გიორგი მაკარიძე: "ბენფიკასგან" ინტერესი ნამდვილად არის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარის, გიორგი მაკარიძის გადაბირება პორტუგალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, ლისაბონის "ბენფიკას" რომ სურს, ეს უკვე გაცნობეთ. თემა სწრაფად აიტაცა პორტუგალიურმა მედიამ და მაკარიძის ტრანსფერს ადგილი ისეთმა სერიოზულმა გამოცემამაც დაუთმო, როგორიც "ა ბოლაა"...

თუ ეს ტრანსფერი შედგა, განსაკუთრებული იქნება ბოლო დროის ქართულ საფეხბურთო რეალობაში. ასეთ სახელიან გუნდში ქართველს კარგა ხანია არ უთამაშია. მაკარიძე ალალად იმსახურებს შანსს. მან გაუძლო არაერთ იმედგაცრუებას და თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს...

ის კი არა, ერთ-ერთმა პორტუგალიურმა ტელეარხმა სპეციალური სიუჟეტიც კი მიუძღვნა
"ბენფიკაში" მაკარიძის შესაძლო ტრანსფერს. გარიგების ალბათობას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზრდის: პირველი მიზეზი არახალია და არც უცხოა თანამედროვე ფეხბურთში - "ბენფიკასა" და პორტუგალიური ფეხბურთის კიდევ ორ გიგანტს, "პორტუსა" და "სპორტინგს", ადგილობრივი პატარა კლუბები შიდა ბაზარზე ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ.

მეორეც: ამ დროისთვის, "ბენფიკა" მეკარის პოზიციაზე, რეალურად, მხოლოდ ვეტერანი ბრაზილიელის, ჟულიო სეზარის იმედადაა დარჩენილი, რადგან ამ გუნდის მთავარი გოლკიპერი ედერსონ მორაეში კარიერას "მანჩესტერ სიტიში" აგრძელებს...

მაკარიძეს საუცხოო სეზონი ჰქონდა "მორეირენშეში", სადაც პორტუგალიის თასი მოიგო. მთელ რიგ შემთხვევებში ის ლამის მარტო უმკლავდებოდა მოწინააღმდეგის იერიშებს...

ქართველი მეკარის შესანიშნავი გარჯის დადასტურება იყო ის ფაქტი, რომ კარგახნიანი პაუზის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს და მოლდოვასთან გასვლით საკვალიფიკაციო შეხვედრაში თავიდან ბოლომდე იცავდა ქვეყნის უპირველესი გუნდის კარს.

მაკარიძესთან ძირითადად კიშინიოვურ მატჩზე ვისაუბრეთ...

- სანაკრებო თემით დავიწყოთ. როგორი გრძნობაა, როცა საქართველოს ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებით და ოფიციალურ შეხვედრას იწყებთ ძირითად შემადგენლობაში? ხომ არ ნერვიულობდით?
- ჯერ ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ ნაკრებში მიხმეს და პირდაპირ გეტყვით - ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. რაც შეეხება ემოციურ მომენტს, ნამდვილად არ ვნერვიულობდი.

- საინტერესოა კიშინიოვური მატჩის თქვენეული შეფასება. რა დაგვაკლდა გამარჯვებამდე?
- პირველ ტაიმში ორი უაზრო გოლი გავუშვით. თამაშის წინ დიდხანს ვარჩევდით მოლდოველთა "სტანდარტებს", ვიცოდით, რომ მეკარესა და მცველებს შორის აწვდიდნენ, მაგრამ... კონცენტრაცია დაგვაკლდა ყველას - მეც და მცველებსაც. თან მეორე გოლისას ყველამ ვნახეთ, რომ ბურთი გადავიდა, მაგრამ ესეც კი არ გვამართლებს. პირველ ტაიმში ძალიან სუსტად გამოვიყურებოდით და... პირდაპირ რომ გითხრათ, პირველ ტაიმში 0:2 დავიმსახურეთ. მეორე ტაიმი კი ძალიან კარგად ჩავატარეთ და მოგებაც შეგვეძლო.

- ისე ჩანდა, რომ არც ერთი გაშვებული გოლისას არ შეგეძლოთ გუნდის გადარჩენა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა რომელიმე დარტყმის მოგერიება?
- გუნდის გადარჩენა მეკარეს ყოველთვის შეუძლია. პირველ გოლს რაც შეეხება, დაბალი ბურთი იყო, მოულოდნელად გაძვრა და ბოლოს თითქმის უშანსოდ ვიყავი. რაც შეეხება მეორე გოლს, ვიცოდი, რომ ზუსტად იქ დაარტყამდა... თანაც, მეორე მხრიდან გურამ კაშია კეტავდა მოწინააღმდეგეს. დავრჩი იმ კუთხეში, სადაც ვიდექი და ეს სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან ძლიერად დაარტყა და ვერ მოვასწარი რეაგირება.

ალბათ, შემეძლო, გამერისკა და იმ მომენტში კიდევ უფრო მარცხნივ გავჩერებულიყავი, ასეთ შემთხვევაში ბურთი მე მომხვდებოდა.

- ყველა უზომოდ გაგვახარა "ბენფიკას" ინტერესმა. ფაქტია, სერიოზული პორტუგალიური გაზეთები ტყუილად არაფერს დაწერენ. რა ხდება რეალურად?
- ინტერესი არის და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაო?მარტო მას არ მიუზღვის ბრალიო?რას ამბობ ლუკა,რა შუაში იყო მაკარიძე იმ გოლებში?აი დაცვა კი მართლა ძალიან ეხმარებოდა მეტოქეს და როცა ისინი ვერაფერს ახერხებდნენ,უკვე თვითონვე აძლევდნენ პასებს.არ ვიცი ,ჩანაწერი აღარ მინახია,მაგრამ ჩემი მაშინდელი ემოცია, ასეთი იყო.
სოსო
09:20 19-06-2017
0
წარმატებას ვუსურვებ მაკარიძეს. იმსახურებს ბენფიკაში ან უკეთეს გუნდში გადასვლას. მოლდოვასთან გაშვებულ გოლებში მარტო მას არ მიუძღვის წვლილი, მას დაცვაც დაეხმარა.
ლუკა
17:19 18-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული