ვანო წილოსანი: ქართულ ფეხბურთს ვერაფერი გავუგე!..

AutoSharing Option
ახალი სეზონი დაიწყო და გუნდებიც დაკომპლექტდნენ. მაგრამ არც ერთი ქართული კლუბის შემადგენლობაში არ ჩანდა ვანო წილოსანი - ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელიც ჯერ თბილისის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ - "გურიასა" და ქუთაისის "ტორპედოში".

"ლელოსთვის" ცნობილი იყო, რომ 21 წლის თავდამსხმელი თურქეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ დეკემბრის შემდეგ მისი ასავალ-დასავალი დაიკარგა და ახლაღა აღმოვაჩინეთ.

ვანო წილოსანმა "ტორპედოს" სეზონის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ის ქუთაისურ გუნდში 2015/16 წლების სეზონის მეორე ნახევარში მიიწვიეს, როდესაც 19 წლის ბიჭი "გურიაში" კარგად
ათამაშდა და ლანჩხუთელთა კაპიტანი და ლიდერი გახდა, გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე მიღებულმა ტრავმებმა კი ნიჭიერ შემტევ ნახევარმცველს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა...

და აი, აღმოჩნდა, რომ წილოსანი ახლახან თურქეთის III ლიგის კლუბ "ქეფეზ ბელედიესფორში" ჩაირიცხა, შეკრებაზე მყოფი "ტორპედოს" სამ საკონტროლო თამაშს დაესწრო და ყოფილ თანაგუნდელებს აქტიურადაც უქომაგა.

ცხადია, დავინტერესდით, ნიჭიერი ახალგაზრდის თურქული ტრანსფერით. წილოსანს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. მან ქართულ ფეხბურთზე თავისი გულისტკივილი არ დამალა, თურქეთზე კი საინტერესო ამბები გვითხრა:

- აპრილამდე ვითამაშებ ანტალიურ გუნდში, რომელიც მესამე ლიგაში გამოდის. აქ კარგად მოვეწყვე. ჩემ გარდა, გუნდში "გურიას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, გიგა ჭეიშვილი თამაშობს და მიხარია, გვერდში ქართველი რომ მყავს.

- ქართული კლუბებისგან არავინ გიწვევდათ?
- რეალური არაფერი იყო, თურქეთში კი, ამ ეტაპზე, ყველაფერი მაწყობს. ვარჯიშები და თამაშები იმდენად კარგ პირობებში გვიტარდება, მიკვირს, რანაირად არის ეს მესამე ლიგა. ტყუილს არ ვიკადრებ და არ ვიტყვი, რომ სასწაული დონეა. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მიღირდა. ენასაც ვსწავლობ, თურქულ ფეხბურთს ვეგუები... მერე და მერე კი წინსვლაზეც შეიძლება ფიქრი...

საქართველო კი ჩემთვის მტკივნეული თემაა. ფეხბურთი მიყვარს და თამაში მინდა, შრომა არ მეზარება და მონდომებაც არ მაკლია. ალბათ, პატარა პერსპექტივაც მქონდა, მაგრამ დიდი მცდელობების მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს ვერაფერი გავუგე.

- მაინც რა ვერ გაუგეთ?
- მაგალითისთვის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელებთა ნაკრების ამბავი გავიხსენოთ. ჩვენს ბიჭებზე ბევრჯერ დაწერილა. პარალელებს იმ ფეხბურთელებთან ავლებენ, რომელთაც იოლად ვუგებდით და უკვირთ - ნახეთ, ისინი სად არიან და ჩვენს ბიჭებს კი რა სჭირთ, რატომ ვერ იზრდებიანო? იმიტომ ვერ იზრდებიან, რომ ჩვენთან თამაში კი არა, წამებაა.

- საქართველოში რთული პირობებია, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ფეხბურთელის გაზრდა მაინც შესაძლებელია...
- რა თქმა უნდა, მაგრამ პირობები ორ-სამ კლუბს აქვს, 1000 ლარზე მეტს რომ იღებ, გამადლიან. კულისებშიც ბევრი არასასიამოვნო ამბავი ხდება და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი გბეზრდება. ძალიან მინდა, რომ ჩვენს ფეხბურთს ეშველოს, მაგრამ საამისოდ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

- იქნებ, თავად რაღაც ვერ გააკეთე ისე? მიზეზი საკუთარ თავში თუ ეძებე?
- ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და ყველაზე კრიტიკულად განწყობილ მწვრთნელზე უფრო კრიტიკულიც კი ვიყავი - ვფიქრობდი, რომ საქმეს რაღაცას ვაკლებდი, ფორმაში არ ვიყავი, ჯერ სხვას ვერ ვჯობდი და ასე შემდეგ. მაშინაც კი ასე ვამბობდი, როცა თითქოს ასეთი აზრი არ უნდა მქონოდა. მაგრამ ბევრმა ფაქტორმა გული ამიცრუა.

კი ბატონო, ვიტყვი, რომ უკანასკნელი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ორპირობა და ფარისევლობა მხვდებოდა. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. თავი როგორ ამეყვანა და უმსგავსობაზე უემოციოდ როგორ დავრჩენილიყავი? მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ურთიერთობასაც ვერაფერი გავუგე.

ფილმებში ხომ ყველას გვინახავს, სისტემას რომ ებრძვიან, ხანდახან მიფიქრია, ჩვენც ასეთი გვჭირდება-მეთქი.

- ანუ?
- ერთი კაცი მაინც უნდა გამოჩნდეს და ბოლომდე შეასკდეს, რომ ვიღაც დაინტერესდეს, ჩვენს ფეხბურთსა და გუნდებში რა უბედურება ტრიალებს. ფაქტია, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს. 21-ე საუკუნეა, ინტერნეტის ეპოქაა და ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში ფეხბურთისადმი მიდგომა შეიცვალა. გუნდს ანადგურებენ და პასუხს არავინ აგებს.

ქართველი ფეხბურთელი ვიცი, კონტრაქტი ჰქონდა და ამის მიუხედავად, კლუბი ხელფასს წელიწადი და 7 თვე არ უხდიდა. ასეთ დეტალებს რომ გავყვეთ, ძალიან შორს წავალთ.

- თურქეთში ამ კუთხით როგორი მდგომარეობაა?
- უცხოეთში ვარ, მაგრამ ბევრად უფრო მშვიდად ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან თურქეთში ფეხბურთისადმი ბევრად უკეთესი დამოკიდებულებაა. წარმოიდგინეთ, მე-3 ლიგაში ვთამაშობ და აქ ყველაფერი დალაგებულია.

წინა ტურში გასვლაზე ვითამაშეთ და ტრიბუნებზე 20 ათასამდე კაცი იყო, გამიკვირდა, ეს სად ვარ-მეთქი. ისეთი სტადიონები და ბაზები აქვთ, ჩვენთან მხოლოდ "დინამო" რომ დაიკვეხნის. კარგ პირობებში ვვარჯიშობ, გუნდის ბაზაზე სპორტსმენის კვებაა, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა ათას რამეზე აღარაფერს ვამბობ. და ეს მესამე ლიგაშია! აქაც კი თავს ფეხბურთელად გრძნობენ. ზოგიერთი ისეთია, ჩვენს პირველ ლიგასაც რომ არ გააკარებდი.

ამ ყველაფრის შემდეგ რომ მახსენდება, საქართველოში რა ხდება, გული მიკვდება.

- უკეთეს გუნდში გადასვლის ვარიანტი თუ გაქვთ?
- ეს აპრილის შემდეგ გაირკვევა. ახლახან ერთწლიანი შრომის ვიზაც ავიღე და ამავე ლიგის 3 გუნდი მიწვევს, რომელთაც გადასვლა უნდათ და დიდ ფულს იხდიან.

- თურქეთის მესამე ლიგაში ასეთი რა ფულია?!
- სერიოზული ფული აქვთ და ვერ ითვისებენ. აქ გამორჩეულ ფეხბურთელებს წელიწადში 55 ათას ლარზე მეტს უხდიან. სამწუხაროდ, ასეთი პირობები საქართველოში უმაღლესი ლიგის კლუბებსაც იშვიათად აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
-ამ ქვეყანაში არც ფეხბურთი, არც ეკონონიკა , არც სოფლის მეურნეობა და არაფერი არსებობს.
zoro.
12:17 12-03-2017
0
აშკარად ტორპედოზეა განაწყენებული და კლუბის ხელმძღვანებლებზე კიდევ ერთი "საქებარი სიტყვები გაიცა" სასწრაფოდ დატოვეთ კლუბი ერთი წესიერი სპონსორი არ აღირსენ კლუბს და რა შედეგებზეა საერთოდ ლაპარაკი რაც შეეხება დანარჩენ თემებზე ყველაფერი ამის საწინდარი კი ქვეყნის საერთო ეკონომიკური სუსტი ვითარებაა რაც ფეხბურთზეც ლოგიკურად ასახულია ფულია საჭირო ფული ძლიერი ჩემპიონატისა თუ სხვა საფეხბურთო მეურნეობების განსავითარებლად და ჰაერზე არაფრის მთქმელი განცხადებები არაფერს არ შეცვლის ინფრასტრუქტურა ქარიშხალი არ არის უცებ რომ ამოვარდეს და სტადიონები ბუნების განგებამ აგვიშენოს ამასაც ფული სჭირდება და საკმაოდ დიდი თანხები სხვა რამეზე ლაპარაკი უბრალოდ უადგილოა ფინანსების სიმწირის გამო ვერაფერს ვერ გავხდებით მინიმუმ საქართველოში პირველ ეტაპზე საფეხბურთო თვალსაზრისით მინიმუმ ნახევარი მილიარდი სჭირდება საფუძველი რომ ჩაყარო და შემდეგ კიდევ ერთი ამდენი და 5-6 წელია საჭირო რომ რაიმე შედეგს დაელოდო როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე გუნდების აბსოლიტური უმრავლესობა ყანებში თამაშობს და ხალხი გამოდის და შედეგებს ითხოვენ სახელმწიფომ უნდა გაინძრეს და გაიმეტოს ფული სპორტის ნომერი პირველი სახეობისთვის არაფერს ისეთი სიამოვნების მონიჭება არ შეუძლია როგორც შენი ქვეყნის თუ ქალაქის საფეხბურთო გუნდების მნიშვნელოვან წარმატებას
shetelok
14:21 11-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული