გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებიდან "შახტარის" მთავარ გუნდში დავბრუნდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 მარტიდან წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სერბეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს, 28-ში კი ამხანაგურ მატჩში ლატვიას უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ შეხვედრებისთვის გუნდში დონეცკის "შახტარის" 19 წლის შემტევ გიორგი არაბიძესაც უხმო. შეგახსენებთ, რომ ვაისმა არაბიძე ეროვნულ ნაკრებში პირველად გასულ წელს, მოლდოვასთან (1:1) მატჩისთვისაც გამოიძახა, მაგრამ იმ შეხვედრაში გიორგის თამაშის საშუალება არ ჰქონია.

Sportall.ge არაბიძეს უკრაინაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- "შახტარის" პირველ გუნდთან
ერთად ზამთარში ერთი შეკრება გაიარე, მეორეზე კი აღარ წაგიყვანეს. რატომ?
- ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ, კლუბი იმ პერიოდისთვის უკვე მთლიანად ევროპალიგაზე იყო გადართული. ახლა ეროვნული ნაკრებიდან რომ დავბრუნდები, ისევ პირველ გუნდში ვითამაშებ. აქამდეც უნდა გადავსულიყავი, მაგრამ ტრავმა მივიღე, რის გამოც ისევ დუბლებში დავრჩი. ტრავმის გამო ორი თამაში დუბლებშიც გამოვტოვე, ახლა კი აღარაფერი მაწუხებს. ხვალ თამაში გვაქვს და ვიქნები.

- არც ისე დიდი ხნის წინ "შახტარიდან" იჯარით წასვლის ვარიანტზე თქვი, თუმცა, საბოლოოდ, დარჩი. რა შეიცვალა?
- კი, ასე იყო და წასვლა სათამაშო პრაქტიკის გამო მსურდა. პრაქტიკა მჭირდებოდა და დუბლებში გატარებული 6 თვე ძალიან გამომადგა. ახლა თავადაც ვგრძნობ, რომ მოვუმატე. მთავარია, საკუთარ თავში მხოლოდ პროგრესს ვგრძნობ, მაგრამ მინდა მთავარ გუნდში ვთამაშობდე. უკვე დროა, დუბლებში ამოვწურე ჩემი თავი, ვეღარ განვვითარდები.

დიდი იმედი მაქვს, "შახტარის" მთავარ გუნდში ნელ-ნელა დავიწყებ თამაშს და ფეხს მოვიკიდებ. ვნახოთ, რა იქნება. თუ არაფერი შეიცვალა, ზაფხულში კიდევ ერთხელ დავფიქრდები უკრაინის ჩემპიონატის რომელიმე სხვა კლუბში გადასვლაზე. არის ახლაც რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჩემი უპირველესი სურვილი "შახტარში" თამაშია და მხოლოდ შემდეგ სხვა კლუბებში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება...

- პირველად ეროვნულ ნაკრებში მოლდოვასთან ოფიციალური მატჩისთვის, 18 წლისა გამოგიძახეს. მას მერე ნაკრებმა უშენოდ ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა. ელოდი სერბეთთან მნიშვნელოვან შეხვედრაში გამოძახებას?
- ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. როცა ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ, უფრო მონდომებული უნდა იყო და ბევრი რამ დაამტკიცო.

ამხანაგურ თამაშებზეც ვიყავი გამოძახებული, მაგრამ არ ყოფილა სანაკრებო პაუზა, "შახტართან" ერთად შეკრებაზე ვიყავი და, შესაბამისად, კლუბმა არ გამომიშვა. გამოძახებას არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა.

- ნახავდი ეროვნული ნაკრების დატვირთვებს. ფიქრობ, რომ მზად ხარ ასეთი დატვირთვებისთვის?
- მაშინ, პირველად რომ ვთქვი, ეროვნული ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ-მეთქი, ფიზიკური მომზადება ვიგულისხმე. დუბლებში კარგად მქონდა მომატებული, შემდეგ პროგრესი პირველ გუნდში ყოფნის დროსაც განვიცადე. რამდენად ვარ მზად ნაკრებში სათამაშოდ, ამას მთავარი მწვრთნელი წყვეტს. მასთან უკვე მქონდა საუბარი, მაგრამ არ იქნება მართებული იმის თქმა, თუ რაზე ვისაუბრეთ.

- სერბეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის...
- კი და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და ამ მატჩის მოგებაში გულშემატკივარიც დაგვეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორად ფიქრობს გიორგი,19-20 წლის ფეხბურთელი წესით უკვე გუნდის ძირითადში უნდა ხვდებოდეს, ხანდახან მაინც.
სოსო
23:18 17-03-2017
0
ყოჩარ!
ესეთი თავდაჯერებული ფეხბურთელი მგონი ჯერ არ გვყოლია!
vova
16:04 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული