[ექსკლუზივი] "ყველანაირად ეცადნენ ფსიქოლოგიურად ჩემ გატეხვას..."

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ყაზანის "რუბინიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით გადავიდა. საბა იქ სამ თვეს გაატარებს, რის შემდეგაც მოსკოვურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ყაზანში კი, როგორც ჩანს, კვირკველიაზე საბოლოოდ უარის თქმას არ აპირებენ. კლუბის პრეზიდენტის თქმით, "რუბინს" მომავალში ქართველი მცველის იმედი აქვს.

- "რუბინის" სპორტული დირექტორი: მომავალში საბა კვირკველიას იმედი გვაქვს!

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საინტერესოა თავად ფეხბურთელის პოზიცია. კვირკველიას რუსეთში დავუკავშირდით და სხვა საკითხებთან ერთად, ამაზეც ვესაუბრეთ.

- "რუბინი" ბოლო წუთამდე არ გელეოდა. საბოლოოდ, რატომ დათანხმდა
შენ გაშვებას?
- ნამდვილად არ უნდა "რუბინს", ხელფასი უხადოს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც სკამზე უზის და არ თამაშობს. თანაც, მეც ვთხოვე გაშვება და ესეც გაითვალისწინეს.

- "რუბინის" პრეზიდენტმა თქვა, კვირკველიას იმედი მომავალში გვაქვსო, თუმცა "ლოკომოტივს" შენი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს. თუ ზაფხულში "რუბინს" დასჭირდი, როგორი იქნება შენი პოზიცია?
- დღეს "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ. ასეთ კლუბსა და კოლექტივში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ უკვე 1-2 წელია ვთამაშობ და ძალიან მინდა, იჯარა, მინიმუმ, სამი წელი გაგრძელდეს.

- ხარ თუ არა ოპტიმალურ ფორმაში? საკმაო ხანი არ გითამაშია...
- ორი დღის წინ თამაში გვქონდა და კარგად ვითამაშე. შესაძლოა, მთლად 100%-ით მზად არ ვიყო, როგორც ადრე, როცა ზედიზედ 130 მატჩი ჩავატარე, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებ უწინდელ სათამაშო ფორმას.

რუსეთის ჩემპიონატში ბოლოს ექვსი თვის წინ ვითამაშე. მას მერე ჩემზე ბევრი ცუდი ითქვა - ისიც თქვეს, ცუდი მცველიაო... ყველანაირად ეცადნენ ჩემ ფსიქოლოგიურად გატეხვას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- ჩემპიონატის პირველივე მატჩი სასტარტოში დაიწყე და შეუცვლელად ითამაშე. "ლოკომოტივში" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაგპირდნენ?
- "ლოკომოტივი" "რუბინზე" მაღალი თუ არა, მინიმუმ მისი დონის კლუბი მაინცაა და დაპირებებს აქ არავინ იძლევა. მთავარ მწვრთნელთან მქონდა საუბარი, მითხრა, რომ შემეძლო მის გუნდს გამოვდგომოდი, ამიტომაც დავთანხმდი ამ წინადადებას. დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. მწვრთნელმა ალბათ ვარჯიშებზე დაინახა ჩემში ის, რის გამოც სასტარტოში დამაყენა.

- შენს პოზიციაზე რამდენად დიდი კონკურენციაა "ლოკომოტივში"?
- იმაზე ხუთჯერ დიდია, ვიდრე აქამდე სადმე მქონია. აქ ჩორლუკა და პეიჩინოვიჩი თამაშობენ. ყველას მოგეხსენებათ, თუ რა დონის მცველები არიან. ჩორლუკა თავის პოზიციაზე რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მცველად მიმაჩნია.

სათამაშოდ მატჩიდან მატჩამდე მომატება და კარგ ფორმაში ყოფნა მმართებს. ის, რომ "კრილია სოვეტოვს" 3:0 მოვუგეთ, არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ მატჩშიც სასტარტოში ვიქნები. არ მაქვს ამის გარანტია, ამიტომ ვაგრძელებ ისევ იმ ტემპებით ვარჯიშს, როგორც აქამდე, რომ ისევ ძირითადში ვიყო.

Sportall.Ge
ფოტოზე: საბა კვირკველია და გიორგი ლორია თამაშის წინ

- წელს კლუბის მიზანი რა იქნება?
- პირველ რიგში, რუსეთის თასის მოგება. ჩემპიონატში კი ხედავთ, როგორი სიტუაციაა, მეოთხეადგილოსანთან სხვაობა სულ რაღაც ოთხი ქულაა. "ლოკომოტივის" ამოცანა ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იყო და ახლაც ასეა.

- ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. სერბეთთან მნიშვნელოვანი თამაში ახლოვდება. როგორ შეაფასებდი შანსებს?
- კარგად ნახავდით, რომ თამაში აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან შეგვიძლია, რა დონისაც უნდა იყოს ის. მაგალითისთვის უელსთან გასვლით მატჩს მოვიყვან, სადაც აუცილებლად მოსაგები თამაში გვქონდა. ვფიქრობ, უელსისთვის მაშინ ის ერთი ქულა სამის ტოლფასი იყო.

- ანუ სერბეთის დამარცხება შეგვიძლია?
- რა თქმა უნდა. რომ არ შეგვეძლოს, ფეხბურთელები არც ჩამოვიდოდით ნაკრების შეკრებაზე...
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები საბა! ლოკო ყოველთვის აფასებდა კარგ ქართველ ფეხბურთელებს და მისი მწვრთნელი იური სიომინი. გირჩევდი მასთან დარჩენას და შედეგები მალე მოვა.
tyeshelaant giji
15:38 08-03-2017
0
საბა არა მგონია ყაზანის რუბინში დაბრუნება ღირდეს, ვერ დაგაფასეს და აწი აქეთ რომ გსდიონ, ეგრე მოუხდება მაგათ, იტეხონ და იჩეჩქვონ თავიანთი გამოქლიავებული თავები, სჰენ წარმატებებს გისურვებ , კაცური კაცი ხარ, ნამდვილი ქართული გულით და სულით, გაიხარე, გისურვებ მალე დაგევიწყებიოს ყაზანის კოშმარი, შენ საქართველოს ნაკრებს ჭირდები!
giorgi
14:34 08-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული