[მოედანს მიღმა] გიორგი მერებაშვილი - უბრალოდ, ადამიანი

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "მოედანს მიღმა", რომლის მორიგი სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილია.

გიორგის თავდაპირველად ბავშვობის წლების გახსენება ვთხოვეთ.

- გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ქვეყანაში მთლად კარგი მდგომარეობა ვერ იყო, ბავშვობა რთული მქონდა. ჩემს ოჯახს დიდი პრობლემები ჰქონდა და დღემდე ვერ წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იკვებებოდნენ.

შემდეგ მამა რუსეთში გაემგზავრა, რადგან საქართველოში საქმიანობა უკვე გამორიცხული იყო, ოჯახს შემოსავლის წყარო არ გააჩნდა. ბრძოლით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძელით
და ფეხზე დავდექით.

მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, თავი ცუდად არ მეგრძნო და როცა ფეხბურთზე დავიწყე სიარული, მაშინაც მაქსიმალურად გვერდში დამიდგნენ.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ტკბილად მახსენდება პერიოდი, როცა უშუქობის დროს მთელი სამეზობლო ერთ ოთახში ვიყავით.

- როგორი მოსწავლე იყავი?
- ძალიან კარგი. მე-6 კლასის ჩათვლით ხუთოსანი ვიყავი. პირველი "ორიანი" მე-7 კლასში მივიღე და ძალიან განვიცადე, თუმცა ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა სწავლასა და ფეხბურთს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. თამაშები დამეწყო, შეკრებებზე მიწევდა წასვლა და სკოლაში ვეღარ დავდიოდი, შედეგად კი პროგრამას ჩამოვრჩი.

ჩემთვის მთავარი ფეხბურთი იყო და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. იგივენაირად მოვიქცეოდი დღესაც, არჩევანის გაკეთება ახლა რომ მიწევდეს.

- საყვარელი საგანი რომელი იყო?
- გეოგრაფია და ისტორია. ორივე საგანში კარგი მასწავლებელი მყავდა და ალბათ, ამის გამოც მომწონდა ეს საგნები.

- პატარაობაში რაზე ოცნებობდი?
- ფეხბურთელობაზე. ზოგადად, სპორტული ოჯახიდან ვარ: მამა ყოფილი მოჭიდავეა, დედა - ხელბურთელი, მეც სპორტს მივყევი.

- პირველი სიყვარული...
- ჯერ ბაღში იყო, შემდეგ 12-13 წლის ასაკში, თუმცა სერიოზული არაფერი. პირველი ნამდვილი სიყვარული 21 წლის ასაკში მეწვია.

- კითხვა გიყვარს?
- არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვცდილობ წაკითხვას. ბოლოს "ფორთოხლის გოგონა" წავიკითხე.

- სად შეიძლება ადამიანმა ყველაზე ხშირად გნახოს?
- შინ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და დრო როცა მრჩება, ვცდილობ, ის მაქსიმალურად ოჯახთან გავატარო.

- მტრები გყავს?

- ალბათ, კი (იცინის).

Sportall.Ge

- როგორია შენი დამოკიდებულება ფულის მიმართ?
- ჩემთვის ის პირველ ადგილზე არასოდეს ყოფილა. ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი კარიერა, დაადასტურებს. ფინანსურად ბევრად უკეთესი შემოთავაზებები მქონია, მაგრამ ფულსა და ფეხბურთს შორის არჩევანს ყოველთვის მეორის სასარგებლოდ ვაკეთებდი.

- რომელია შენი ცუდი თვისება?
- ხშირად მეუბნებიან, ძალიან ჯიუტი ხარო, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოლო დროს გამოვსწორდი (იცინის).

- სპორტის სხვა სახეობებიდან რომელიმე თუ მოგწონს?
- ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში. მიყვარს კალათბურთიც, მაგრამ ვერ ვთამაშობ, ნიჭი არ მაქვს. მამაჩემის ფაქტორის გამო ჭიდაობაც მიყვარს.

- კარიერის დასრულების შემდეგ რითი დაკავდები, პოლიტიკაში ხომ არ წახვალ?
- პოლიტიკაში - არა. გადაწყვეტილი მაქვს, ფეხბურთში დავრჩე. მწვრთნელობა მინდა და იმედია, წარმატებული მწვრთნელი ვიქნები.

- იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, რომლებშიც ნამყოფი ხარ, რომელი და რით დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი და ასე ერთი კონკრეტულის გამოყოფა მიჭირს, თუმცა, ვინაიდან კატალონიის "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, მაინც ბარსელონა.

- ყველაზე გემრიელი უცხოური კერძი, რაც კი გაგისინჯავს...
- ქართველებს იმდენი და ისეთი კერძი გვაქვს, რთულია, რამემ გაგვაკვირვოს...

- ქალაქში ხშირად გცნობენ?
- უცხოეთში კი, აი, საქართველოში კი იშვიათად.

- ექსტრიმი თუ გხიბლავს?
- მიზიდავს თხილამურები, თუმცა ფეხბურთელისთვის ის საშიშია, შესაძლოა, ტრავმა მიგაღებინოს. კარიერის დასრულების შემდეგ დიდი სიამოვნებით ვცდი...

- დარჩა მსოფლიოში ადგილი, რომლის ნახვაც გინდა?
- კი, საფრანგეთი.

- ზედმეტსახელი გაქვს?
- მერებ (იცინის).

Sportall.Ge

- შეგიძლია დაასახელო ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოტივაცია მოგცეს/გაძლევენ?
- ფეხბურთში პირველ დიდ სირთულეს რომ გადავაწყდი, მაშინ მამამ მომცა დიდი მოტივაცია. ამიხსნა სიტუაცია, ყველაფერს სხვა თვალით შემახედა.

ასევე - ჩემი მეგობრები, გულშემატკივრები - მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. რთული პერიოდები ყველას გვაქვს და ისინი მეხმარებიან ასეთ დროს.

- გიორგი მერებაშვილი მოედანსა და მის მიღმა - რამდენად დიდია განსხვავება ხასიათში?
- ვფიქრობ, არც ისე დიდი. მოედანზე ყოფნისას, ვცდილობ, სხვა პრობლემებზე არ ვიფიქრო და მთლიანად მატჩზე ვიყო კონცენტრირებული.

- რას ასწავლი პატარა მერებაშვილს?
- იმას, რომ იცხოვროს სიმართლით, აკეთოს სიკეთე და თავის თავთან იყოს მართალი.

- ყველაზე მეტად რა არ მოგწონს სხვა ადამიანში?
- ტყუილი და არ მომწონს, როცა ვინმესთან საჭიროების გამო მეგობრობენ.

- ხშირად ჩხუბობ?
- არა (იცინის).

- დაბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, დაგვიხასიათე საკუთარი თავი სამი სიტყვით...
- შრომისმოყვარე, მიზანდასახული და უბრალოდ, ადამიანი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Gio Getkoba ro mariagi da pigo.... fexburteli ro ar xar da gmertma gamarjvebuli gataros kvelgan.
Kaxa qartveli.
10:50 28-06-2017
0
არა ბიჭო მადლობაზე თამაშობ
krazana
09:59 28-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული