ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

AutoSharing Option
ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნება. ამის შესახებ ყველას გაუგია, მაგრამ ყველასთვის რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ლევან ყენიას ზენიტური ამბავი ძალიან გაიწელა. როგორი საქმეა, ორწელიწადნახევარი ტრავმის გამო უთამაშებელი იყო, მერე სხვა გუნდში გადახვიდე, მაგრამ იქ თან ხარ და თან არ ხარ.

ყენიას სხვა არჩევანიც ჰქონდა, მაგრამ მაინც "ზენიტი" არჩია. თქმა რად უნდა, "ზენიტის" ვარიანტი ძალიან მაცდური იყო - რუსეთის ჩემპიონი, ოთხი წლის წინ უეფას თასისა და სუპერთასის ამწევი, მდიდარი, ელიტური რუსული კლუბი.

ცდუნებას დიდი ძალა აქვს. ოღონდაც
ეს არ იყო მხოლოდ ცდუნება - ყენია ამბიციური ფეხბურთელია და ასეთივე კლუბში მივიდა. გელზენკირხენის "შალკეში" უიღბლო წლების მერე, ალბათ, აფეთქებას იყო დაშურებული.

უაილდის გამონათქვამიც ხომ გახსოვთ: საუკეთესო საშუალება მოერიო ცდუნებას, არის ის, რომ დანებდე მას. შესაძლოა, ეს გამონათქვამი ლამაზი პარადოქსი უფროა, ვიდრე სიბრძნე, მაგრამ ადამიანის დაუცხრომელ ბუნებას მაინც უფრო ის ინტერპრეტაცია ურჩევნია, ცდუნებისთვის ქედის მოხრას რომ გულისხმობს.

ყენიაც "ზენიტში" წავიდა. პეტერბურგელთა იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი კი მხრებს იჩეჩავს, რუს ჟურნალისტებს არ ეუბნება, ქართველი ჩვენი ფეხბურთელიაო; ოდენ განმარტავს, ყენია კლუბის პრეზიდენტის რჩევით მოვიდა "ზენიტშიო".

რუსეთი სპეციფიკური ქვეყანაა, სადაც მწვრთნელებიც სხვანაირად უწევენ ანგარიშს კლუბის პრეზიდენტებს. ყველა ლუის ვან გაალი ვერ იქნება, რომელიც ცხვირს არ აყოფინებდა თავის საქმეში ული ჰიონესსა და კალე რუმენიგეს. სპალეტი კი სულ სხვა კაცი ჩანს, ცდილობს, იქაური ქუდი დაიხუროს, სადაც არის.

პრეზიდენტის რჩევით ფეხბურთელის აყვანა, ცოტა არ იყოს, მაზალო რამეა. წესით, პირიქით უნდა ხდებოდეს, მწვრთნელი უნდა ურჩევდეს პრეზიდენტს, ეს ფეხბურთელი ავიყვანოთო. მაგრამ ეს რუსეთია, სადაც თავიანთი წესები აქვთ.

ყენიას ზენიტურმა პერიპეტიებმა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ლევან კობიაშვილის ძველი ამბავი გამახსენა. კობიაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიას" ფეხბურთელი რომ იყო, მაცდური წინადადებები ჰქონდა რაგინდარა რუსული კლუბებიდან, მაგრამ როცა მის ტრანსფერზე მიდგა საქმე, ტრავმა მიიღო.

კობი ასეთიც უნდოდათ მაძღარ რუსულ გუნდებს, მაგრამ ჩვენებური "ალანიადან" მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" გადავიდა. ანუ ნაბიჯი უკან გადადგა, რათა მერე რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა წინ.

არ ვიცი, ჰკითხა თუ არა რჩევა ყენიამ კობიაშვილს, მაგრამ რომ ეკითხა, გამოცდილი კაცისგან ცუდ რჩევას ნამდვილად არ მიიღებდა. კობიაშვილმა ამასწინდელ ინტერვიუში გვითხრა კიდეც, "ჰერტას" დირექტორმა ჩემს თვალწინ შესთავაზა ყენიას ბერლინურ კლუბში გადმოსვლაო...

"ჰერტა" ერთია, მაგრამ "ზენიტი" სულ სხვაა. ყენიას ტრანსფერიც გაჯანჯლდა.

ნაბიჯი უკან - გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება თურმე ასეთ სტრატეგიასაც გულისხმობს. შოთა არველაძემ ბოლო რეინჯერსული სეზონი რომ ითამაშა, აიბროქსელთა დამრიგებელ ალექს მაკლიშს ის თითქმის ჩამოწერილი ფეხბურთელი ეგონა მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო.

შოთა "რეინჯერსიდან" "ალკმაარში" გადავიდა. ეს ორი კლუბი, თავიანთი ისტორიით, მნიშვნელობითა და ფილოსოფიით ერთმანეთთან ვერ მივა, მაგრამ გადაწყვეტილებამ გაამართლა - ტყუპისცალი "ალკმაარის" ლიდერი გახდა, გოლები ჰოლანდიაშიც შეყარა და ევროსარბიელზე მაკლიშის გაწვრთნილ შოტლანიის ნაკრებსაც გაუტანა "ჰემპდენ პარკზე"...

ყენიას ახლა, ალბათ, მთელი საქართველო გულშემატკივრობს. მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ასეც შეაყვარა თავი ქართველ ქომაგს. ნაბიჯი უკან, თუნდაც "ჰერტაში" - ვინ იცის, იქნებ ეს უკეთესი ყოფილიყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუჩანო სპალეტი ლევან ყენიას პირისპირ უნდა დაელაპარაკოს
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...
ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!
რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს
მკითხველის კომენტარები / 5 /
და რატო გეცოდებათ ყენია რუსეთის პირველობისთვის? სუსტი პირველობა აქთ ხო? ააა მივხდი ხელფასს ვერ გადაუხდიან :))))))))))))- არ გახადეთ ეს ყენია ზიდანი და მესი ერთად. გააგიჟეს ეგ ბიჭი ვაი ჟურნალისტებმა და ვაი ფეხბურთის მცოდნეებმა- კი კი ეგრეა
chala
10:49 02-08-2012
0
მეცოდება ყენია რუსეთის ჩემპიონატისათვის
dato-dato
23:12 01-08-2012
0

სიახლეები პოპულარული