"ის დრო რომ დაბრუნდეს და "ბარსელონამ" მიმიწვიოს, მაინც არ წავიდოდი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა საიტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ინგლისური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს, ვინც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო რამდენიმე დღის წინათ გამართულ მანჩესტერულ დერბის.

რა თქმა უნდა, წერილი საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვისაც...

"ქართველ ბრილიანტს შეეძლო, "ბარსელონას" წინადადება მიეღო, მაგრამ ის "სიტის" ერთგული დარჩა იმის მიუხედავად, რომ 1996 წელს გუნდი ინგლისური პრემიერლიგიდან დაქვეითდა. მან გადაწყვიტა, "მეინ როუდზე" დარჩენილიყო და გუნდს პრემიერლიგაში აღზევებაში დახმარებოდა...

ის გოლი, რომელიც ქინქლაძემ 1996 წლის მარტში გაუტანა "საუთჰემპტონს",
აღიარებულია, როგორც "სიტის" ფეხბურთელის მიერ გატანილი საუკეთესო გოლი. "მიდლსბროს" ქომაგებმა კი ქინქლაძის მიერ მათი გუნდის კარში გატანილი გოლი აღიარეს საუკეთესოდ იმათ შორის, რაც კი ოდესმე "რივერსაიდზე" ვინმეს გაუტანია.

ქინქლაძე, ვინც მესისა და მარადონას დრიბლინგით იყო დაჯილდოებული და ვისი პასის კულტურითაც ალი ბენარბიაც იამაყებდა, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ გუნდისა, რომელმაც საშინლად დაიწყო 1995/96 წლების სეზონი და სასტარტო 11 მატჩიდან 9 წააგო...

"სიტის" ბოსმა ფრენსის ლიმ შეძლო და ქართველი პლეიმეიკერი გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.

"შემეძლო გუნდის დატოვება. ჩემ მიმართ ინტერესი იყო "ბარსელონადან", სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ ვერ წავედი. ეს არ ყოფილა რთული გადაწყვეტილება, რადგან მიზნად მქონდა, "სიტის" პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავხმარებოდი", - ამბობს ქინქლაძე.

ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმ ფეხბურთელისგან, რომელსაც თავისუფლად შეეძლო წასვლა და რომელშიც იმ დროს ყველა დაუნანებლად გადაიხდიდა 10 მილიონ გირვანქას, რაც დღეს 50 მილიონს მაინც ნიშნავს.

ქინქლაძე კარგი იყო მეორე სეზონშიც, გაიტანა რამდენიმე დასამახსოვრებელი გოლი, მაგრამ ამან გუნდის შედეგზე დიდად ვერ იმოქმედა, კლუბის ხელმძღვანელობამ ალან ბოლი მოხსნა და სტივ კოპელი დანიშნა.

1996/97 წლების სეზონის მიწურულს ქინქლაძე ტრავმირებული იყო და რამდენიმე თამაში გაუცდა. იმ დღეებს "სიტის" ქომაგებმა "ქინქლაძის დღეები" უწოდეს. მათ ეშინოდათ, რომ ქართველი "მეინ როუდს" დატოვებდა. ისინი სტადიონზე საქართველოს დროშებით მიდიოდნენ და კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდნენ...

...და მაინც, ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა.

"აიაქსთან" შეთანხმებას მივაღწიე. ჩემი ბოლო თამაში რომ იყო "სიტიში", ცრემლები წამომივიდა. მე წასვლა არ მინდოდა. ის დრო რომ დაბრუნდეს და "ბარსელონამ" მიმიწვიოს, მაინც არ წავიდოდი. მე არ ვიყავი ბედნიერი "აიაქსში". მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მაყენებდა... არადა, "სიტის" ქომაგები მაინც მოდიოდნენ ჩემი თამაშის სანახავად.

მერე დავბრუნდი ინგლისში, კერძოდ - "დერბი ქაუნთიში", მაგრამ ეს აღარ იყო ძველი შეგრძნება. "მეინ როუდზე" დიდებულად დამხვდნენ. ეს გუნდი ჩემს გულშია და ასევე დარჩება.

ბედნიერი ვარ ყოველთვის, როცა აქ ყოფნა მიწევს. დიდებული იყო დერბიზე დასწრება, აქ დაბრუნება"... - თქვა ქინქლაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
კინკი მარტლა მაგარი იკო
zyra
12:28 02-05-2017
0
kartuli fexburti gardazvlilia ukve didi xania, kinklazisnair ar shemdgar fexburtelebs tu gaixsenebt da guls daimshvidebt, vai tkven patrons))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული