დაუგავპილსელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ქართველებმა, ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ და მცველმა ბიძინა ცინცაძემ.
ღონღაძემ 18 გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ და ამ ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრს სტარკოვსმა საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს; პლუს პირველ-მეორე სიმბოლური ნაკრებები დაასახელეს, სადაც მამუკა მთავარ გუნდში მოხვდა.
ღონღაძემ შარშანდელი წარმატება გააუმჯობესა: მაშინ 21 გოლით ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გორის "დილას" ამჟამინდელ თავდამსხმელ ნათან ჟუნიორს ჩამორჩა
სამი სეზონის განმავლობაში "დაუგავაში" ღონღაძემ 77 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ ვირსლიგის სტაბილურად შედეგიანი ფორვარდით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ.
"დაუგავაში" ღონღაძისადმი დამოკიდებულაზე ეს ფაქტიც მეტყველებს: 25 ნოემბერს 27 წლის გახდა, რაც კლუბის ადმინისტრაციამ უჩვეულო ფორმით, ლექსად მიულოცა (?!).
ღონღაძე, შესაძლოა, მალე რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდეს - ინფორმაცია მამუკა ღონღაძემ თავად დაგვიდასტურა, ნოემბრის ბოლოს ოსური კლუბის პრეზიდენტსა და მთავარი მწვრთნელს, ვალერი გაზაევს უნდა შეხვედროდა.
"დაუგავას" ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ სწორედ სატრანსფერო თემით დავიწყეთ.
- "ალანიასთან" ურთიერთობები გაარკვიე?
- "ალანიას" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ გუცაევმა მითხრა, ჩასვლა აუცილებელი აღარ არის, ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რადგან გაზაევი დაინტერესებული არისო.
ახლა ერთადერთი ბარიერი "დაუგავაა". დასრულებულ სეზონში ბევრი ტიტული მოვიპოვე, ლატვიის ჩემპიონის, საუკეთესო ბომბარდირის, საუკეთესო თავდამსხმელის, წლის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს და მითხრეს, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ყველაზე რეალური კანდიდატიც ვარ. ასეთ დროს იოლად ვერ შემელევიან.
როგორც ვიცი, გუნდი ტრანსფერში მინიმუმ 300 ათას ევროს ითხოვს - კონტრაქტი ხომ მომავალი წლის აგვისტოში მიმთავრდება.
ლატვიელებს ახლა აქვთ რეალური შანსი, ჩემი ტრანსფერით ფული იშოვონ. მაგრამ არა მგონია, ეს თანხა რუსეთის პრემიერლიგის კლუბისთვის პრობლემა გახდეს.
- ვთქვათ, "ალანია" ჩაიშალა, სათადარიგო ვარიანტი ხომ გაქვს - ადრე ზაგრების "დინამო" ახსენე.
- ზაგრების "დინამო" მართლაც შემომთავაზეს, მაგრამ ახლა უფრო რეალური პოლონეთის და უნგრეთის ვარიანტებია, ვარშავის "პოლონია", ლოძის "ვიძევი" და "დებრეცენი", უზბეკეთის უმდიდრესი კლუბი "ბუდიონკორი" მაგარ პირობებს მპირდება.
სანამ შანსია, ევროპაში ან რუსეთში თამაში მინდა. წლევანდელი ტიტულები ხელს მიწყობს და ფულს არ დავხარბდები.
- "ალანია" რეალურია?
- იმედია, რეალურია. თანაც, ეტყობა, "ალანიას" თავდასხმაში პრობლემა აქვს, რადგან ბოლო შეხვედრებში გოლი საერთოდ ვერ გააქვთ.
- ლატვიაში შენი თამაშები არ გვინახავს და თუ ეს შესაძლებელია, თავად შეაფასე, ბალტიისპირეთში რა შეიძინე?
- დამიჯერეთ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ღონღაძე ვირსლიგელი ღონღაძისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.
ადრე ბურთს "ვათრევდი" და უნებლიეთ გუნდის ტემპს ვაგდებდი. უფრო მალე ვიღლებოდი, რადგან არასწორი თამაში მეტ ენერგიასაც მართმევდა.
მიმაჩნია, რომ "დაუგავაში" სწორი ფეხბურთის თამაში დავიწყე. სათამაშო სქემას თუ ვერ შეეწყობი, შემადგენლობიდან ამოვარდები. რაც მთავარია, სათამაშო დისციპლინა გავითავისე. თუ გინდა, რომ მაღალ დონეზე ითამაშო, ეს ელემენტარული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილო - ლატვიური ფეხბურთი ამაზეა აწყობილი.
ქართველებზე ბევრად ნაკლებად ტექნიკურები არიან, მაგრამ ამ ნაკლს მკაცრი დისციპლინით აბალანსებენ. ქართული გუნდები მათსავით რომ თამაშობდნენ, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე მოხვედრა მუდამ გარანტირებული გვექნებოდა.
რა თქმა უნდა, ლატვიელები ვარსკვლავებს არ წყვეტენ და საშუალო ევროპულ დონემდეც ბევრი აკლიათ. თუმცა, კარგი ტრამპლინია. დალაგებულ ქვეყანაში გუნდებს სტაბილურად აფინანსებენ და არა ისე, როგორც ჩვენთან, გუნდის მომავალი არავინ რომ არ იცის.
სტაბილურ გარემოში კი მშვიდად მუშაობენ. ნორმალური სავარჯიშო პირობებია, ევროპასთან სიახლოვითა და კავშირითაც ბევრს იგებენ და თანამედროვე ფეხბურთს ფეხი აუწყვეს.
იციან სწორი თამაში, ბრძოლა, მოძრაობა, თამაშების ტემპი საკმაოდ მაღალია და ფეხბურთელები იზრდებიან.
- ბუკა ცინცაძეზე რას გვეტყვი?
- ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ლატვიაში მიიჩნევენ, რომ მაღალი დონის მცველად ყალიბდება. ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია. ბუკას ახლა კონტრაქტი დაუსრულდა და მიმაჩნია, რომ უკეთეს ლიგაში თამაშს იმსახურებს. ალბათ, ასეც მოხდება, რადგან თავისუფალი აგენტი გახდა.
აქ კი ლამის ყველა შეხვედრას ევროპელი სკაუტები ესწრებიან და ფეხბურთელი ოდნავ თუ "გაინძრევა", რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის კლუბებში მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავია.
მაგალითად, "სკონტოდან" ცაუნია ცსკა-ში გადაიყვანეს, რუდნევსი ჯერ პოლონეთში წავიდა, წლეულს - "ჰამბურგში" და ვან დერ ვაარტთან ერთად თამაშობს. ცსკა-მ წაიყვანა "ვენტსპილსის" იაპონელი თავდამსხმელი საიტოც, რომელსაც ბომბარდირებში 3 გოლით გავუსწარი.
- წარმატებული სეზონის შემდეგ შენით ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა?
- სხვათა შორის, მითხრეს, რომ ქეცბაიას ჩემი მიწვევა სურდა და უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში გამოგიძახებსო, მაგრამ მას შემდეგ ნაკრებმა რამდენჯერმე ითამაშა და ერთხელაც არ მიმიწვია.
მოთამაშეებს ასეთ შეხვედრებში აკვირდებიან, პირდაპირ ოფიციალური მატჩისთვის ახალწვეულს არ იძახებენ.
იმედია, ნაკრების ფორმას ერთხელ მაინც მოვირგებ, მაგრამ აღარც ვიცი, იმედი უნდა მქონდეს თუ არა. ნუთუ ლატვიის ჩემპიონატი ასეთი დაბალი დონის ჰგონიათ?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინაა 2012 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი?
მამუკა ღონღაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში"?
მამუკა ღონღაძე: ჩემით "ალანიაც" დაინტერესდა და ზაგრების "დინამოც"
ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს
მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა
მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს
"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო