ლევან ჭაფოძე: ლიტვაში ძალისმიერი ფეხბურთია და მოედანზე დისციპლინას ყველა იცავს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ყოფილი კაპიტანი ლევან ჭაფოძე თებერვლიდან "კაუნო ჟალგირისის" შემადგენლობაში ასპარეზობს.

მანამდე ჭაფოძემ ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა, რის გამოც ნახევარი წელი უფეხბურთოდ დარჩა. შემდეგ ფეხბურთელი ლიტვაში გადაბარგდა. მისი გუნდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის - უმაღლეს, "ა" ლიგაში ასპარეზობს და 16 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლო, მე-8 ადგილზეა.

Sportall.ge-მ 28 წლის მცველთან ინტერვიუ ჩაწერა.

- "ცხინვალში" ყოფნის პერიოდში მუხლის ორი უმძიმესი ტრავმა მივიღე, რაც ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ერთი წლის განმავლობაში ორი ოპერაცია გავიკეთე, ეს კი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მძიმეა.

ოპერაცის
შემდეგ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ყველაზე რთული, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი იწყება. გადავწყვიტე, სარებილიტაციო კურსი ლიტვაში გამევლო.

მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო "ცხინვალის" ხელმძღვანელობას და მაშინდელ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი გუნდს ვერაფრით ვეხმარებოდი, მაინც გუნდის წევრად ვითვლებოდი. ყველა ვალდებულება კლუბს ჰქონდა აღებული. კონტრაქტიც გამიხანგრძლივეს, რაც საქართველოში ასეთ დროს იშვიათია.

- როგორც წესი, ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნება რთულია. როდის და როგორ გაჩნდა "ჟალგირისის" ვარიანტი?
- კი, ასეა. ფეხბურთი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მქონდა ნათამაშები და ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწია. ლიტვაში ერთ დროს ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და "ჟალგირისში" სწორედ მათი რეკომენდაციით მოვხვდი. მადლობა მათ დახმარებისთვის.

იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარე, ჩემთვის მთავარი დაბრუნება იყო. ყველა თავს არიდებს ტრავმირებული ფეხბურთელის დამატებას, მით უმეტეს, ამხელა პაუზის შემდეგ. "ჟალგირისში" გაგებით მოეკიდნენ ჩემს მდგომარეობას და შანსი მომცეს, კონტრაქტი შემომთავაზეს.

იყო საქართველოდანაც შემოთავაზებები, კონკრეტულად, პრო 2-ის კლუბებიდან...

- 16 ტურის შემდეგ "კაუნო ჟალგირისი" ჩემპიონატის აუტსაიდერია. ეს რით აიხსნება?
- ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ. რამდენიმე ლეგიონერი დავიმატეთ და უთამაშებლობის პრობლემაც გვქონდა. ბოლო ტურებია, თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ, ზედიზედ სამი მატჩი მოვიგეთ და თანაც ისე, რომ გოლი არ გაგვიშვია. შემდეგ წრეს უკეთესად დავიწყებთ.

- საქართველოს ეროვნულ ლიგაში არაერთი წელი გაატარე. რა განსხვავებაა ჩვენსა და ლიტვურ ფეხბურთს შორის?
- საქართველოს მსგავსად, ლიტვაშიცაა რამდენიმე გამორჩეული კლუბი. აქ უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, სათამაშო დისციპლინას მოედანზე ყველა იცავს. შეფუთვის მხრივ, აქ გადაცემებია, სადაც თამაშების განხილვა ხდება, რაც ფეხბურთს ძალიან უხდება.

- თავად ლიტვა როგორ მოგწონს? ქართველს რამდენად გაგიჭირდა ამ ქვეყანასთან ადაპტაცია?
- მშვიდი ევროპული ქვეყანაა თავისი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ლიტველებს ქართველები ძალიან უყვართ. ჩვენგან განსხვავებული კულინარია აქვთ. მათი კერძებიდან კი ციპელინს გამოვარჩევდი...

საერთოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მეუღლე ლიტველი მყავს, აქ ადაპტაცია არ გამჭირვებია.

- ალბათ, საქართველოს ეროვნულ ლიგასაც ადევნებ თვალს...
- კი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ახალმა ფორმატმა ჩემპიონატი უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა. ბევრი ახალგაზრდა საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა.

- შემოთავაზების შემთხვევაში, დაბრუნდებოდი?
- "ჟალგირისთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებს. ახლა მთავარია, ყველა მატჩში ვითამაშო. მერე კი ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული