თავად მაკარიძეს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მისმა გუნდმა თასი მოიგო, რაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი თამაშით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც მოიხიბლა, ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ახლახან მომავალი ორი მატჩისთვისაც გამოიძახა.
- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Sportall.ge-მ მაკარიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი მის მომავალსაც შეეხო.
- "პორტუსთან" გამარჯვებით
- ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩი იყო და სიმართლე გითხრათ, ველოდი მოგებას. მეტოქე უმოტივაციოდ იყო, ჩვენ კი ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და მჯეროდა, რომ აგრესიული ფეხბურთის ხარჯზე შევძლებდით მათ დამარცხებას.
ასეც მოხდა და მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება.
- მთლიანად სეზონს როგორ შეაფასებდი?
- დადებითად. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო სეზონი იყო. პროგრამა-მინიმუმი, რაც ჩემპიონატში გვქონდა, შევასრულეთ და ამასთან ერთად, თასიც მოვიგეთ.
- შენს მომავალზე რას გვეტყვი?
- ჯერ კონკრეტულს ვერაფერს. რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მორეირენშეს" დავტოვებ.
- კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებ?
- ჯერ არ ვიცი. შესაძლოა, პორტუგალიაშიც დავრჩე. ყველაფერი ივნისის დასაწყისში გაირკვევა.
- ახლოვდება მოლდოვასთან მატჩიც. ლატვიასთან მოგეცა შანსი, თუმცა ბევრი საქმე იმ მატჩში არ გქონია. როგორ გგონია, შანსი ახლაც მოგეცემა?
- ცხადია, ამის იმედი მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ესპანეთს ვეთამაშებით თუ მოლდოვას. ნაკრების აბსოლუტურად ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია!