რატომ ჩავარდა პროექტი "ქინქლაძე-"სიტი" - მონაკვეთი წიგნიდან The Mixer

AutoSharing Option
1-ელ ივნისს ბრიტანეთში გამოვა The Guardian-ის საფეხბურთო მიმომხილველის მაიკლ კოქსის წიგნი The Mixer, რომელიც პრემიერლიგის დაარსების დღიდან (1992 წ.) დღემდე ჩემპიონატის 25 სეზონში განხორციელებულ რევოლუციურ ცვლილებებს, თამაშის შემცვლელ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ეხება - იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც პრემიერლიგაში ფეხბურთის თამაში ტაქტიკურად გამრავალფეროვნდა.

წიგნის გამოცემის წინ კოქსმა გადაწყვიტა, ერთი ნაწყვეტი The Guardian-ში გამოექვეყნებინა, ნაწყვეტი თავიდან ბოლომდე გიორგი ქინქლაძეს შეეხება, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

როგორ დაგვანახა გიორგი ქინქლაძემ ახალგაზრდა პრემიერლიგის უუნარობა, განვითარდეს
ნიჭიერი ქართველი "ათიანი" "მანჩესტერ სიტიმ" 1995 წელს შეიძინა, მაგრამ მცდელობა, გუნდი ქინქლაძის გარშემო აშენებულიყო, იმიტომაც
ჩავარდა, რომ ინგლისში ჩაციკლულნი იყვნენ 4-4-2 სათამაშო სქემაზე

პრემიერლიგის რიგით 25-ე სეზონის დასრულება გვაძლევს შანსს, ტურნირის განვითარების გულისცემას დავაკვირდეთ. 1992/93 წლების სეზონი პირველი იყო, მაშინ თითქმის ყველა 4-4-2 ტაქტიკური სქემით თამაშობდა ფეხბურთს, შორეული ჩაწოდებული, რომელსაც ჩვეულებრივი მიქსერი მოჰყვებოდა ბურთის ბრძოლაში. ახლა კი პრემიერლიგის ტრენდი 3-4-2-1-ია, რთული კომბინაციებითა და პრესინგით.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი პრემიერლიგამ ტაქტიკურად 90-იანების შუა წლებში განიცადა. ამის მიზეზი რამდენიმე იყო: უკან პასის წესმა აიძულა გუნდები უკეთ "დაეჭირათ" ბურთი; ტელევიზიებიდან შემოსულმა დიდძალმა ფულმა კი პრემიერლიგა ბევრი ვარსკვლავისთვის გახადა მიმზიდველი, რასაც დაემატა სამი უცხოელის წესის გაუქმება.

1992 წლის აგვისტოში პრემიერლიგის 22 კლუბში მხოლოდ 11-მა უცხოელმა (მათ შორის ირლანდიელმა) დაიწყო I ტურის სასტარტოში. დეკადის ბოლოს კი უცხოელი მწვრთნელები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ, "ჩელსიმ" კი პირველმა გაიყვანა მოედანზე 11 სასტარტო, რომელთა შორისაც ერთიც კი არ ყოფილა ინგლისელი ფეხბურთელი.

ინგლისურმა ფეხბურთმა, რომელიც ტრადიციულად, ძალიან ნელა ითვისებს უცხოეთში დანერგილ სიახლეებს, თვალი გაახილა.

ამ პერიოდში პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფეხბურთელი იყო "მანჩესტერ სიტის" "ათიანი" გიორგი ქინქლაძე, აბსურდამდე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც "სიტის" თამაშში მაგიის ელემენტები შეიტანა.

ქინქლაძე იყო ისეთი ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც აქამდე არასოდეს ენახათ "სიტის" ფანებს - დიდებული დრიბლიორი, გამჭოლი პასების დიდოსტატი და საოცარი გოლების გამტანი.

მაგრამ ქინქლაძის თამაში ინგლისური 4-4-2-ისთვის შეუფერებელი გახლდათ, ამიტომაც "სიტის" მწვრთნელებს ტაქტიკური ექსპერიმენტების გატარება უწევდათ, რამაც კი გუნდი კატასტროფამდე მიიყვანა - "სიტი" გავარდა, როგორც ელიტიდან, ისე მომდევნო დივიზიონიდან.

ქინქლაძის და უფრო წარმატებული სხვა უცხოელების ისტორია, არის სწორედ იმ დროის პრემიერლიგის ისტორია.

მანჩესტერის სხვა Georgi, სასწაულმოქმედი...
შუა 90-იანებში ერიკ კანტონამ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის დომინანტ ძალად აქცია. ბუნებრივია, სხვა კლუბებიც ცდილობდნენ კანტონას დარი ვარსკვლავის პოვნას. კლუბებმა ეს შეძლეს - სანამ დენის ბერგკამპი "არსენალში" მივიდოდა (1995 წ.), კლუბმა პრემიერლიგა ქვედა ნახევარში დაასრულა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ "ჩელსიზე", სანამ იქ ჯანფრანკო ძოლა დაიწყებდა თამაშს (1996 წ.). ორივეს გადმოსვლამ ინგლისურ ფეხბურთში უფრო ტექნიკური, კონტინენტური სტილის დამკვირდებას შეუწყო ხელი.

მაგრამ ვარსკვლავური "ათიანის" წყალობით წარმატების მიღწევა არ გამოვიდა ალან ბოლის "სიტიში". ქინქლაძე ინგლისში მაშინ შეამჩნიეს, როცა საქართველომ სეისმური მნიშვნელობის დარტყმა მიაყენა უელსს, როცა 1994 წლის ნოემბერში 5:0 მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ სამი წელი იყო გასული, ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ოფიციალურ მატჩებში. ქინქლაძე თემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის უკან იყო განლაგებული 4-3-1-2 სისტემაში, მას მიჰყავდა თამაში და თავისი პირველი საერთაშორისო გოლიც გაიტანა.

"მათ გადაგვიარეს, ქინქლაძე უბრალოდ ყველას ერთი თავით სჯობდა, ის სულ სხვა კლასის ფეხბურთელი იყო", - თქვა მაშინ უელსელთა გოლკიპერმა ნევილ საუთჰოლმა.

უელსურ მატჩში, ქინქლაძე ისევ დომინანტი იყო, იმ შეხვედრაში მან ენით აუწერელი გოლი გაუტანა 25 იარდიდან ცაციით საუთჰოლს.

ქართველი უამრავ კლუბს სურდა, იყო წარუმატებელი მოსინჯვები "რეალთან" და "ატლეტიკოსთან", ერთთვიანი იჯარა "ბოკა ხუნიორსში", სადაც მსოფლიოში ყველაზე კარგად იციან "ათიანის" ფასი. იქ გიორგიმ თავისი კერპი დიეგო მარადონა ნახა. არც ერთ ამ კლუბს არ გაუფორმებია ქინქალაძე, ყველას "სიტიმ" აჯობა, ის ბოლის პირველი შენაძენი გახდლათ.

სტარტი კატასტროფული იყო - "სიტიმ" 11 თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა და 3 გოლი გაიტანა. ქინქლაძესაც პრობლემები ჰქონდა, სამშობლოს ნოსტალგია, ინგლისურის არცოდნა, სასტუმროში სამი თვის განმავლობაში მარტო ცხოვრება. ეს ყველაფერი დასრულდა მას მერე, რაც გიირგის ინგლისში ორმა მეგობარმა და დედამ, ხათუნამ ჩააკითხა. ამის შემდეგ მას ქართული კერძების გასინჯვაც შეეძლო.

და აი, ნოემბერში ქინქლაძემ პირველი გოლი გაიტანა. ამ გოლით "სიტიმ" "მეინ როუდზე" 1:0 დაამარცხა "ასტონ ვილა".

"ის დაბნეული იყო, არ იცოდა რით დაეწყო. ცოტას საუბრობდა ინგლისურად და მისთვის სრულიად უცხო იყო ინგლისური ფეხბურთის მებრძოლი სტილი, მაგრამ ბიჭს ჰქონდა უდიდესი ტალანტი", - იხსენებს ბოლი.

ქინქლაძის პრემიერლიგური გაელვება დასამახსოვრებელი გახდა, რამდენიმე სუპერგოლის წყალობით. პირველი იყო 1995 წლის დეკემბრის გოლი "მიდლსბროს" წინააღმდეგ, როცა მან მარჯვნიდან დაიწყო დრიბლინგი და მარცხენა ინსაიდის პოზიციამდე მივიდა, შემდეგ კი მოულოდნელად დალაშქრა შორეული კუთხე.

შემდეგი იყო პრემიერლიგის მარტის საუკეთესო გოლი "საუთჰემპტონის" კარში. მარჯვნიდან დაიწყო და პირდაპირ კარისკენ წავიდა, გზად ყველას გაუმკლავდა, დეივ ბიზანტი მოედანზე მოსვა და ბურთი თავზე გადაუდგო.

"ეს იყო გოლი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა მარადონას გოლს ინგლისის კარში. რა თქმა უნდა, არა იმას, ხელით რომ გაგვიტანა, - იხსენებდა ბოლი - ხალხი ხშირად გვეკითხებოდა, რატომ ვყიდულოდბით ამდენ უცხოელს. თუ ეს გოლი არ იყო პასუხი ამ კითხვაზე, მაშინ ის უბრალოდ არ არსებობს".
იხილეთ ვიდეო
გიორგი ქინქლაძის თამაში მანჩესტერ სიტიში
Sportall.Ge

"სიტის" ფანებს აღიზიანებდათ "იუნაიტედის" სიმძლავრე და კანტონას კულტი, ამიტომაც ქინქლაძე გააღმერთეს. საუკეთესო Georgi მანჩესტერში ბესტის შემდეგ. ეს სიყვარული ორმხრივი იყო, პირველი გაუცხოების შემდეგ, გიორგისაც შეუყვარდა იქაურობა და მალე დაქორწინდა მანჩესტერელ გოგონაზე.

"მას რომ წარმატებულ გუნდში ეთამაშა, - ამბობდა მაშინ ნაილ ქვინი - ის მოიგებდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, რადგან საოცარია, რაც მან ინგლისურ ფეხბურთში გააკეთა. ის ბრწყინვალე ბიჭი ჩანს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ერთი სიტყვაც არ იცის ინგლისურად", - ხუმრობდა ფორვარდი.

ქინქლაძე ბტიანულ პოპშიც შეიჭრა, "ოაზისმა" Wonderwall-ში ქინქლაძეს საოცარი სტროფები დაუთმო: All the runs that Kinky makes are blinding: "ქინქლაძე არის ან ყველაზე საშიში მოედანზე, რაც მინახავს, ან ყველაზე საუკეთესო".

სწორედ ნოელ გალაგერმა თქვა: "ეს ბიჭი ან ევროთასს მოგვაგებინებს, ამ მეოთხე დივიზიონში გაგვაგდებსო". მისმა უარესმა წინათგრძნობამ თითქმის გაამართლა, როცა ქინქლაძე 1998 წელს წავიდა "სიტიდან", გუნდი რანგით მესამე დივიზიონში თამაშობდა.

"სიტი" სწორედ იმიტომ გავარდა, რომ ბოლი გუნდს ქინქლაძის გარშემო აშენებდა. ფორვარდმა პოლ უოლშმა ერთხელ თქვა:

"ჩემთვის გიორგი "სიტის" პრობლემების კატალიზატორი გამოდგა. არ გამიგოთ ცუდად, გიორგის საოცარი ინდივიდუალური ოსტატობა ჰქონდა. თუ მისი ტოპგოლების ხუთეულს "იუთუბზე" ატვირთავთ, ის პლანეტის ნებისმიერ მაგარ ფეხბურთელს შეშურდება.

მაგრამ ბოლმა მას სრული ინდულგენცია მიანიჭა, მას სურდა, გუნდი ქინქლაძის გარშემო ჩამოყალიბებულიყო. სრულიად შეცვლილიყო გუნდის დინამიკა. ეს კი არ მოხდა. იმ ფეხბურთელის კვალობაზე, რომელზეც მთელი გუნდი მუშაობდა, გიორგიმ საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გაიტანა, ვერ იბრძოლა, თავით ვერ ითამაშა და საერთო ჯამში, მისი წვლილი არ აღმოჩნდა საკმარისი".

მას ეთანხმება ვინგერი ნიკი სამერბი:
"ბოლს უყვარდა გიორგი, ჩვენც ყველანი ვხედავდით, რა ნიჭიერი იყო იგი, მაგრამ ყველას არ მოსწონდა ეს. ქინქლაძის პრობლემა კი ის იყო, რომ ის ვერ თამაშობდა საუკეთესოდ 4-4-2 სისტემაში. ბოლი ცდილობდა ცვლილებების შეტანას, მაგრამ ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ მან არ იცოდა, რას აკეთებდა".

კით კერლი, რომელიც მაშინ "სიტის" კაპიტანი იყო, ყვება:
"მე მახსოვს მაშინდელი მატჩი "არსენალთან", რომელიც წავაგეთ იმ გოლის გამო, რომლის ეპიზოდშიც გიორგი ბურთიან კაცს არ გამოეკიდა. ბიჭები უკმაყოფილო იყვნენ და მწვრთნელსაც აგრძნობინეს ეს. პასუხად კი ბოლმა თქვა, რომ არც მათ მოუწევდათ ბურთიანი კაცის დევნა, თუკი გიორგისავით ნიჭიერები იქნებოდნენ".

როცა სიტი გავარდა, ბოლმა მხოლოდ სამი ტური გაძლო, ის ფრენკ კლარკით შეცვალეს, თუმცა კლარკიც იმავე გზას დაადგა.

"ჩემი სურვილი იყო გუნდის ქინქლაძის გარშემო აშენება, რადგან ეს საუკეთესო გზაა მისგან მაქსიმუმი მიიღო. ის ბრწყინვალე ტალანტია, რომელსაც არ უყვას სირბილი, თუ ბურთი არა აქვს. ამის გამო ბევრს გუნდში მის მიმართ არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება", - იხსენებს კლარკი.

როგორც ბოლი, კლარკიც ცვლიდა ტაქტიკურ სქემებს - 4-4-2 - ქართველი სიღრმეში დახეული ფორვარდი; 4-3-1-2 - ქართველი ფორვარდთა უკან:

"ჩვენ ვცდილობდით, ყველაფერი მასზე მოგვერგო. 4-3-1-2 სისტემა დიდებული იყო ქინქლაძისთვის, მაგრამ ის არ ვარგოდა დანარჩენი ფეხბურთელებისთვის, ამიტომ არ იმუშავა".

Sportall.Ge

კლარკი ჯო როილმა შეცვალა, რომელიც ნაკლებ რომანტიკას ეძებდა მოედანზე. მისი პირველი სიტყვები იყო: "ჩვენ უნდა გავყიდოთ ქინქლაძე".

"ქინქლაძე არ იყო გუნდური ტიპის ფეხბურთელი. მას ჰქონდა მისწრაფება მატჩის დროს დიდი ხნით "გამქრალიყო". ფანები მისგან მხოლოდ პოზიტივს ხედავდნენ, მე კი ნეგატივს კარგად ვარჩევდი".

ქართველი "აიაქსში" გაიყიდა, კლუბში, სადაც ძალიან აფასებენ შემტევ, ტექნიკურ ფეხბურთელებს და რომელიც 4-3-3 სისტემით თამაშობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იან ვოუტერსს "ათიანის" ადგილი არ ჰქონდა.

"მე კი არა, მარადონაც რომ ჰყოლოდა მას, მაინც არ შეცვლიდა სისტემას", - თქვა მერე პრემიერლიგაში დაბრუნებულმა ქინქლაძემ.

"დერბიში" მას ჰქონდა ბრწყინვალე გაელვებები, მაგრამ იმ დროისთვის მწვრთნელები უკვე დაიღალნენ, ქინქლაძის გარშემო გუნდების აშენებით.

ინგლისურ ფეხბურთში მოდიოდნენ ბრწყინვალე "ათიანები" კონტინენტიდან, მაგრამ ის მაინც რჩებოდა ძველებური 4-4-2-ის ასპარეზად.

"ათიანის" ყველაზე კარგი განსაზღვება კი ის არის, რომ ის არც ნახევარმცველია და არც ფორვარდი, რაღაც მათ შუაში. მაგრამ თითქმის ყველა "ათიანს" შეეძლო, ამ ორიდან ერთ-ერთის როლის შესრულება.

თუკი კანტონას, ძოლას, ბერგკამპის უკანდახევა - 4-4-1-1-ზე გადაწყობა კარგად მუშაობდა, ბრწყინვალე ტალანტებთან, გიორგი ქინქლაძესთან და ბრაზილიელ ჟუნინიოსთან ეს სქემა არ მუშაობდა. ორივე გუნდი გავარდა.

მაგრამ სანამ ამაში მათ დავადანაშაულებთ, ფორმულა ასე ჩამოვაყალიბოთ - მწვრთნელები აწყდებოდნენ პრობლემებს იმის გამო, რომ მათ უფრო მეტი არაორდინალური სქემა ესაჭიროებოდათ თამაშში, რაშიც ქინქლაძისა და ჟუნინიოს ინგლისელი თანაგუნდელები მოიკოჭლებდნენ. პრემიერლიგა უფრო და უფრო მეტ ტექნიკურ ფეხბურთელს იზიდავდა, მაგრამ ტაქტიკა მას ფეხს ვერ უბამდა, კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი რადიკალური წინსვლისთვის"...
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას გულისხმობდნენ:

And all the runs that Kinky makes are winding
And all the goals that City score are blinding
There are many times that we would like to score again
But we don't know how
'Cos maybe
You're gonna be the one that saves me
And after all
You're my Alan Ball
სიმღერა
22:07 10-06-2017
0
ქინქლაძეს,რომ შრომა ჰყვარებოდა, ვერც მესი და ვერც წარსულში მოთამაშე ვარსკვლავები ვერ შეედრებოდნენ, მას ბუნებით ჰქონდა მინიჭებული ტალანტი, მაგრამ როგორც მრავალ ქართველს ჩვევია შრომის მოყვარე არ იყო, ამის გარეშე კი წარმატება შეუძლებელია.ნეტავ კიდევ გამოჩნდებოდეს საქართველოში მისნაირი ტალანტები.
გიორგი
15:57 31-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული