გიორგი ჭანტურიას შემდეგ ის "საბურთალოს" აღზრდილი მეორე ფეხბურთელია, რომელიც ამ კლუბის ფორმას მოირგებს. "ურალი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ტაბიძე ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთთან და იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოსცადა. ამის შემდეგ ცენტრალური მცველი რუსეთის პრემიერლიგელის შემადგენლობაში კვიპროსულ შეკრებაზე "უფასთან" საკონტროლო შეხვედრაში გამოჩნდა.
ტაბიძე "ურალში" სინჯებზე არ წასულა - მისით
საბოლოოდ, ამ ორი ვარიანტიდან ტაბიძისთვის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდნენ და 9 თებერვალს ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა კიდეც.
"ყველაფერი გარკვეულია. "ურალში" ივნისამდე იჯარით ვითამაშებ. კლუბები ერთმანეთში შეთანხმდნენ, მე კი ეკატერინბურგელებთან ხელშეკრულება დღეს (ხუთშაბათს - ავტ.) გავაფორმე.
მიმაჩნია, რომ ჩემთვის, როგორც 20 წლის ფეხბურთელისთვის, რუსეთის პრემიერლიგაში თამაში ძალიან სასარგებლოა.
"ურალში" ზაფხულამდე ვრჩები. წინასწარ ვერ გეტყვით, ამის მერე რა იქნება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს", - ამბობს ტაბიძე, რომელსაც გუშინ დავუკავშირდით.
დავინტერესდით იმითაც, თუ როგორ დათანხმდნენ ბელგიელები ასეთ წამგებიან (ქართველ მცველს "გენტთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება) გარიგებაზე? ტაბიძემ "ლელოს" ამაზეც უთხრა:
"ფაქტია, რომ ახლა ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც მე მინდოდა. "ურალში" 6-თვიანი იჯარით ვითამაშებ, ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდები და მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი კარიერაში წამადგება.
ბელგიელები კი იჯარას იმიტომ დათანხმდნენ, რომ არ უნდოდათ, რომ ჩემი წინსვლისთვის ხელი შეეშალათ. ამისთვის "გენტის" მადლიერი ვარ და, ბუნებრივია, მენეჯერებისაც, რომლებმაც საკითხი მოაგვარეს".
ლაშა ჯაკობია, მენეჯერი:
"მოლაპარაკება ძალიან დიდხანს, ლამის 18 საათი გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. "ურალის" პრეზიდენტს სურდა, რომ 1,5-წლიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა და მზად იყო, ბელგიელებისთვის საკომპენსაციო თანხა გადაეხადა.
მაგრამ მისმა მრჩეველმა ვალერი ოგანესიანმაც აუხსნა, რომ ნახევარწლიანი იჯარა აჯობებდა. რეალურად, ნახევარ წელზეც არ არის ლაპარაკი, ჯიმი იჯარით სულ 4 თვე ითამაშებს.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ტარხანოვსაც შევხვდი. ის ტაბიძეზე დიდ იმედებს ამყარებს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ გამოუცდელია - ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ტოპ-მცველი გახდეს და შანსი მიეცემაო. თან რუსულ ფეხბურთს შეეჩვევა, დაკაცდება, გამოცდილებას შეიძენს, ისწავლის და ფიზიკურად გაძლიერდება.
ტაბიძე ამით მხოლოდ მოიგებს, არაფერს წააგებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"