ფეხბურთელი გულშემატკივარმა ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო, სადაც ტანმაღალმა მცველმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქტომბერში კი კახა კაჭარავას 19-წლამდელებში ხორვატიაში შესარჩევ ეტაპზე ითამაშა.
ამის შემდეგ დვალით ბევრი კლუბი დაინტერესდა: 17 წლის მცველი გასინჯეს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და კიევის "დინამოში", კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ თავად ევროპაში თამაში სურდა და აგვისტოში ინგლისის პრემიერლიგის "რედინგში" აღმოჩნდა.
ლაშა "რედინგის" 18-წლამდელების გუნდში ვარჯიშობდა და საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა, რომელსაც "რედინგის" მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი
მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მცირედ დაშავდა, თანაც 17 წლისას "რედინგი" ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებდა, მაკდერმოტმა მისი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა, რაც კონტრაქტის გაფორმების სურვილს ნიშნავდა.
როგორც ლაშამ გვითხრა, რიგის "სკონტოში" სწორედ ინგლისელების რჩევით მიდის:
"4-5 დღის წინათ მამაჩემს "სკონტოს" გენერალური დირექტორი ელაპარაკა და უთხრა, უახლოეს დღეებში ვიზებს გამოგიგზავნით და იანვრის დასაწყისში გელოდებითო.
ჯერ ლატვიელებთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ ახალი წლის მერე მივდივარ და ხელშეკრულებას დავდებთ.
რატომ "სკონტო"? "რედინგში" ორკვირიან სინჯზე რომ ვიყავი, კლუბს მოვეწონე და ჩემი "სკონტოში" იჯარით გაშვება მათ გადაწყვიტეს.
იქ გარკვეული პერიოდი უნდა ვითამაშო, ვიცხოვრო და ლატვიის მოქალაქეობა მივიღო, რათა ინგლისში თამაშის უფლება მივიპოვო. ანუ ეს ნაბიჯი ინგლისელებთან არის შეთანხმებული.
საკითხის მოგვარება გაიწელა, თუმცა ამ პერიოდში აგენტებს ეკონტაქტებოდნენ და დეტალებს ათანხმებდნენ".
ახლა ლაშას კონტრაქტი არსად აქვს:
"ბავშვობაში "საბურთალოს" ვეკუთვნოდი. ამჟამად კონტრაქტი არავისთან მაკავშირებს, მაგრამ 3 წელიწადია, გუბაზ დოლიძის გუნდში ვვარჯიშობ.
მადლობა მას, მის სტაფს, ვასილ მაისურაძესა და მამუკა გვრიტიძეს, რომელთაც ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.
ახლა დოლიძის გუნდი ოფიციალურად საჩხერის "ჩიხურას" დუბლების სახელით გამოდის".
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რა გავლენა მოახდინა მასზე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლამ:
"რაც ყველაზე თვალშისაცემია, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ყველა თამაშის შემდეგ ვხვდებოდი, თუ როგორ იზრდებოდა თითოეული ფეხბურთელი და პირადად მეც".
ლაშას თაობამ სანაკრებო ასპარეზზე ყველა ნაკრებზე მეტს მიაღწია და ახლა ამ ბიჭებს ყველა განსაკუთრებული იმედით უყურებს. დვალი ფიქრობს, რომ არანაკლებ ნიჭიერი წინა თაობების შეცდომები არ უნდა გაიმეორონ:
"საამისო წინაპირობა თავმდაბლობაა - თავში არ უნდა აგვივარდეს და ბევრი ვიშრომოთ. ამას ყველა ვიძახით, მაგრამ ეს მარტო სიტყვებად არ უნდა დარჩეს.
ყველა საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი და, რაც მთავარია, უნდა შევინარჩუნოთ ის შემართება, რამაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მოგვიტანა და ქართველი ხალხი გაახარა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"რედინგში" ლაშა დვალი მოსწონთ, ნიკა ახვლედიანს "ვიტესში" ელიან