ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა

AutoSharing Option
ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუმ" ორი ქართველი დაიმატა. მოლდოვის ყველაზე ტრადიციულ კლუბში ორი ქართველი ახალგაზრდა მიიწვიეს - მცველი ბაქარ მირცხულავა და თავდამსხმელი კოტე გაბაშვილი.

ფეხბურთელის მენეჯერმა დავით გოგოლაძემ 24 იანვარს გვითხრა, რომ ორივემ კონტრაქტი გააფორმა.

"მირცხულავამ და გაბაშვილმა სინჯებზე თავი ძალიან კარგად გამოავლინეს და "ზიმბრუს" ხელმძღვანელობამ მათთან 2,5-წლიანი კონტრაქტების გაფორმება გადაწყვიტა. ისინი გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვებიან", - ამბობს დავით გოგოლაძე.

კომენტარები ფეხბურთელებსაც ჩამოვართვით.

კოტე გაბაშვილი:
"მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდში ჩარიცხვამ ძალიან გამახარა. გოგოლაძის დამსახურებაა, მოლდოველები მე და მირცხულავას კარგად
რომ დაგვხვდნენ, რამაც თავის გამოვლენაში ხელი შეგვიწყო.

იმედია, "ზიმბრუში" კარიერას ავიწყობ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან გუნდში თორნიკე სტეფნიაშვილი დაგვხვდა, სამ ქართველს ერთად თამაში გაგვიადვილდება.

"ზიმბრუ" მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან "ტირაპოლს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება და ევროპის ლიგაზე მოხვედრა სურს. დარწმუნებული ვარ, ეს რეალური ამოცანაა".


ბაქარ მირცხულავა:
"თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, რაც არ მითამაშია და ამ მომენტისთვის ყველაფერი თავიდან მაქვს დასაწყები. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე "ზიმბრუ" ჩემთვის კარგი ვარიანტია. ფორმაში ჩავდგები, მოვუმატებ და მჯერა, შემდეგ უკეთეს გუნდშიც გადავალ.

სხვათა შორის, ნამდვილად არ მეგონა, მოლდოვაში ასეთი დონის კლუბი თუ იქნებოდა. აქ კარგი სავარჯიშო პირობები და ყველაფერია საიმისოდ, ფეხბურთი რომ ითამაშო და სხვა რამეზე არ იფიქრო.

საქართველოს წამყვან კლუბებში მივარჯიშია და სამწუხაროა, რომ აქ ოდნავ, მაგრამ მაინც უფრო უკეთესი პირობებია. იმედია, ევროპის ლიგაზე გავალთ და იქ რომელიმე ქართულ კლუბს შევხვდებით".


სხვათა შორის, გაბაშვილმა უცხოეთში ბედი ჯერ კიდევ 2007 წელს სცადა: 15 წლის იყო, მეორე ბუნდესლიგის "აუეში" რომ ვარჯიშობდა - მაშინ ამ კლუბში დავით სირაძე თამაშობდა.

"ზიმბრუს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა "მილსამთან" გამართა და 1:0 მოიგო. თავი კვლავ კოტე გაბაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი მე-18 წუთზე აიღო.

მოლდოველთა პრესსამსახური წერს კიდეც, რომ 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სპარინგებში უჩვეულო შედეგიანობით გამოიჩინა თავი - მან 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას კიშინიოველები 26 იანვარს რიბნიცის "ისკრა-სტალთან" ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა
კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველ ფეხბურთელებს ელიან
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული