამომიძახებს...