ალექსანდრე იაშვილი: საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილი უკვე 16 წელია, გერმანიაში თამაშობს. "ბოხუმამდე" იგი "ლიუბეკის", "ფრაიბურგისა" და "კარლსრუეს" ღირსებას იცავდა.

დღეისთვის 35 წლის ქართველი თავდამსხმელი "ბოხუმის" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა მას ინტერვიუ ჩამოართვა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე გაესაუბრა.

- შარშან "კარლსრუეში" თამაშობდი, ახლა კი "ბოხუმის" ფეხბურთელი ხარ. რა განასხვავებს ამ ორ კლუბს?
- "ბოხუმს" უკეთესი შემსრულებლები ჰყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდის შედეგებზეც აისახება.

- და რატომ ვერ აღწევს "ბოხუმი" კარგ შედეგებს?
- ამას ბევრი მიზეზი აქვს. უპირველესად, იმას აღვნიშნავდი, რომ
ხშირად იმ მატჩების მოგებასაც კი ვერ ვახერხებთ, სადაც აშკარა უპირატესობას ვფლობთ. როცა ნეგატიური შეხვედრები ერთმანეთს ებმის, ამ სიტუაციისთვის თავის დაღწევა ძალიან ძნელია.

- დეკემბერში "ბოხუმმა" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი მოიგო. შეგიძლია თქვა, რომ ეს გარდამტეხი მომენტია?
- დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეა. ფაქტია, რომ ბოლო დროს თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოვასწორეთ და წარმატებული სერიით ზამთრის პაუზას პოზიტიური განწყობით შევხვდით.

თუ ასე გავაგრძელებთ, აუტსაიდერთა რიგებს სულ მალე დავტოვებთ და გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

"ბოხუმს" შესწევს იმის ძალა, რომ მეორე ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას არ დასჯერდეს და ამაზე ბევრად მეტზე იფიქროს.

- "კარლსრუეს" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნამ შენზე როგორ იმოქმედა?
- მე გუნდის კაპიტანი ვიყავი, ასე რომ, ეს ამბავი ჩემთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. "კარლსრუეს" გავარდნა გულშემატკივრების გამოც განვიცადე. იმის მიუხედავად, რომ მე-17 ადგილზე ვიყავით, ჩვენი 30-ათასიანი სტადიონი ყოველთვის ბოლომდე ივსებოდა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი ყოფილი გუნდი ახლა აღმავლობის გზაზეა.

- შენი ოჯახი ახლაც კარლსრუეში ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ იქ დაფუძნდები?
- საერთოდ, გადაწყვეტილი მაქვს, რომ საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე. თუმცა ჩემი სამი შვილი სკოლაში გერმანიაში დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახი რამდენიმე წელიწადს აქ დარჩება.

- შენი საფეხბურთო მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
- "ბოხუმთან" ჩემი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ჯერჯერობით, მთლიანად იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ გუნდმა სეზონი ღირსეულად ჩაამთავროს. ამის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და ჩემს მომავალს განვიხილავთ.

ხუთი წლის წინ ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა კი მიმაჩნია, რომ კრიტიკულ ასაკში არ ვარ. ფეხბურთის თამაში ძველებურად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ "ბოხუმში" იდეალური გარემოა შექმნილი.

მოდით, ჩემს მომავალზე აპრილში ან მაისში ვისაუბროთ.

- ესე იგი, არც 35 წლის ასაკში ხარ დარწმუნებული, რომ აქტიურ საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებ?
- დიახ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს 2013 წელს მოხდება. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და შემრჩა იმდენი მოტივაცია, რომ ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯო. თანაც, ტრავმა არ მაწუხებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ერთხელ "ფრაიბურგში" და ერთხელაც "კარლსრუეში" მძიმედ დავშავდი და მაშინ გაცდენილი დრო ახლაც მწარედ მახსოვს. ასე რომ, კარგად ვიცი, რა გემო აქვს ფეხბურთის თამაშს.

- ბოლო სამი მატჩი შეცვლაზე ჩაატარე. ამას როგორ უყურებ?
- ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან მიჭირს, რადგან ამას კარიერის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ჩვეული.

როცა ფორმაში ვიყავი, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი და ჩემთვის თადარიგში ყოფნა სრულიად ახალი და უჩვეულო როლია.

თუმცა პოზიტივი ყველაფერში შეიძლება დაინახო და ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. როგორც თავმოყვარე ფეხბურთელმა, ვალდებული ვარ, ყველას დავუმტკიცო, რომ სასტარტოში თამაშის ღირსი ვარ.

თუმცა როგორც კი შევატყობ, რომ ახალგაზრდებს კონკურენციას ვეღარ ვუწევ, ბრძოლას შევწყვეტ და სახლში წავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე იაშვილი: ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც ძალიან კარგი და სტაბილური ფეხბურთელი ხარ ლექსო, თანაც სამი შვილის მამა,გაგახაროს ღმერთმა მათი წარმატებებით და ქართული ფეხბურთის აღმა სვლით. . .
ზურა
14:54 19-01-2013
0
გაზაფხულს ნუ დაელოდები და ახლავე იზრუნე, რომ კარიერის გაგრძელება უფრო ნაყოფიერი იყოს. კიდევ 4 წელი შეძლებ თამაშს და ამ სიამოვნებას ნურც შენ მოიკლებ და ნურც გულშემატკივარს მოაკლებ!
guja_kakhadze
18:38 19-01-2013
0

სიახლეები პოპულარული