თუმცა სანდროს კარგი თამაშის გამო ყველას გამორჩა, რომ კიევის "ობოლონიდან" ერთადერთი გოლი ასევე ქართველმა ირაკლი მესხიამ გაიტანა. ირაკლიმ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 81-ე წუთზე შეცვალეს.
19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საგაზაფხულო ეტაპზე უკვე მესამედ მოირგო "ობოლონის" ფორმა. აქედან ორჯერ ძირითადში ითამაშა, ერთხელ შეცვლაზე და სადებიუტო გოლი
გოლი კი ეფექტური იყო: თანაგუნდელმა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მესხიამ კი ბურთი თავზე გადაუგდო.
"ობოლონიდან" მხოლოდ 19 წლის უკრაინელი(?!) ირაკლი მესხიას აღნიშვნა შეიძლება. ამ მებრძოლი ბიჭის დახმარებით კიეველებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს. ლუდსახარშის გუნდიდან სხვას ვერავის გამოვარჩევთ", - წერს უკრაინული "სპორტ-ექსპრესი".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მესხია დუბლების წამყვანი ფეხბურთელი იყო, კიევის "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში კი წელს გამოჩნდა.
ირაკლიმ თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი მთავარ გუნდში გაიარა. მთავარ მწვრთნელს, სერგეი კონიუშენკოს მოეწონა და დააწინაურა.
კონიუშენკოს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა არის მიზეზი, ბოლო დროს ირაკლი მესხიას ხშირად რომ ენდობითო.
"რატომ არ უნდა ვენდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელს? თუკი ის სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ვერ ვხედავ დაბრკოლებას, თუ რატომ არ უნდა შევუშვა მოედანზე. მესხიას კი ძირითადში ადგილის მოპოვების დიდი სურვილი აღმოაჩნდა. მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის ირაკლი ძირითადში საკმაოდ კარგად გამოიყურება", - ამბობს "ობოლონის" მთავარი მწვრთნელი.
ირაკლის ოჯახი საქართველოში, გალში ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახი იძულებით აიყარა და თბილისში დასახლდა.
ჯერ კიდევ ზამთარში გვითხრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჭედიამ, რომ მესხიას გასინჯვა სურდა, მაგრამ ირაკლი უკრაინის მოქალაქეა და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა.
ინფორმაცია გადავამოწმეთ და ახლაც დაგვიდასტურეს, რომ საკითხი კვლავ აქტუალურია. ნაკრების წარმომადგენლები მის მშობლებს უკვე შეხვდნენ და მამამისმა სურვილი გამოთქვა, რომ ირაკლიმ საქართველოს პასპორტი მიიღოს და ჩვენს ნაკრებში ითამაშოს.
ირაკლი 7 იანვარს 19 წლის გახდა. აშკარაა, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. სხვაგვარად, მისი ასაკის ბიჭს უკრაინის უმაღლეს ლიგაში არ ათამაშებდნენ და ამდენად, მესხიას ნატურალიზაცია სასურველი საქმე უნდა იყოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი თამაშობს - 18 წლის ნახევარმცველი ირაკლი ღერკენაშვილი და 19 წლის მცველი დავით იაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"