"ვერ ვხვდები, ჩემმა ტრანსფერმა გულშემატკივრის უკმაყოფილება რატომ გამოიწვია"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახურ "ტობოლთან" 1,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ტობოლში" ნიკა 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

- ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა

შეგახსენებთ, რომ "ტობოლის" თავკაცი ომარ თეთრაძეა.

Sportall.ge-მ კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდებოდა. "ტობოლი" რატომ აირჩიე?
- ასეა, კი. ევროპული კლუბების მხრიდან დაინტერესება მართლაც იყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ინტერესი და მეტი არაფერი. კონკრეტული შემოთავაზებით ჩემთვის არავის მოუმართავს.

რეალურად, არჩევანი ორ კლუბს, "გაბალასა" და "ტობოლს" შორის უნდა გამეკეთებინა. არჩევანი "ტობოლის" სასარგებლოდ გავაკეთე და
მგონია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

- არჩევანის გაკეთებაზე ქართველი მწვრთნელის ფაქტორმაც იმოქმედა?
- კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი მენდობა. თუ ჩემ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არც ყაზახეთში მექნება.

მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მათ ძალიან სურდათ ჩემი შეძენა და ასეთმა სურვილმა გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა. თანაც, საუბრიდან მივხვდი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება. მათი სურვილია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო.

- თუმცა ქართველ გულშემატკივარში შენმა ტრანსფერმა უკმაყოფილება გამოიწვია...
- სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რატომ. ყაზახეთის ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალია, იქაური კლუბები ევროტურნირებზე ხშირად ხვდებიან, თითოეული კლუბი ძლიერი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული...

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვიყავი, არ ვთვლი, რომ ამ ტრანსფერს გულშემატკივრის უკმაყოფილება უნდა გამოეწვია. მე მგონია, რომ ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბში გადავედი, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან ამბიციურია. მყავს ძლიერი მწვრთნელი...

- კლუბის მიზანი რა არის?
- ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე მოხვედრა, რისთვისაც საპრიზო ადგილებზე მოხვედრაა საჭირო.

- ახალ გუნდს როდის შეუერთდები?
- უკვე ვივარჯიშე. ყაზახეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 ივნისს იხსნება, მანამდე ვერ მარეგისტრირებენ, თუმცა ვარჯიშს უკვე შევუდექი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება და მინდა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდე, რომ ნაკრებში მომზადებული ჩამოვიდე. თანაც, ეს ადაპტაციაშიც შემიწყობს ხელს.

- ოთხი დღის ინტერვალში ნაკრებს ორი მატჩი ექნება ჩასატარებელი...

- ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ეროვნული ნაკრები განსაკუთრებული ფენომენია და ყოველი გამოძახება პირველივით მიხარია.

მეორეხარისხოვანი მატჩები არ არსებობს. 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შინ ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრის წინ ვთამაშობთ და ისინი სრულიად სამართლიანად, მოგებას მოგვთხოვენ.

შემდეგ კი მოლდოვაში გავემგზავრებით და ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ადგილი უიღბლობას ჰქონდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლატვიასთან მოგებულ (5:0) მატჩს კიდევ რამდენიმე მოგება გადავაბათ და ბოლო დროის ტრადიცია დავარღვიოთ. მოგებულ მატჩს წარუმატებელი სერია მოყვება ხოლმე და დროა, აღარ ვიყოთ ეპიზოდური გუნდი.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დააკვირდით სპორტში შუააზიის ქვეყნების ნახტომს, ჭიდაობის სახეობებში, გინდათ ფეხბურთში და სხვა. ეს ქვეყნები ადრე არაფრით არ გამოირჩოდნენ ახლა, საკმაოდ წინ წავიდნენ, ყველაფერს საქმისადმი დამოკიდებულება განაპირობებს, არ ენანებათ არც ფინანსები, ასე რომ ნუ გავაკრიტიკებთ ასე ხელაღებით კვეკვესკირს.
devi
11:04 27-05-2017
0
რა გიკვირთ ასეთ დღეშია ჩვენი ფეხბურთი, რა არ მოგწონთ ყაზახეთისა, მათ ნაკრებს ვჯობნით თუ მათ კლუბებს, თუ ჩვენი ჩემპიონატი ჯობია.
მამუკა
08:34 27-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული