გიორგი ბერიძე: კაცების ფეხბურთში ბავშვურად ვერ ვითამაშებდი

AutoSharing Option
გიორგი ბერიძე "ტრენჩინს" ისე გაუშინაურდა, უკვე მის ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, სლოვაკეთის სუპერლიგის XXIV ტურში, "ტრენჩინმა" "სენიცას" უმასპინძლა და ფრეს (1:1) დასჯერდა. ქართველის გუნდი 54-ე წუთიდან რანჯელო იანგას გოლით დაწინაურდა, საგოლე გადაცემა კი ბერიძემ გააკეთა, თუმცა დამატებულ წუთებზე "ტრენჩინმა" დაცვაში დასანანი შეცდომა დაუშვა და ანგარიში გათანაბრდა.

ახლა ბერიძის გუნდი 29 ქულით 12-გუნდიან ლიგაში მე-6 პოზიციაზეა. ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ტრენჩინელთა შემადგენლობაში საუკეთესოდაც დასახელდა.

კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტებიდან ჩანს, რომ საგოლე მომენტების 90 პროცენტი ბერიძის
აქტიურობის შედეგად შეიქმნა. ამას გარდა, ერთ ეპიზოდში 19 წლის შემტევმა ორი მეურვე ჩამოიტოვა და ძელი შეაზანზარა.

გიორგის თქმით, სლოვაკეთის სუპერლიგას და მის თავისებურებას შეეგუა.

"ახალ ქვეყანასა და გუნდს ადვილად შევეგუე. ახალგაზრდული შემადგენლობაა და კარგად მიმიღეს. ინგლისურად მეც ვლაპარაკობ და ჩემი თანაგუნდელებიც, შესაბამისად, ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს.

სლოვაკურ ფეხბურთსაც შევეგუე. რაც მთავარია, აქ იმას ვიძენ, რაც ძალიან მჭირდებოდა. საკმაოდ სწრაფი ფეხბურთია, ბევრი ორთაბრძოლაა და ფიზიკურად ძლიერები არიან. ვგრძნობ, რომ ასეთი გარემო კარგად მოქმედებს და ვიზრდები", - ამბობს ბერიძე.

სლოვაკეთის ლიგა ტოპებისგან შორს არის, მაგრამ ბევრი 19 წლის ქართველი არ გვეგულება, ასეთი დონის ჩემპიონატში რომ თამაშობდეს. ოთხ ტურში ბერიძემ ერთი ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც ერთი მეორეზე ეფექტური იყო.

მაგრამ მთავარი სხვა რამ არის - ნაკრებში გიორგის პრობლემა ინდივიდუალიზმით მეტისმეტი გატაცება იყო, ბურთს ხელში რომ ჩაიგდებდა, პასის გაკეთება უჭირდა. ამის გამო, ერთხელ, 19-წლამდელთა შესარჩევი ციკლის თბილისური მატჩისას, გიორგი დევდარიანმა შეცვლაზე შესული ისევ სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა, იმ მოტივით, რომ ყველა ფეხბურთელს გუნდურ თამაშს სთხოვდა.

"ტრენჩინი"-"სენიცას" მატჩის ვიდეოფრაგმენტებიდან ყველაზე თავლშისაცემი ის იყო, რომ გიორგი სლოვაკეთში სწორედ გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა:

"ალბათ, ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ბავშვური ასაკიდან გამოვდივარ, გამოცდილებაც მემატება და, რაც მთავარია, კაცების ფეხბურთში რომ გადავედი, თამაშს სხვა თვალით შევხედე.

ეს გუნდური თამაშია და ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებ. პირიქით, გუნდური ფეხბურთით ინდივიდუალისტი გაცილებით უკეთ გამოჩნდები და ასეთი ფეხბურთი უფრო სასიამოვნოც არის. ამ კუთხით ბევრი რამ ბელგიაში თამაშის დროს შევიძინე, მაგრამ გადამწყვეტი მაინც "ტრენჩინში" გადმოსვლა აღმოჩნდა.

კაცების ფეხბურთში ბავშვურად ვერ ვითამაშებდი".

სლოვაკეთი ვლადიმირ ვაისის სამშობლოა და დავინტერესდით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერიძის თამაშებს თუ დაესწრო:

"პირადად, ვაისს არ შევხვედრივარ და დანამდვილებით არც ვიცი, ჩემს თამაშებს დაესწრო თუ არა. მაგრამ ბრატისლავაში ორი თამაში გვქონდა და რადგან უცხოეთში მოთამაშე ქართველებს თვალყურს ადევნებს, ალბათ, ჩემზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. თუმცა ზუსტად თქმა მაინც გამიჭირდება".

როგორც ცნობილია, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი ბელგიურ "გენტს" ეკუთვნის. შევიტყვეთ, რომ ამ კლუბს ბერიძის დაბრუნება სურს, ხოლო სლოვაკურ "სლოვანს" ბელგიელებისგან ტრანსფერის გამოსყიდვა. გიორგის ამაზეც ვკითხეთ:

"იჯარა ზაფხულში დასრულდება და "გენტში" უნდა დავბრუნდე. მაგრამ იქ მაშინ დავრჩები, თუ ძირითადში გადამიყვანენ. დუბლებში თამაში აღარ მსურს და თუ ისევ იგივე შემომთავაზეს, აღარ დავრჩები.

სად წავალ და სად ვითამაშებ, იმაზეა დამოკიდებული, "ტრენჩინში" ამ წრეს როგორ ჩავატარებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული