[ოთხშაბათის საკითხავი] გვეწყინა, მაგრამ უნდა შევეგუოთ!..

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" წავიდა, საბა ლობჟანიძე კი - დანიურ "რანდერსში". ამბობენ, რომ გადაწყვეტილია გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბელგიურ "გენტში". შეიძლება სხვებიც წავიდნენ, მაგალითად - ბაჩანა არაბული, ვისი კონტრაქტიც "დინამოსთან" სულ მალე მთავრდება...

ამ ტრანსფერებს გულშემატკივრებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი აღმაფრენისა და ნაჩვენები თამაშის ფონზე უპრიანი იქნებოდა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და ახალი ფორმაციის "დინამოს", ამ შემადგენლობით, ერთხელ მაინც უნდა ეთამაშა ევროთასებზე. რა თქმა უნდა, ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ისიცაა, რომ მომხდარში
მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობას ვერ დავადანაშაულებთ.

თავიდათავი, ანუ ამოსავალი წერტილი ამ ამბავში ის არის, რომ ფეხბურთელს ძალით ვერაფრით დაიჭერ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთი არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უდგება საქმეს. "დინამო" იქნება თუ სხვა კლუბი, როცა ჩნდება ახალი ნაპერწკალი და იმედი, ზოგადად ჯობია, რომ მისი ნაყოფი ვნახოთ. სხვისი არ ვიცი და, პირადად მე რომ ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი თუნდაც ერთი სეზონი, მაგრამ ზოგადად ასეა - ფეხბურთელი მიდის იქ, სადაც მისთვის უკეთესია.

სანამ ბოლომდე გავამტყუნებდეთ ფეხბურთელის საქციელს, რეალურად შევხედოთ საკითხს და განვსაჯოთ, რატომ მიდის ის საქართველოდან. შევთანხმდეთ: არავინ არასოდეს არ გარბის იქიდან, სადაც ყველაფერი ასე თუ ისე კარგადაა.

საქართველოში დღეს მხოლოდ ერთი კლუბია, პირობებითა თუ გაქანებით ევროპულ დონეს მეტ-ნაკლებად რომ პასუხობს - თბილისის "დინამო". შეიძლება "დინამოს" ჰქონდეს ჩავარდნა და ეპიზოდურად რომელიმე გუნდმა ამით ისარგებლოს, მაგრამ ჩვენ თუ პროცესს ვუყურებთ, პროცესში ასეა.

"დინამოს" ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს დიღმის ბაზაზე, მაგრამ გამოდის ბაზიდან, სცდება ეროვნულ სტადიონს და ამის შემდეგ ეს კომფორტი მთავრდება. აქ მხოლოდ ფულში როდია საქმე - ხშირად მათ ისეთ ვითარებაში უწევთ ფეხბურთის თამაში, ისეთ სტადიონებზე აგორებენ ბურთს, ისეთ თამაშებს ნახულობენ საქართველოს ჩემპიონატში, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის სივრცეში ყოფნის სურვილი უქრებათ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შენარჩუნების მთავარი განმაპირობებელი მაინც ფულია. მე არ ვიცი, ამ ეტაპზე შეუძლია თუ არა "დინამოს" ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტების ხელფასის გაცემა. იქნებ შეუძლია კიდეც, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გონივრულია საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სახელფასო ზღვრის დაწესება, ამხელა ფულის გადახდა მაშინ, როცა საერთოდ არ არის ჩვენს ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი გარემო და როცა სხვა გუნდები იმის ნახევრის ნახევარსაც ვერ აიღებენ, რაც "დინამოს" ფეხბურთელებმა უნდა აიღონ.

სხვათა შორის, ამ გზით სიარული ერთხელ უკვე სცადა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შეფობამ და შედეგად მიიღო თითქმის წყალში გადაყრილი ფული. საქართველოს ჩემპიონი "დინამო", ალბათ, სხვა შემთხვევაშიც გახდებოდა, ევროთასებზე კი გუნდმა ისეთს ვერაფერს მიაღწია, გასახსენებლად რომ ღირდეს.

საქმეს ეს უშველის: საქართველოში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს 2-3 ძლიერი, ფინანსურად წელმაგარი, კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსებული კლუბი. მე რომ ვუყურებ, დღეს "დინამო" მარტოა ქართული საფეხბურთო პირამიდის წვერში და რაც უფრო ნაკლებ ხანს გაუგრძელდება ასე ეულად ყოფნა, მით უკეთესი გუნდისთვის.

სხვათა შორის, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას არაერთხელ უსაუბრია ამ პრობლემაზე. ვიცით, რომ მას სურს რეალურად ძლიერი კონკურენტ(ებ)ის გამოჩენა, მაგრამ ჯერ ვერ არის ასე. ერთ სეზონში ერთი კლუბი სხვაზე უკეთესია, მეორეში ის სხვა აჯობებს წინას და მიდის ასე...

ფეხბურთელის კარიერა კი ძალიან ხანმოკლეა. უკეთეს შემთხვევაში ის 15 წელს გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველას სურს, ითამაშოს იქ, სადაც უკეთესი პირობებია. მაგალითად, თუნდაც იგივე ხელფასი იყოს დანიაში, იქ თამაში სჯობს "ჩელე არენასა" და რიგ სხვა ქართულ სტადიონებზე ბურთის გორებას.

იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა თავად მაქვს ნანახი და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ შედარება, უბრალოდ, უხერხულია. როცა მოთამაშეს, ვთქვათ, დანიაში წასვლის შანსი აქვს და მეორე ალტერნატივა საქართველოში თამაშია, ის ამ არჩევანს დაუფიქრებლად აკეთებს. აკეთებს საათივით აწყობილი საფეხბურთო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გამო.

ისე ჩანს, რომ თბილისის "დინამოს" ახალი გზა რაღაცით უნდა დაემსგავსოს ზაგრების "დინამოს" სავალს. ქართულ რეალობაში, სანამ სიტუაცია არ შეცვლილა, ეს გზა ოპტიმალურად მოჩანს. ეგაა, ხორვატიული "დინამო" ახერხებს და თავის ტალანტებს ერთ ან ორ სეზონს მაინც ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ საქმე გამონაკლისს არ ეხება.

მომკალით და, მაინც ნაადრევი მგონია გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო წასვლა "დინამოდან". შეთავაზებაც, რაც მე ვიცი, კარგია და ის კლუბიც, სადაც წესით, უნდა წავიდეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს კარგი ტრამპლინია, მაგრამ...

გინდა თუ არა, ჩნდება კითხვები - მზად არის კი ჯერაც სულ ბავშვი ჩაკვეტაძე უცხოური გამოწვევისთვის? ექნება კი მას იმდენი ნდობა და სათამაშო პრაქტიკა, რამდენიც ჰქონდა "დინამოში"?

ჩვენ გვწყინს, როცა საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები სხვაგან მიდიან სათამაშოდ. გვწყინს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ, სანამ ნამდვილი ფეხბურთი არ გვექნება. ჩვენ ვერ ვიქნებით ფეხბურთელის მსაჯულნი მაშინ, როცა მას უარესსა და უკეთესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ჩვენ ის შეგვიძლია მხოლოდ მაშინ განვსაჯოთ, როცა დაახლოებით თანაბარ ჩემპიონატსა და პირობებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

როგორმე უნდა მოვახერხოთ და საქართველოს ჩემპიონატი საშუალოევროპულ სტანდარტს მივუახლოოთ. რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. მაშინ გაქცევაზე ბევრი აღარ იფიქრებს. ამას კი ევროთასებზე წარმატების მიღწევა სჭირდება. რაც უნდა ვწეროთ საქართველოს ჩემპიონატის პროგრესზე და უკეთ შეფუთვაზე, სულ წყლის ნაყვაა ყველაფერი, სანამ ეს ევროტურნირებზე მიღწეული შედეგით არ დადასტურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ბიჭებს უნდა მიეცეს ნაკრებში თამაშის დრო და კიდევ მეტს იტყვიან, აუცილებელია ამათი პროგრესი ჩვენი მომავალი ფეხბურთისთვის!!!
ლაშა
10:00 30-06-2017
0
კობიაშვილს, აღარც სტადიონების აშენება აინტერესებს და აღარც მთლიანად საფეხბურთო ინფრასტრუქტურა , თან გვატყუებენ ქომაგებს ჩემპიონატის დონე აიწევსო ,სად გაგონილა ნორმალური მოედნების გარეშე ფეხბურთის თამაში ???
ქომაგი
10:12 29-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული