კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა

AutoSharing Option
ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა. ალბათ, მალე გუნდში კიდევ ორი ჩვენებური ჩაირიცხება.

მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ მოლდოვის ყველაზე ტრადიციულ კლუბში გასასინჯად 20 წლის ქართველები მიიწვიეს - ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილი ვიცე-კაპიტანი ბაქარ მირცხულავა და თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი კოტე გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან გუნდში თორნიკე სტეფნიაშვილი ჩაირიცხა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

"ზიმბრუ" უკრაინული პასპორტის მქონე ქართველი საყრდენი ნახევარმცველით, იმედა ფუტკარაძითაც დაინტერესდა. 22 წლის ნახევარმცველი ბოლოს
კიევის ოლქის პირველობაზე "ვოლოდარკაში" თამაშობდა, 2012 წლის ზაფხულში კი ასევე მოლდოვის "ოლიმპიასა" და "ისკრა-სტალში" ისინჯებოდა, მაგრამ ვერც ერთში ვერ დარჩა.

მოლდოვაში გაბაშვილი, მირცხულავა და სტეფნიაშვილი მენეჯერმა დავით გოგოლაძემ წაიყვანა. სიახლეებიც სწორედ მას გამოვკითხეთ.

"ფუტკარაძეზე ვერაფერს გეტყვით. რაც ვიცი, მხოლოდ იმ ამბებზე გეტყვით. ჩასვლის შემდეგ გაბაშვილი და მირცხულავა "ზიმბრუში" ძირითად გუნდში ვარჯიშობენ. პირველივე დღეს ორმხრივ შეხვედრაში ათამაშეს. მართალია, 2:3 წააგეს, მაგრამ გაბაშვილმა პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მირცხულავამ - კიშინიოველთა მთავარ მწვრთნელს, სერგეი დუბროვინს ორივე ახალწვეული ძალიან მოეწონა.

რამდენიმე დღეში "ზიმბრუმ" თანაქალაქელ "რაპიდთან" საკონტროლო შეხვედრა გამართა და 3:2 მოიგო. ქართველები მოედანზე მეორე ტაიმში შეიყვანეს და გაბაშვილმა გოლი კვლავ გაიტანა, ხოლო მირცხულავა დაცვაში ისევ საიმედოდ იდგა.

ბოლო თამაში 19 იანვარს ასევე კიშინიოვის "აკადემიასთან" ჰქონდათ და ჩვენების ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. "ზიმბრუმ" ეს მატჩიც 3:2 მოიგო. გაბაშვილმა ამჯერად კიდევ მეტად გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. ჰეთ თრიქიც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

კვლავ მშვენივრად ითამაშა მირცხულავამ. ამ მატჩის შემდეგ გასასინჯი მოთამაშეებიდან ყველა გაუშვეს და მხოლოდ ქართველების დატოვება გადაწყვიტეს. ბიჭები გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ. სავარაუდოდ, მათ ორწლიან ხელშეკრულებას დაუდებენ და გუნდთან ერთად ანტალიურ შეკრებაზე გაემგზავრებიან.

"ზიმბრუში" მოემზადება სტეფნიაშვილიც, რომელსაც კიშინიოველები დიდი იმედით უყურებენ. უკრაინაში, კრივოი როგის "კრივბასში" სწორედ ამის გამო არ გაუშვეს",
- ამბობს დავით გოგოლაძე.

გოგოლაძის თქმით, კიშინიოვის "დაჩიას" ძირითად გუნდში დუბლებიდან ოთხი მოთამაშე დააწინაურეს და მათ შორის მოხვდა ლუკა თათხაშვილიც. მალე ისიც თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. თათხაშვილი "დაჩიაში" ერთი წლის წინ ჩაირიცხა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყებამდე კიშინიოვური გუნდის განაცხადშიც მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველ ფეხბურთელებს ელიან
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვამაყობ შენით...
0
მირცხუ რომ კარგი ფეხბურთელი არ ყოფილიყო ზიმბრუში ვინ ჩარიცხავდა. საქართველოში მარტო ფული იციან მეტი არაფერი. მირცხუ მიდი მიაწექი შენ ნამდვილად შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო!!! წარამტებები!!! ეს ერთი და სხვა მრავალი მოგველოცოს წინსვლები!!!! ის არაკაცები ვინც არ გამჩნევდა ამდენხანს ახლა მაინც იქნებ დარწმუნდნენ და თუ არა ერთი მაგათიც!!!
luka
23:47 22-01-2013
0

სიახლეები პოპულარული