[აქტუალურ თემაზე] რას შემატებს ქართულ ფეხბურთს ვიზალიბერალიზაცია

AutoSharing Option
ქართველებისთვის ევროპა გაიხსნა - 2 თებერვალს ევროპარლამენტმა ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ შენგენის ზონის 22 ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი), შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) და ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.

ვიზა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად დაგვჭირდება. მართალია, ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება აპრილში ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და
ამის შემდეგ მე-20 დღეს ამოქმედდება, მაგრამ საეჭვოა, ეს გადაწყვეტილება დაბლოკონ...

ამგვარად, საქართველოს მოქალაქეებს საგრძნობლად გაუადვილდებათ ევროპაში ტურიზმის, მკურნალობისა და დასვენების მიზნით გამგზავრება, საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა...

ცხადია, ვიზალიბერალიზაცია ქართული ფეხბურთისთვისაც წინგადადგმული ნაბიჯია და ევროპელებთან დაახლოებაში დაგვეხმარება. ამით ბევრი რამ შეიცვლება, რადგან არაერთი ბარიერი არსებობდა. საქმე ისაა, რომ ტურნირებსა და ოფიციალურ თამაშებზე ჩვენი კლუბები და ნაკრებები დაუბრკოლებლად გაემგზავრებიან, ითამაშებენ და კავშირებს დაამყარებენ. საფეხბურთო სკოლები ტურნირებზე ივლიან და ევროპაში საჭირო გამოცდილებას მიიღებენ, მწვრთნელები სემინარებსა და სტაჟირებაზე ივლიან.

ჩვენ არც ვიზის შესყიდვა მოგვიწევს, ხოლო გულშემატკივრები ჩვენებისა თუ სხვა საინტერესო თამაშებს ევროპაში იხილავენ.

მაგალითის სახით, გეტყვით, 2013 წელს, ფარერის კუნძულზე ჩასასვლელად და "სტრეიმურთან" სათამაშოდ, თბილისის "დინამოს" დანიის ვიზა ბოლო მომენტში მისცეს, ხოლო ვიზების შესყიდვა 7 500 ევრო დაუჯდა.

ეს გადაწყვეტილება სხვა მხრივაც წაგვადგება. მაგალითად, ბოლო მომენტში ვინმეს ტრავმა რომ მიეღო და არაევროკავშირის ქვეყნიდან გამოძახება დასჭირვებოდა, დაჩქარებული წესით ვიზას ვერ იღებდა.

ფეხბურთელები ის კატეგორიაა, რომელთაც ევროკავშირში სამუშაო ვიზა ჰაერივით სჭირდებათ. დღეს არსებული შეზღუდვებით, 18 წლამდე ქართველ ფეხბურთელს არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კლუბებთან კონტრაქტის გაფორმების უფლება, ამა თუ იმ ევროპულ კლუბში კი რამდენიმე (ბევრი არა) ქართველი სამუშაო ვიზის არქონის გამო ვერ ჩაირიცხა.

მაგალითად, წლების წინათ ლევან ყენია "ლევანტეში" იურიდიული პრობლემების გამო ვერ ჩაირიცხა. მაგრამ ვიზალიბერალიზაცია ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას არ ცვლის.

"უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას არ იძლევა", - ეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის სიტყვებია, რომელიც 2015 წელს თქვა. ამის მიუხედავად, ვიზალიბერალიზაცია არის იმედი, რომ სამართლებრივად ვითარება ამ მიმართულებითაც დარეგულირდება.

დამაიმედებელი პრეცედენტები სხვადასხვა სახეობებში უკვე გაგვაჩნია. მაგალითად, ქართველი ლეგიონერად არ ითვლება ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში, ხოლო უცხოელის სტატუსი ჩვენს ფეხბურთელებს უნგრეთში არ გააჩნიათ. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ ქვეყნების შესაბამისმა სპორტულმა ფედერაციებმა გაითვალისწინეს.

ბელგიური სააგენტოს ქართველი წარმომადგენელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობია ამბობს, რომ მომხდარი ბევრ პრობლემას მოხსნის:

"გარკვევით ითქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია სამუშაო ვიზას არ შეეხებოდა - ევროპაში დარჩენა მხოლოდ 3 თვე შეგვიძლია. თუმცა კარგია, რომ ვიზა აღარ დაგვჭირდება და უპრობლემოდ გადაადგილების უფლება გვექნება. ეს ყველაფერი კი უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია და დრო გვაჩვენებს, მომავალში ეს გადაწყვეტილება სამუშაო ვიზების გაცემაზეც აისახება თუ არა".

ჯაკობია საფრანგეთში არსებულ პრეცედენტზე გველაპარაკა:

"თუმცა, ვიტყვი, რომ საფრანგეთში ქართველები ლეგიონერებად ისედაც არ ვითვლებით. რატომ და როდის შემდეგ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია. ეს კი დამაიმედებელი პრეცედენტია - იქნებ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იგივე მოხდეს. ეს ჩვენი ფეხბურთელების წასვლის წინა პირობა იქნება.

მაგალითად, ბელგიაში ფეხბურთელის მინიმალური ხელფასი 90 ათასი ევრო უნდა იყოს, ხოლო არაევროკავშირელზე დამატებითი გადასახადია. ამხელა ფულს ვინ გადაიხდის, თუ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არის? უცხოელის სტატუსის მოხსნა კი დიდი შეღავათი იქნება".

მალხაზ მუსერიძე, მენეჯერი:
"ამ ყველაფერს ერთი დიდი პლუსიც აქვს - როცა ევროპელები რომელიმე ქართველი მოთამაშით დაინტერესდებიან, ან საქმიანი შეხვედრა დაგვჭირდება, ვიზისთვის საკონსულოს რიგში დგომა არ დაგვჭირდება. ავიღებთ თვითმფრინავის ბილეთს და გადავფრინდებით. ამის გამო კი პრობლემები იქმნებოდა.

მაგალითისთვის გეტყვით შემთხვევას, რომელიც ერთი ქართველი ფეხბურთელის თავს მოხდა. დილით დამიკავშირდნენ და ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოხატეს. ისე მოხდა, რომ ვიზა სასწრაფოდ ავიღეთ და საღამოს ავსტრიაში ვიყავით. მაგრამ ეს შაბათი ან კვირა რომ ყოფილიყო, საელჩო დაკეტილი იქნებოდა, ვიზას ვერ მივიღებდით და ამ ორ დღეში ავსტრიელები სხვა მოთამაშეს შეუთანხმდებოდნენ.

არის მომენტი, როდესაც ერთი დღეც ყველაფერს წყვეტს და სასწრაფოდ თუ არ გადაფრინდი, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. რომ იცოდეთ, ეს ბარიერები არაერთ გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას გვიქმნიდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ევროპელებმა საქართველოს მიმართ ყურადღება შეამცირეს".

მოკლედ, ამ მხრივ პოზიტივი გამოჩნდა და მალე ვნახავთ, როგორ გავლენას იქონიებს ის ქართველი ფეხბურთელების მომავალზე. კარგი იქნება, თუ ამ სიაში დიდი ბრიტანეთის სამეფოსა და ირლანდიის ვიზებიც იქნება გათვალისწინებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
dudu!ნაკრების მწვრთნელი ამბობს, უბურთოდ თამაში უნდა ვასწავლო გუნდის ლიდერებსო! გესმით, რაზეა ლაპარაკი?

მესმის და ფედერაციას მაგ პრობლემის მოგვარებას გარანტიით, უფასოდ და მოკლე დროში ვთავაზობ, მაგრამ...

გულშემატკივრების აქტიურობის გარეშე ამ საქმეს არაფერი ეშველება და ამ შესარჩევსაც მომავალი ტურნირის ვითომ მოსამზადებლად გამოიყენებენ.
გუჯა კახაძე
18:16 11-02-2017
0
მაინტერესებს ევროპაში უვიზოდ ჩასულ ჩვენს კლუბებს ან ნაკრებს თუ ექნებათ თამაშის უფლება ეს შეეხება კალათბურთელებსაც ჩოგბურთელებსაც...ყველა პროფესიონალი სპორტსმენის თამაში ხომ მუშაობაა
მურთაზი
16:59 11-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული