ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...

AutoSharing Option
ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბაქოს "ინტერმა" აზერბაიჯანის ჩემპიონატში სენსაცია მოახდინა. გუნდმა, რომელსაც პერმანენტულად ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერც ტრანსფერებს ახორციელებდა, პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპალიგაზე ითამაშებს.

არავინ დავობს იმაზე, რომ გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი ზაურ სვანაძეა - მწვრთნელი, რომელიც უკვე დიდი ხანია, "ინტერში" მუშაობს. ის თავდაპირველად კახა ცხადაძის ასისტენტი იყო, ახლა დამოუკიდებლად მოძღვრავს ბაქოურ გუნდს და ამაში მისი ძმიშვილი, ახლო წარსულში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი, რამაზ სვანაძე ეხმარება...

"ლელო" ზაურ სვანაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ
სთხოვა...

- თავდაპირველად, გასული სეზონის შეფასება უნდა გთხოვოთ. მართლაცდა, საკვირველია, ფინანსური პრობლემების ფონზე აზერბაიჯანის ძლიერ ჩემპიონატში ვადაზე ადრე მესამე ადგილის განაღდება რომ შეძელით. თანაც, "ინტერს" არც ტრანსფერების განხორციელების უფლება ჰქონდა...
- ასე იყო... ძლიერი მოთამაშეებით გუნდის შევსება ვის აწყენდა?.. მაგალითად, ავიღოთ ნიკა კვეკვესკირი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან გამოადგა "ინტერს". ძალიან ბევრი შეთავაზება ჰქონდა და არჩევანი შეაჩერა "გაბალაზე". იქაც კარგი სეზონი ჩაატარა. ასე რომ, დაგვრჩა ადგილობრივი კადრები და, გარდა ამისა, სამი ლეგიონერი - ზურაბ ხიზანიშვილი, ერთი რუმინელი და ერთიც ბრაზილიელი ფეხბურთელი.

დაამატეთ ამას ისიც, რომ "ინტერში" ძალიან ხშირად იცვლებოდნენ პრეზიდენტები, ხელმძღვანელები... მწვრთნელების ხშირი ცვლა კი გამიგია, მაგრამ ხელმძღვანელობის... რა გითხრათ...

ზამთარში კიდევ დაგვტოვა ორმა ფეხბურთელმა. ერთი "ნეფთჩიმ" წაიყვანა, მეორე - "ყარაბაღმა". მოკლედ, ამ გაწამაწიაში ვიყავით...

- ზურაბ ხიზანიშვილმაც დაასრულა კარიერა...
- რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისი იქნება "ინტერისთვის". საერთოდ, დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ბევს წყვეტს საკადრო საკითხები და არც ჩვენი გუნდია გამონაკლისი.

- გუნდმა ევროპალიგაზე უნდა ითამაშოს, ამას კი შესაბამისი მოსამზადებელი პირობები სჭირდება. რა ხდება ამ მხრივ "ინტერში" სასიკეთო?
- გვითხრეს, რომ ევროპალიგისთვის მოსამზადებლად გუნდს ყველანაირი პირობა ექნება. ჯერ ადგილზე შევიკრიბებით და სამედიცინო შემოწმებას გავივლით, მერე კი თურქეთში ან ავსტრიაში წავალთ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაგვეხმარება ევროტურნირებისთვის უკეთ მოსამზადებლად.

- "ინტერი" ქართველი ფეხბურთელების გარეშე წარმოუდგენელია. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენი გუნდის რიგებში კვლავ ვიხილოთ ჩვენებურები?
- რომელი მწვრთნელი არ დაიმატებს სიამოვნებით კვეკვესკირის ან ხიზანიშვილის დონის ფეხბურთელებს? უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ახალ წლამდე "ინტერს" კვლავ აკრძალული აქვს მოთამაშეების დამატება. ცხადია, ეს ძალიან გვირთულებს საქმეს.

- ახლა ქართველებიდან "ინტერში", თქვენ გარდა, რამაზ სვანაძე და გუნდის ექიმი, ცნობილი პროფესიონალი მერაბ ვარძუკაშვილი დარჩით. რამაზ სვანაძეზე ცალკე მინდა გკითხოთ. როგორც მწვრთნელი, რამდენად გაიზარდა ის?
- რამაზი ჩემი მარჯვენა ხელია. ძალიან მეხმარება, ბოლომდე გვერდში მიდგას. ყველანაირად ვუწყობ ხელს მისი, როგორც მწვრთნელის ზრდას. ხანდახან ვარჯიშებსაც ატარებს. გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩართული - ტაქტიკური მეცადინეობა იქნება ეს, მეტოქის გაშიფვრა თუ სხვა რამ. რომ იტყვიან, მის გარეშე "ინტერში" არაფერი ხდება.

- ზოგადად, რის თქმა შეგიძლიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატზე - ბევრი ამბობს, რომ ის ბოლო დროს ოდნავ დასუსტდა...
- ბოლოს იყო 8-გუნდიანი ჩემპიონატი. ძალიან დაძაბული პირველობა გამოვიდა. ვერავინ იტყოდა, ვინ ვის მოუგებდა. თუ გაიზრდება ჩემპიონატი ათ გუნდამდე, ძალიან კარგი იქნება. "ყარაბაღი" ძალიან ძლიერი გუნდია, ასევეა "გაბალა". ამ გუნდების თამაში ევროთასებზე მათი სიძლიერის დასტურია. ასევე ძალიან გაძლიერდა "ნეფთჩი". მართალია, დასრულებულ სეზონში მათ ბოლომდე ვერ გამოაჩინეს თავიანთი ძალა, ახალი შემადგნელობა იყო მაინც, მაგრამ მომავალ სეზონში სერიოზული გუნდი იქნება. რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს, მათ შორის - გიორგი ნავალოვსკი. კარგი ლიდერები ჰყავს "ქიაფაზს", ასევე კარგია "ზირა". ჩვენგანაც წაიყვანეს ფეხბურთელები... ერთი სიტყვით, ძალიან კონკურენტუნარიანი ტურნირია.

- ფაქტია, "ინტერმა" ამ კონკურენტუნარიან ჩემპიონატში კიდევ უნდა ითამაშოს - ტრანსფერების გარეშე კი ძალიან გაგიჭირდებათ...
- რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. როდემდე უნდა გაუძლოს გუნდმა? შევძელით და მესამე ადგილი დავიკავეთ. მე პირველ ივლისს მისრულდება კლუბთან კონტრაქტი.

- ვერ დავიჯერებთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას თქვენი მუშაობის ფონზე კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს...
- არა, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სურვილი ნამდვილად არის. ფაქტია, "ინტერი" ჩემთვის ძალიან ძვირფასი კლუბია...

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს?
- რა თქმა უნდა, ვადევნებ. აზერბაიჯანში რომ ვარ, ტელევიზორისა და კომპიუტერის მეშვეობით სისტემატურად ვუყურებ. უნდა გითხრათ პირდაპირ - ათგუნდიანი ჩემპიონატი ამართლებს. ავიღოთ თუნდაც ის, თუ როგორ შუქდება ჩვენი პირველობა. ეს ძალიან კარგია. დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომა აუცილებლად გაზრდის სათამაშო დონეს.

გასაგებია, ჩვენ ყველას მალე გვინდა, რომ პროგრესი აშკარა იყოს, მაგრამ ხელის ერთი მოსმით არაფერი ხდება. უცბად რომელი მყარი შენობა აშენებულა?! ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებაში. მე რასაც ვუყურებ, გუნდებიც ძლიერდებიან. ბოლო დროს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე კარგი ლეგიონერი გამოჩნდა და ეს ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია.

- ლეგიონერები ახსენეთ და. ზოგადად, საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ...
- ზოგადად, გუნდში ლეგიონერებს მივესალმები, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ის ადგილობრივ მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა იდგება. "ინტერშიც" ყოფილან ლეგიონერები, რომელთაც ადგილობრივი კადრები უწევდნენ თანაბარ კონკურენციას. მე ეს მიუღებლად მიმაჩნია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული