სულ ასე იყო და ასეა დღესაც - პოლიტიკა, როგორც ასეთი, საერთოდ არ მაინტერესებს, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დამწყდა გული, როცა სქოთებმა რეფერენდუმის შედეგად უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე...
კი, შეიძლება, ეს ძალიან რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ერთხელაც დაინგრა ჩემი ბავშვობის წარმოდგენა და სტერეოტიპი. ეს კი ვისთვისაა სასიამოვნო, ჩემთვის
* * *
2007 წელს შოტლანდიას ჯერ კიდევ ძველი, რომანტიკული ელფერი დაჰკრავდა ჩემს წარმოდგენაში. მოუთმენლად ველოდი მათ სტუმრობას თბილისში და ძალიან გავიხარე, როცა შემოდგომის ეს ცივი და, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული დღეც დადგა - სქოთების დიდზე დიდი თავდაჯერება და ბევრი კილტი თბილისის ქუჩებში.ჩემი პროფესია ამას პირდაპირ მავალდებულებდა და უდიდესი ინტერესით ვაკვირდებოდი როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრების ქცევას თბილისში. უნდა გითხრათ, რომ სქოთმა ქომაგებმა მაგრად გამაოცეს. არ ვიცი, რა იცოდნენ მათ საქართველოს თაობაზე და, მაგალითად, იცოდნენ თუ არა ის, რომ ჩვენთანაც გვარიანად ცხელსისხლიანი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ფაქტია - არანაირი არეულობა და ექსცესი, არც თამაშის დღეს და მანამდე, არ ყოფილა!
ეს კილტიანი ხალხი ერთად შესაშური წესრიგით დადიოდა და თბილისურ ლუდის ბარებსაც ერთობ მშვიდობიანად ტოვებდა. არადა, მათზე სხვა წარმოდგენა მქონდა. რამდენიმე სქოთს პირადად გავესაუბრე მაშინ და ყველა ერთს ამბობდა: ძალიან კარგად ვართ, საჩხუბარი და სადავიდარაბო არაფერი გვაქვს, ხვალ აუცილებლად მოვიგებთ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრასო...
როგორც ყოველთვის, შესარჩევი ციკლის ბოლოს საქართველოს ნაკრებს აღარ ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც კი. ჩვენი სტუმრებისთვის კი ამ შეხვედრას მართლაც რომ "ოქროს ფასი" ედო. ხელის ერთ გაწვდენაზე იყო კონტინენტის პირველობის საგზური...
საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ პრესტიჟისთვის უნდა ებრძოლა. უნდა ებრძოლა განახევრებული შემადგენლობით და ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომელსაც ევროპელები კი არა, ხეირიანად ჩვენც არ ვიცნობდით.
ვიცოდით, რომ გიორგი მაკარიძე კარგი მეკარეა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ მას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები...
ვიცოდით, რომ ლევან ყენია ძალიან ნიჭიერი იყო, ვიცოდით, რომ საინტერესო ფორვარდი გვეზრდებოდა ლევან მჭედლიძის სახით, მაგრამ, აბა, სად იუნიორების და სად - ინგლისურ პრემიერლიგაში გამობრძმედილი ფეხბურთელების დონე. ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად წაგებას თითქმის შეგუებული წავედი სტადიონზე. არც მანამდე და არც ამის შემდეგ ასე აღარ ყოფილა...
დღემდე მახსოვს ის ისტერია, რითაც ხალხი ტოტალიზატორებს მიაწყდა. თავიდან შოტლანდიას "არაუშავს კუში" ჰქონდა. მერე ქალაქში ხმა გავარდა - ეს თამაში მაინც წაგებულია, იმათთვის გადამწყვეტი მატჩია, ჩვენებს არაფერში სჭირდებათო და... შეიძლება, ბევრი დღესაც იხდის იმ დღის ვალებს...
ვარაუდი იმანაც გაამყარა, რომ თამაშის მოახლოებასთან ერთად "ბუკმეკერებმა" ქართველთა შანსები კიდევ უფრო დასცეს და მოწინააღმდეგისა - გაზარდეს. მივდიოდი სტადიონზე და მესმოდა გახარებული ჩურჩული: "უეჭველი ორიანია, ჩვენ მაინც რად გვინდა და იმათთვის ყველაფერი წყდება. არ მევასება საქართველოს "პროწივ" დადგომა, მარა მაგრად მინდა ფული და ამ ერთხელ მოსულა". ზუსტად ასეთი დიალოგი მოვისმინე ზედ ვაგზლის მოედანზე და კიდევ უფრო გამიფუჭდა ხასიათი...
იმ თამაშში რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. კლაუს ტოპმიოლერმა, დღესაც საუკეთესო რომ მგონია საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელს შორის, სასწაული მატჩი მოიგო და იმ მოგებას არაფერი ჰქონდა საერთო ლოგიკასთან. დავით სირაძემ და ლევან მჭედლიძემ მაგრად აწყენინეს შოტლანდიელებს, ისე მაგრად, რომ ამ საფეხბურთო წყენას შოტლანდიელები დღემდე ვერ გვივიწყებენ.
საბოლოო ჯამში, როგორც მუდმივად ხდება ხოლმე, ჩვენ ამ გამარჯვებიდან შეგვრჩა მხოლოდ სახელი, შოტლანდიას კი გაფუჭებული საქმე. ვინ წარმოიდგენდა, რომ გაივლიდა წლები და შოტლანდია მეორედ გამწარდებოდა საქართველოში, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა წერილის თემაა.
იმდროინდელ ამბებზე ყველას, რატომღაც, მარტო ნეგატივი ახსენდება და დადებითს ივიწყებს. კი, მაშინ სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავდა ფეხბურთზე, მაგრამ რასაც ხარჯავდა, ფორმალურად თუ არაფორმალურად იმის ნახევარი უკანვე მიჰქონდა. ჰაინც ტოპმიოლერი იქით იყოს და, კლაუსს რომ თავი დავანებოთ, არც რალფ მინგე იყო დასაკარგი, უჭკუო კაცი, რასაც საქართველოს შემდეგ მისი სამწვრთნელო და, ზოგადად, საფეხბურთო კარიერაც ადასტურებს.
შედეგი არ იყო, თუნდაც სანაკრებო დონეზე, მაგრამ შედეგის მიღებას დრო, მოთმინება და კიდევ სხვა რამეებიც უნდა - ის ყბადაღებული შედეგი დღესაც არ არის, ის ხალხი კი რატომღაც დუმს, მაშინ საქართველოს ნაკრების მინიმუმად ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას რომ სახავდა, თუმცა ესეც სხვა წერილის თემაა და ჩვენს ძირითად ხაზს ახლა ნუ გადავუხვევთ.
ფაქტია, არ იყო მთლად კარგი ტონი საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ერთი ოჯახის ლამის მთლიანად დასაქმება, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ მარტო უარყოფითი გვენახა იმ დროის სანაკრებო ამბებში.
სწორედ იმ დროს წამოიწია 90-იანების ძალიან კარგმა თაობა. იმ თაობაში აშკარად გამოირჩეოდა სამი ფეხბურთელი - ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და გიორგი მაკარიძე. ამ ბიჭებს რთული საფეხბურთო სვე ერგოთ.
ყენია დღემდე ებრძვის გაუთავებელ ტრავმებს; მაკარიძე, რატომღაც, ყველამ ჩამოწერა, არადა, მას აქვს არაერთი ის თვისება, რაც არ აქვს არც ერთ ქართველ მეკარეს. მან ისე შეგვახსენა თავი, რომ ამაში არავინ დახმარებია. ლევან მჭედლიძეზე კი ქვემოთ და ცალკე...
ფაქტია: მორჩა თუ არა ქართულ ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის მმართველობა, ძალიან ბევრმა გვერდზე გადადო ეს თაობა, როგორც ძველი სისტემის პროდუქტი. და ვინ თქვა, რომ ჩვენი საფეხბურთო რესურსის მქონე ქვეყანას ამის ფუფუნება აქვს? თითქოს, ამ ბიჭების წარმატება ვიღაცას ჩრდილს მიაყენებდა...
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაიკარგა, დღეს რომ თამამად შეიძლებოდა, ყოფილიყო ეროვნულ გუნდში. მე არ ვიცი, დღეს სად არის და რას აკეთებს დავით მჭედლიშვილი, "ამერის" ყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ - მისი კარიერა სწორი გზით რომ წასულიყო, ის დღეს ძალიან ფასეული ფეხბურთელი იქნებოდა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის. ის ცოტა უფროსია 90-იანებზე, მაგრამ მაინც. კიდევ რამდენის გახსენება შეიძლება...
...და ლევან მჭედლიძე - ფორვარდი, რომლის დარიც საქართველოს ნაკრებს შოთა არველაძის შემდეგ არ ჰყოლია. მე ვერ დავთვლი, რამდენჯერ იყო ის ტრავმირებული და სწორედ ამ ტრავმებმა წაიღო დრო - ჯანმრთელი მჭედლიძე "ემპოლის" ამდენ ხანს ვერ შერჩებოდა, უკეთეს გუნდში ითამაშებდა...
ის ძალიან თავისებური, არაქართული სტილის ფორვარდია, რომელიც თუნდაც იმიტომ არ არის რიგითი თავდამსხმელი საქართველოსთვის, რომ ჯიჯი ბუფონს გაუტანა.
დიდი შინაგანი ემოციური ომების, ტრავმებისა და არცთუ იშვიათად - ნდობის დეფიციტის შემდეგ, ბევრი გატყდებოდა, ლევანმა კი, იმ მოკლე მონაკვეთში, რაც მიმდინარე სეზონში ითამაშა, გოლები ერთმანეთს მიაწყო.
მერე იყო ისევ ტრავმა და აგერ, სულ რამდენიმე დღის წინათ, გოლი "მილანის" კარში.
ჩვენი დაკნინებული ფეხბურთისთვის ამ გოლის მნიშვნელობა სცდება რიგითი გოლისას. დღეს ის განსაკუთრებით ფასეულია, როცა ჩვენები და გრანდები პრაქტიკულად აღარ იკვეთებიან. თავი დავანებოთ იმას, რომ გრანდებში აღარავინ გვყავს, ჩვენი ფეხბურთელები ვერც მათ ამწარებენ...
"მილანთან" მატჩში ლევანმა მორიგი ტრავმა მიიღო.
ტრავმა ფეხბურთელისთვის სასიამოვნო არასდროს არის და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ კარგ ფორმაში მყოფ ლევან მჭედლიძეს ერთხელაც შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ჩვენ უკვე აღარ გვეშინია, და არც - ლევანს.
საფეხბურთო ცხოვრებამ მას ბედთან ბრძოლა ასწავლა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"