ლეგიონის უქმეები: სუპერთასი თამაშით და თამაშის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერთასის მფლობელია, ხოლო დავით ხოჭოლავა - უკრაინის. უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალეს. ვინაიდან ჩემპიონატები დაიწყო რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში, ჩვენი მიმოხილვაც გაფართოვდა, რადგან ამ ქვეყნებში ბევრი ჩვენებური თამაშობს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
პოლონეთის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალზე საინტერესოა, რადგან იქ 6 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. I ტურში გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ 0:2 დამარცხდა "ლეხიასთან", ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. წააგო მათე ცინცაძის "პოგონმაც", რომელმაც "ვისლას" უმასპინძლა - 1:2. მათე სათადარიგო იყო. "არკასა" და "შლიონსკის" მატჩში (2:0) ქართველთა დუელი არ
შედგა, მასპინძელთა ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ტრავმირებულია, სტუმრების მცველი ლაშა დვალი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ავსტრია. თასი I რაუნდი.
ავსტრიაში სეზონი თასის გათამაშებით დაიწყო, რომელშიც 19 წლის ლევან ელოშვილის "კაპფენბერგი" "ზანკტ იოჰანს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. ელოშვილი მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველის გუნდი, რომელიც I ლიგაში თამაშობს, თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

24 წლის ლაშა ძიძიგურის ახალი გუნდი, "გრიოდიგიც" შემდეგ ეტაპზეა მას მერე, რაც დამატებით დროში სტუმრად დაამარცხა "ზეეკირხენი" - 2:1. 75-ე წუთზე ანგარიში მატჩის გმირმა იუკიჩმა (მან დუბლი შეასრულა) სწორედ ქართველი ფორვარდის პასით გახსნა. ძიძიგური 117-ე წუთზე შეცვალეს. "კაპფენბერგერისგან" განსხვავებით, "გრიოდიგი" ერთი დონით დაბლა, რეგიონალლიგაში თამაშობს.

გიორგი ქვილითაიას (ტრავმა) "რაპიდმა" "შვაცის" წინააღმდეგობა დაძლია - 2:0 და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დანია სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის ოფიციალური დებიუტი "სონდერისკესთან" საგარეო მატჩში (0:0) შედგა, ჩვენებურმა "რანდერსის" რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა.

დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "ლუნგბიუს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში სხირტლაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში ის გააფრთხილეს, 73-ე წუთზე კი გამოცვალეს.

შვედეთი. ოლსვენსკანი.
ჩემპიონატში პირველად იზეიმა გამარჯვება ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ", რომელმაც "კალმარი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მოგების მიუხედავად, "ესკილსტუნა" ისევ ბოლო ადგილზეა.

უნგრეთი. ოტპ ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ვაშაშს", ქართველი მატჩის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

გადაიდო "ბალმაზივაროშში" ბაჩანა არაბულის დებიუტი, ქართველი სათადარიგო იყო, მისმა გუნდმა კი სტუმრად 1:1 ითამაშა "ვიდეოტონთან".

ფინეთი. იუკონენლიგა.
ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა კპვ-მ სტუმრად ირაკლი სირბილაძის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა "გნისტანი". ეს ჩვენებურის მესამე გოლია ჩემპიონატში. მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო.

რუსეთი. სუპერთასი.
14 ივლისს რუსეთის სუპერთასის მატჩში ჩემპიონი "სპარტაკი" თასის მფლობელ "ლოკომოტივს" ეთამაშა, დამატებით დროში 2:1 მოუგო და სუპერთასს ისტორიაში პირველად დაეპატრონა.

"სპარტაკის" რიგებში ჯანო ანანიძე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო "ლოკომოტივში" საბა კვირკველიამ პირველივე წუთებიდან ბოლომდე ითამაშა. წაგებულთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველი მცველი.

პრემიერლიგა.
გიორგი ჭანტურიას "ურალი" შინ "როსტოვს" დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში გამოჯანმრთელებული ჭანტურია სათადარიგო იყო.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" სტუმრად მოგებით დაიწყო ჩემპიონატი, ქართველი მცველის გუნდმა 1:0 დაამარცხა "ტოსნო". ტაბიძემ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა "უფას" რიგებში" შეუცვლელად (ჩემპიონატის შეფასება 7,5 ბალი).

აი, ჯაბა ლიპარტიას დებიუტი "ანჟიში" კი მარცხიანი გამოდგა, შინ ცსკა-სთან - 1:3. ჯაბა სასტარტოში იყო, ის 56-ე წუთზე შეცვალეს (6 ბალი).

თორნიკე ოქრიაშვილის (ტრავმა) "კრასნოდარმა" სტუმრად "რუბინის" ძლევით დაიწყო ახალი სეზონი 2:1.

I ლიგა.
II ტურში პირველი მარცხი იწვნია თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა", რომელიც სტუმრად "სპარტაკის" დუბლებთან დამარცხდა - 0:1. ელგუჯა ლობჯანიძე მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ლორიას გარეშე დაუზავდა სტუმრად "კრილია სოვეტოვი" "ოლიმპიეცს" - 0:0.

უკრაინა. სუპერთასი.
დავით ხოჭოლავას დებიუტი "შახტარში" არ შედგა, სუპერთასის მატჩში "შახტარმა" 2:0 მოუგო კიევის "დინამოს", ქართველი კი განაცხადში არ ყოფილა.

ლატვია. ვირშლიგა.
ქართველთა "რიგასი" სტუმრად დაუზავდა "ელგავას" - 1:1. ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი 82-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. გიორგი ერისთავის (90 წ) "ლიეპაია" შინ 0:1 დამარცხდა "მეტასთან".

ესტონეთი. მეისტრილიგა.
XIX ტურში ლიდერთა ჯახი იყო, ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" "ლევადიას" უმასპინძლა 3:3 დაუზავდა და კონკურენტზე 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ანგარიში მე-3 წუთზე ბეგლარიშვილმა გახსნა, რომელიც მე-80 წუთზე გამოცვალეს. 27 წლის ნახევარმცველს 18 თამაშში 10 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ახლახან ქართველი მეისტრილიგას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს II რაუნდში (X-XVIII ტურები). ამ ტურებში მან 6 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყაზახეთი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" 2:0 იმარჯვა "აკჟაიკთან" შეხვედრაში, ქართველმა ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ მეორე საგოლე შეტევაც წამოიწყო, მან შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოგიტა გოგუას (მეორე ტაიმი ითამაშა) "ოკჟეტპესი" სტუმრად "შახტიორთან" 0:1 დამარცხდა.

სტუმრად წააგო ლადო დვალიშვილისა (შუეცვლელად ითამაშა) და უჩა ლობჟანიძის (განაცხადში არ ყოფილა) "ატირაუმაც" - 0:2 "კაისართან" შეხვედრაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შახტარის დედაც, არ უნდა გადასულიყო. რა გუნდი შახტარია ერთი რო იზეიმეთ, მაგის ნათამაშები ფეხბურთი, რასაც ქვია არ მინახია, დარბიან ცხენებივით, ქართველი მანდ ვერ ჩაჯდება, რადგან იგი შემოქმედია. კანკავამ ითამაშა რადგან , აღარ მინდა ახლა რო ვთქვა. ეგ უნდა გადასულიყო ჰოლანდია, პორტუგალია, ბაზელი მაგალითად, რუსეთი ბოლობოლო, არ გატამაშებენ ამ შახტარში და
vaso
14:34 17-07-2017
0
რა მიზეზით არ იყო განაცხადში ხოჭოლავა ხომ არ იცით?
kika
13:09 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული