ნუკრი თბილისში, "დინამო არენაზე" საქართველო-სერბეთის ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რაც მოულოდნელი იყო - მართალია, "დაჩიაში" არ თამაშობდა და ამჯერად, ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა ამის გამო არ გამოიძახა, მაგრამ კიშინიოველები მზადებას აგრძელებდნენ. ასეთ დროს კი ფეხბურთელს თამაშზე დასასწრებად არავინ უშვებს.
აღმოჩნდა, რომ რევიშვილმა მოლდოვური კლუბი დატოვა. ცხადია, ამის
"მოლდოვიდან წამოვედი, რადგან იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. მეგონა, რომ ნორმალურ გუნდში მივდიოდი, მაგრამ იქ ჩვენზე მეტი საშინელება ხდება. შედარებაც არ შეიძლება, ფეხბურთის გარდა, ყველაფერია.
"დაჩიასთან" კონტრაქტი გავწყვიტე და თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვედი", - ამბობს რევიშვილი.
ბოლო სამ წელიწადში 30 წლის კიპერის უგუნდობის პერიოდი რომ დავთვალოთ, შესაძლოა, ერთი გამოუყენებელი სეზონი გამოვიდეს. მისი თქმით, ჯერ ახალ გუნდზე ლაპარაკი ნაადრევია:
"ყველამ იცის, რომ მოლდოვაში წავედი და გუნდში ვარ. კონტრაქტის გაწყვეტა კი სიახლეა, არავინ იცის და ცხადია, ჯერ არავინ დამკავშირებია. თუ ახლა რაიმე რეალური ვარიანტი არ გამოჩნდა, ზაფხულამდე უგუნდოდ დარჩენა მომიწევს".
რევიშვილმა კომენტარი სერბეთთან მატჩზეც გააკეთა:
"ისე ვღელავდი, სკამზე ჯდომა მიჭირდა. რა თქმა უნდა, თამაშის მოგების რეალური შანსი გვქონდა. ასე კარგად დაწყებული შეხვედრა იშვიათად მახსენდება. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ბოლო წუთს თუ არ ჩავთვლით.
სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მცირე შანსიც დავკარგეთ. ყველაფერი ბავშვური შეცდომების ბრალია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყოველი წაგება ქართული ფეხბურთის მომავალზე ცუდად აისახება.
არადა, ერთი შეხედვით, თითქოს, თამაშს ვახერხებთ, თითქმის ყველა მეტოქესთან წარმატებასთან ახლოს ვართ და ქულები უნდა აგვეღო. მაგრამ ბოლო მომენტში სულ რაღაც გვაკლდება და კარგი თამაში შედეგში არ აისახება".
"ლელო" გუგა ფალავანდიშვილსაც დაუკავშირდა - რევიშვილის მსგავსად, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმაც "დაჩიასთან" კონტრაქტი თებერვალში გააფორმა და კიშიონიოვურ კლუბში სეზონის ბოლომდე გაჩერდება.
მაგრამ 23 წლის ფეხბურთელმა "ლელოსთან" თქვა, რომ დროებით "დაჩიაში" ითამაშებს:
"ჩემს შემთხვევაში არაფერი შეცვლილა, გუნდში ვარ და სეზონის დასრულებას ველოდები. შემდეგ კი ახნას "ეთნიკოსს" დავუბრუნდები, რომელმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩემი დარეგისტრირება ცნობილი პრობლემების გამო ვერ შეძლო. იმედია, კვიპროსელები ამ საკითხს ზაფხულამდე მოაგვარებენ და გუნდს დავუბრუნდები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"