[ლეგიონის უქმეები] ებრალიძის გოლი, ბერიძისა და მერებაშვილის პასები [VIDEO]

AutoSharing Option
ავთო ებრალიძის გოლი პორტუგალიაში, გიორგი ბერიძის საგოლე პასი სლოვაკეთში და იგივე გიორგი მერებაშვილის შესრულებით პოლონეთში. სულ ეს არის ქართველ ლეგიონერთა მონაგარი ამ უქმეებზე...

იტალია, სერია A.
ორ თვეზე ოდნავ მეტი გამოუვიდა ფეხბურთისგან იძულებითი პაუზა ლევან მჭედლიძეს, რომელმაც "პესკარასთან" საშინაო მატჩის ბოლო 6 წუთი ითამაშა. მისი გამოჩენა ფეხბედნიერი გამოდგა "ემპოლისთვის", რომელმაც 7-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

იტალია, ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის (72-ე წუთზე გამოცვალეს) "ტუტოკუოიო" სტუმრად "კომოსთან" დამარცხდა - 0:2.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელმა "ნიურნბერგისა" და "ზანკტ პაულის" შეხვედრის ბოლო ნახევარი
საათი ითამაშა. მატჩი კი ქართველის გუნდმა შინ 0:2 წააგო მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერთან.

აკაკი გოგიას "დინამო" "ბრაუნშვაიგს" დღეს ესტუმრება.

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი აბურჯანიას ტრანსფერმა "სევილიაში" არ გაამართლა, ქართველი ფეხბურთელი "სევილიას" დუბლებშიც კი სათადარიგოა. მას "ელჩესთან" 2:3 წაგებულ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშია.

საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა უშუალო კონკურენტ "სტრასბურგს" 94-ე წუთზე პენალტი ვერ გაუტანა და მატჩი 1:1 მორჩა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესი" დაიქოქა - გუნდმა 4:2 სძლია "ჰეერენვერნს", რაც არნემელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძის კარში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა "ბენფიკამ". ეს მიტროღლუმ მოახერხა, თუმცა სტუმრებს ესეც ეყოთ "მორეირენშეს" დასამარცხებლად - 0:1.

პორტუგალია, სეგუნდა.
ავთო ებრალიძემ "პორტიმომენენშეს" გაუტანა, რაც მისთვის სეზონში მეორე გოლია, "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:1 იმარჯვა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ტურში რომან ჭანტურიას (68-ე წუთზე შეცვალეს) "ოლიანენსი" შინ 1:2 დამარცხდა "ვიზეუსთან" და დიდი ალბათობით, შემდეგ ტურში გავარდნას გაიფორმებს.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო მისი "რაპიდი" სტუმრად "რიდთან" განადგურდა - 0:3.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურს არ მიუღია მონაწილეობა მისი "კუფშტაინის" მარცხში ლიდერ უსკ-სთან - 2:3.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ნიკა ძალამიძის (67-ე წუთზე შევიდა) "ლენჩნა" შინ 2:3 დამარცხდა გიორგი მერებაშვილის "პლოცკთან". 85-ე წუთზე სტუმრებმა გადამწყვეტი გოლი მერებაშვილის პასით გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პოგონისა" და "არკას" მატჩშიც უნდა შემდგარიყო ქართული დუელი, მაგრამ ბოლო დროს მათე ცინცაძემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ისევ გამოჩნდა ლუკა ზარანდია, რომელიც "არკას" რიგებში 65-ე წუთზე გამოვიდა. "პოგონმა" მეტოქე 5:1 გაანადგურა.

ვაკო ყაზაიშვილი "ლეხთან" მატჩში "ლეგიას" განაცხადში არ ყოფილა, ვარშაველებმა 2:1 იმარჯვეს სტუმრად.

დანია, სუპერლიგა.
ბოლოადგილოსანი "ესბიერგი" სტუმრად "ოდენსესთან" 0:3 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, ბუდუ ზივზივაძე (გააფრთხილეს) 70-ე წუთზე გამოცვალეს, რაც შეეხება ლაშა პარუნაშვილს, მან ჯერ ვერ მიიღო დანიაში თამაშის უფლება.

მათე ვაწაძის "ვიბორგმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ოლბორგს", ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო.

დავით სხირტლაძის "სილკებორგი" დღეს სტუმრობს "ორჰუსს".

შვედეთი, ოლსვენსკანი.
"ესკილსტუნას" რიგებში შედგა ზურაბ ცისკარიძის დებიუტი, ქართველი 67-ე წუთზე გამოჩნდა "ორებროსთან" მატჩში - 2:2.

კვიპროსი, I დივიზიონი.
"ახნასის" რიგებში ნიკა კაჭარავა არ გამოჩენილა, გიორგი ილურიძე კი მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა. ქართველთა გუნდი სტუმრად "დოხას" დაუზავდა - 3:3. სტუმართა ერთი გოლი ნიკა ყიფიანის ანგარიშზეა, ვინც რუსეთის მოქალაქეა.

ირაკლი მაისურაძე საერთოდ აღარ ჩანს "ერმისის" რიგებში, რომელმაც 2:1 მოუგო "არისს".

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (არ უთამაშია) "დიოშდიორი" სტუმრად "ფერენცვაროშს" დაუზავდა - 1:1.

სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
"ტრენჩინმა" 2:0 მოუგო "პოდბრეზოვას". გიორგი ბერიძემ 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.

ჩეხეთი, 1. ლიგა.
ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "კარვინას".

თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და ელიტაში გადასვლის შანსები საგრძნობლად შეიმცირა. ქართველის გუნდი ამჯერად, სტუმრად "ბოლუსთან" დამარცხდა - 0:1. ჩვენებური მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩნდა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაური 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო მისმა "ვარდარმა" 3:1 მოუგო "პელისტერს".

რუსეთი, პრემიერლიგა.
გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" შინ "ამკარს" დაუზავდა - 2:2. "ჩემპიონატმა" ქართველ მეკარეს 6 ბალი დაუწერა.

გია გრიგალავა "არსენალის" მატჩის განაცხადში გამოჩნდა, თუმცა ტულელებმა მის გარეშე წააგეს გროზნოში "ტერეკთან" - 1:3.

საოცარია, მაგრამ "სპარტაკის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ "უფასთან" თამაშის შანსი ვერ მიიღო, ის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა - "სპარტაკმა" 3:1 იმარჯვა და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" შინ 1:1 დაუზავდა ცსკა-ს.

საბა კვირკველიამ "ლოკომოტივის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი შინ "როსტოვს" დაუზავდა - 0:0. ჩვენებურს "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა.

დღეს გიორგი ჭანტურიასა და ჯიმი ტაბიძის "ურალი" ელგუჯა ლობჯანიძის "ორენბურგს" მასპინძლობს.

რუსეთი, I ლიგა.
მამუკა კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ვორონეჟთან" დამარცხდა - 2:3.

უკრაინა, პრემიერლიგა.
ვახტანგ ჭანტურიშვილის (სათადარიგო) "ოლექსანდრია" "ზორიას" დაუზავდა - 0:0. სტუმართა რიგებში 77-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.

დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" "შახტარს" პირველი მარცხი აგემა, ხარკოვში ოდესელებმა 2:1 იმარჯვეს. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

უკრაინა, დუბლები.
გიორგი არაბიძე დაუბრუნდა "შახტარის" დუბლებს, ის "ჩერნომორეცთან" თამაშში (4:0) 64-ე წუთზე ჩაერთო და ყვითელი ბარათი მიიღო.

კიევის "დინამოს" მეორე შემადგენლობამ 5:0 გაანადგურა "ოლიმპიკი". პირველი ტაიმი ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ და თავით გოლიც გაიტანა (მეორე დღეს კი მთავარი გუნდის მატჩში სათადარიგო იყო), თუმცა ის უკრაინის მოქალაქეა. სტუმართა რიგებში 61-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა ნადირაძე.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას "ნემანმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ისლოხს". ქართველმა ახალწვეულმა შეუცვლელად ითამაშა.

ვაკო გვილიას (62-ე წუთზე შეცვალეს) ბატე-მ შინ აჯობა "მინსკს" - 1:0, ხოლო ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "სლავიამ" ამავე ანგარიშით მოუგო "გოროდეიას".

მინსკის "დინამომაც" 1:0 მოუგო "ნაფტანს". გამარჯვებულთა რიგებში გოგიტა გოგატიშვილი სათადარიგო იყო.

მოლდოვა, დივიზიონა ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილის გარეშე მოთამაშე "უნგენმა" სტუმრად მოუგო "სპერანცას" - 1:0.

ლატვია, თასი.
ქართველთა "ლიეპაია" სტუმრად "ვენტსპილსთან" დამარცხდა - 0:3. გიორგი ერისთავმა შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ბაჩიაშვილი კი სათადარიგო იყო.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის (76-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" 2:0 მოუგო "სილამაეს".

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ლიდერთა ჯახს 8 ათასამდე ადამიანი დაესწრო, "ყარაბაღი" და "გაბალა" დაზავდნენ. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა. "ყარაბაღმა" 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

გიორგი ნავალოვსკის (მეორე ტაიმი ითამაშა) "ნეფთჩიმ" სტუმრად "ქიაფაზთან" წააგო - 0:2.

გიორგი გოროზიას "ზირა" დღეს მასპინძლობს ზურა ხიზანიშვილის "ინტერს". ნუგზარ კვირტიას აზალ-ი, რომელიც უკვე გავარდნილია, "სუმგაითს" მასპინძლობს.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძემ კრიტიკოსებს "შახტიორზე" დიდი ანგარიშით გამარჯვებით უპასუხა, "ქაირათმა" სტუმრად 4:1 მოიგო:

"ჩვენს მტრებს არ სძინავთ, ყველაზე დიდი ზეწოლა იყო, ჩემით დაწყებული, თუმცა ასეთია ფეხბურთი, ძლიერი უნდა იყო მოედანზე და მენტალურადაც. ბიჭებს ავუხსენი, რომ ეს ჩვენთვის გამოცდა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაგვებარებინა", - განაცხადა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუ" შინ 0:1 დამარცხდა ჩემპიონ "ასტანასთან". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

"ორდაბასი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "თარაზთან". ოთარ მარცვალაძე 76-ე წუთზე შეცვალეს.

ლაშა დვალის "ირტიშმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ოკჟეტპესს". დვალმა 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც ყაზახეთის ნაკრების გოლკიპერმა დავით ლორიამ.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
შოთა გრიგალაშვილის (66-ე წუთზე გამოცვალეს) "ოლმალიქმა" "ნასაფს" 1:0 მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
avto ebralidze magari igrokia, ertxel ar dauzaxes nakrebshi am unamusoebma!
kai bichi
16:04 10-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული