"მე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელიც ვარ და რიგითი გულშემატკივარიც"

AutoSharing Option
ნიკა კვეკვესკირს წარმატებული სეზონი აქვს. მისმა "გაბალამ", პირველად კლუბის ისტორიაში, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო და მალე ქვეყნის თასის ფინალს ითამაშებს.

ამ ყველაფერში საქართველოს ნაკრების 24 წლის საყრდენი ნახევარმცველის წვლილი ძალიან დიდია, არადა, მიმდინარე სეზონში მძიმე ტრავმამ ბევრი გააცდენინა. ამის მიუხედავად, კვეკვესკირმა სწრაფად დაიბრუნა ადგილი "გაბალას" ძირითადში და, პლუს ამას, ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც.

ფაქტია, დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს არ ჰყავს კვეკვესკირის დარი ბევრისშემძლე ფეხბურთელი - უნივერსალი საყრდენი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია მოწინააღმდეგის იერიშების ჩაშლაც და მის კართან ხიფათის
შექმნაც. პასის კულტურით კი ის მთლად საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის ვლადიმირ ვაისის გუნდში...

სულ მალე ის საკლუბო არჩევანის წინაშე დადგება. "გაბალასთან" მისი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდა. საინტერესოა, როგორ არჩევანს გააკეთებს კვეკვესკირი, რომელსაც უკვე აქვს შეთავაზებები როგორც ევროპიდან, ისე პოსტსაბჭოთა სივრციდან.

"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- "გაბალამ", პირველად თავის ისტორიაში, აზერბაიჯანული ვერცხლი მოიგო. ალბათ, უკვე შეიძლება, მიმდინარე სეზონი თქვენთვისაც და გუნდისთვისაც წარმატებულად შეფასდეს...
- სეზონის დასრულებამდე დაგვრჩა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, მთავარი მატჩი. 5 მაისს, თასის ფინალში შევხვდებით "ყარაბაღს", რომელმაც ქვეყნის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. ძალიან გვინდა, თასი მოვიგოთ და ამით კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწეროთ. აქამდე "გაბალას" თასი არასოდეს მოუგია...

რაც შეეხება სეზონს, მართალი ხართ, ის უკვე არის წარმატებული, თან ევროპული მასშტაბითაც - ზედიზედ მეორედ ვითამაშეთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე...

- მოახლოებულ ფინალზე რას იტყვით?
- უკვე გითხარით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. რადგან ჩემპიონატში "ყარაბაღმა" გაგვასწრო, ახლა ჩვენ რევანშის საშუალება გვაქვს. ფინალურ მატჩს რაღა მოტივაცია სჭირდება, მაგრამ ეს ფაქტორი ჩვენს ჟინს კიდევ უფრო ზრდის. შანსებს აბსოლუტურად თანაბრად შევაფასებდი, თან ფინალს ხომ თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს.

ჩვენს წყვილში ფავორიტს ვერ ვხედავ. მოიგებს ის გუნდი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესად იქნება მზად. სხვათა შორის, ჩემპიონატში ჩვენ ურთიერთშეხვედრების უკეთესი ბალანსი გვაქვს, მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგია - ჩემპიონები ისინი გახდნენ. მართლა ძალიან ძლიერი გუნდია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "ყარაბაღი" ერთი თავით მაღლა დგას დანარჩენ აზერბაიჯანულ კლუბებზე. პირადად მე, "გაბალასთან" მიმართებაში ასე არ მგონია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე გახდა "ყარაბაღი" ჩემპიონი, რაში გაჯობათ?
- ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ამ გუნდის გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ უკვე კარგად იციან, როგორ უნდა გახდნენ ჩემპიონები. უკვე მეოთხე წელია, "ყარაბაღი" აზერბაიჯანში პირველობას არავის უთმობს. "გაბალა" კი ძალიან ახალგაზრდული, თუმცა პროგრესირებადი გუნდია. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ეს გუნდი ბოლომდე იბრძოლებს აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის. წლევანდელმა სეზონმა "გაბალას" საამისოდ აუცილებელი გამოცდილება შესძინა.

- შემდეგ სეზონს შევეხეთ და, ახერხებს კლუბი ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას? დარჩება თუ არა გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი - მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი? მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო თქვენი კონტრაქტის ამბავია. როგორ არის საქმე ამ მხრივ?
- ჩემი კონტრაქტით დავიწყებ. იცით, რომ ის ამ სეზონის ბოლოს მთავრდება. მე კლუბთან მაქვს გარკვეული ვალდებულება და ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად - "გაბალამ" ბევრი გააკეთა ჩემთვის, მათ შორის - რთულ პერიოდშიც. ეს არის კონტრაქტის, ასე ვთქვათ, მორალური მხარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში "გაბალას" შეთავაზებას მოვუსმენ...

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ბევრ მათგანს უმთავრდება კლუბთან კონტრაქტი, მაგრამ, როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს ამ საკითხზე. ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება, ახლა კი მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა - მე რა ინფორმაციაც მაქვს, მომავალ სეზონში "გაბალა" ძალიან ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება.

უთუოდ მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ მთავარ მწვრთნელად დარჩეს რომან გრიგორჩუკი. სწორედ მას უკავშირდება ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატებები. ის, უბრალოდ, შესანიშნავი სპეციალისტია.

- საინტერესოა, შეთავაზებები თუ გაქვთ?
- მაქვს როგორც ევროპიდან, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი - კონკრეტული, რომ აი, დღეს ან ხვალ წავალ ამა და ამ გუნდში, ასეთი შეთავაზება ჯერჯერობით არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ - პირველ რიგში, "გაბალას" წინადადებას დაველოდები.

- მიმდინარე სეზონი პირადად თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა და ეს იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანეთ...
- მართალი ხართ, მძიმე ტრავმამ ბევრი დამაკარგვინა. პირველ რიგში, ის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო ჩემთვის მძიმე - ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ... მერე, უფლის წყალობით, თავიდან დავიბრუნე ადგილი "გაბალას" ძირითადში და ნაკრებშიც ვითამაშე, ოღონდ, როგორ ვითამაშე, ამის შეფასებას მე ნუ მომთხოვთ, ეს თქვენი და გულშემატკივრების საქმეა.

- და ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ბევრის აზრით, თქვენ საუკეთესო იყავით სერბეთთან მატჩში...
- მე ასე გიპასუხებთ: საქართველოს ნაკრები ჩემთვის უძვირფასესია და ამიტომ, ჯერ გუნდის შედეგს ვაფასებ. ამ შედეგის გამო კი ყველას ძალიან გვეტკინა გული...

პირველი ტაიმი მართლაც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ალბათ, ბევრს სჯეროდა, რომ სერბეთის დამარცხებას შევძლებდით...

საკუთარი თავის მიმართ მაქსიმალურად კრიტიკულები და მომთხოვნები უნდა ვიყოთ. პირადად მე, ფეხბურთში ნაკლებად მჯერა შემთხვევითობის, გამართლების... ჩემი აზრით, სერბეთმა მოიგო იმიტომ, რომ ჰქონდა უფრო მაღალი კლასი, მეტი საშემსრულებლო ოსტატობა...

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბოლომდე იბრძოლა, მაქსიმალურად დაიხარჯა მინდორზე...

ამის მერე იყო მატჩი ლატვიასთან და ძალიან ლამაზად მოპოვებული გამარჯვება. მე მჯერა ამ თაობის, ამ ნაკრების. თამაში რომ შეგვიძლია, ფაქტია. ახლა მთავარია, ერთ სისტემაში მოვაქციოთ ეს ყველაფერი, მეტი სტაბილურობა შევიძინოთ... თქვენც დამეთანხმებით - საშუალო ასაკს თუ ავიღებთ, ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი გვყავს.

მე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ამასთანავე, ვარ მისი რიგითი გულშემატკივარიც. მჯერა, ფეხბურთელები და ქომაგები ბოლომდე ერთ მუშტად ვიქნებით შეკრულები და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგან ჯერ ევროპის ჯგუფური ეტაპი უნდა ითამაშოს გაბალასთან ერთად, რომელშიც აუცილებლად გავა გაბალა, შჰეიძლება უფრო წინაც წავიდეს , მანდ უნდა დაამტკიცოს თავისი ფეხბურთელობა და მაშინ ბევრად ძვირადაც გაიყიდება და ბევრად უკეთეს გუნდში, ვიდრე ეხლა. ამჯერად ერთ- ორ წლიან კონტრაქტს ტუ გააფორმებს გაბალასთან ალბათ უკეთესი იქნება მისი მომავლისთვის მე მგონია, ეხლა გადავიდეს სადმე და სკამზე დასვან, ცუდია
ლეო
23:02 29-04-2017
0
ნამდვილად კარგი ფეხბურთელი და ბიჭია ნიკა,ნიკა გაბალას ამაგს რომ უფასებ ძალიან კარგია,მაგრამ შენი კარიერული ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ ანაცვალო კლუბისას,შანსს დაჭერა უნდა,მაგრამ ცაში ოხცნებასაც არ გამოეკიდო,ერთი სიტყვით სანამ გადაწყვეტ,დაფიქრდი.
ჯარჯი პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს,გისურვებ ყველაფერ კარგს და რაც მთავარია ბედნიერებას.ახლა რაც შეეხება ცეცაძეს,არც მას დაჰკლებია უსამართლო ქიმუნჯები,მაგრამ ამით უფრო გაძლიერდა და სიხარულიძეც სხვასთან უფრო გაიხსნა,ცხოვრება ასეთია ,ყოველთვის სამართლიანობა ვერ ზეიმობს,მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს .არ გამოვიდა ერთხელ?არა უშავს,მეორედ თუ არა მესამედ აუცილებლად გამოვა.გამოცდილებაც სწორედ ეს არის.ცეცაძეს არმოეწონა სიხარულიძე ,მაგრამ წავიდა სხვაგან და იქ ველას მოსწონს.ეგ კი არა თავის დროზე სლავა მეტრეველი დინამოში რომ მოიყვანეს პატარა ბიჭი,მწვრთნელებმა არც კი ნახეს რა შეეძლო,ისე გაუშვეს გუნდიდან,არადა მეტრეველი ორ სამ წელიწადში უკვე მსოფლიოს დონის გარემარბი დადგა.ასე ხშირად ხდება,მაგრამ ნიჭი მაინც არ დაიკარგება და ღმერთმა ქნას სიხარულიძეც მეტრეველის კვალს გაჰყვეს.
სოსო
21:02 29-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული