კობახიძე "ზესტაფონში" 2009 წელს ჩაირიცხა და მალე გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. მერე ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, შარშან ამ დროს კი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ალბანეთთან შეხვედრისთვის გამოიძახა.
ახლაც იგივე მოხდა, 6 თებერვალს "ჯვაროსნები" ტირანაში ისევ ალბანეთს დაუპირისპირდებიან და კობახიძე კვლავაც სანაკრებო სიაშია.
წლეულს, იანვარში, კობახიძე ვლადიკავკაზურ კლუბში მიიწვიეს. მეორე თვეა, რაც ვალერი გაზაევის ხელმძღვანელობით ემზადება და ყველა საკონტროლო შეხვედრა ითამაშა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ალანიას" სამწვრთნელო
სხვათა შორის, მამუკა უცხოურ კლუბში 2009 წელსაც იყო: მაშინ ის "საბურთალოში" თავდამსხმელი იყო და სტაჟირებაზე მადრიდის "ატლეტიკოსა" და "სარაგოსაში" მიავლინეს.
მამუკა კობახიძეს ინტერვიუში სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ: ნაკრებში მიწვევაზე, გაზაევის ვარჯიშებზე, გიორგი ჭანტურიაზე...
- თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გასინჯვაზე წახვედი, მაგრამ "ალანიადან" წამოსულმა მამუკა ღონღაძემ გვითხრა, რომ კონტრაქტი გააფორმე.
- დიახ, პირდაპირ კონტრაქტი გავაფორმე, რომლის პირობები უკვე შეთანხმებულია.
- ხელშეკრულება რამდენხნიანია?
- "ალანიაში" 6-თვიანი იჯარით, ივლისამდე ვითამაშებ.
- რატომ იჯარა და არა პირდაპირ კონტრაქტი?
- თავიდანვე, როდესაც მივდიოდი, გადაწყვეტილი იყო, რომ იჯარით ვითამაშებდი. ამის შემდეგ "ალანიას" კონტრაქტის გამოსყიდვისა და გახანგრძლივების უფლება აქვს.
- საერთოდ, ვლადიკავკაზელები შენით როდის დაინტერესდნენ?
- ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. ეს ტრანსფერი რეალური მამუკა ჯუღელის დახმარებით გახდა.
- მუდმივი ნომერი უკვე გადმოგცეს?
- დიახ, 5 ნომრით ვითამაშებ, ჭანტურიას კი თავიდანვე 39 ნომერი უნდოდა და აიღო კიდეც.
- საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის გუნდში დამკვიდრება ძნელი იქნება. თანაც, გაზაევის დატვირთვებზე ლეგენდები დადის. ალბათ, თავიდან ვარჯიშებზე გაგიჭირდა...
- კი, ნამდვილად ასეა, გაზაევს მართლაც საშინელი ვარჯიშები აქვს. გაგებული მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ფეხბურთში ასეთი მძიმე დატვირთვა თუ იქნებოდა. დასამალი არ არის, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ეტყობა, ადამიანი ყველაფერს ადვილად ეგუება და ერთი შეხედვით უმძიმეს დატვირთვას საკმაოდ იოლად შევეგუე. მაგრამ ვგულისხმობ ფიზიკურ დატვირთვას. საფეხბურთო კუთხით, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ გამჭირვებია.
- გაზაევის ვარჯიშები კიდევ რით არის დასამახსოვრებელი?
- ძალიან ინტენსიური და დამღლელი ვარჯიშებია. მარტო 30 წუთი ვხურდებით, ასეთ ვარჯიშებზე რომ გადავიდეთ. გიორგიმაც თქვა, რომ მსგავსი დატვირთვები არც ჰოლანდიაში უნახავს და არც ესპანეთში.
- წლების წინ "ალანიაში" არაერთი ქართველი თამაშობდა და ბევრი მათგანი მძიმე დატვირთვის გამო ხშირად იყო ტრავმირებული.
- რამდენიმე ფეხბურთელი მართლაც დაშავდა. თავიდან ყველა კუნთი მტკიოდა, მაგრამ შეკრების დასაწყისში ეს ჩვეულებრივი ამბავია.
- გაზაევი ფეხბურთელებთან ურთიერთობაში მკაცრია?
- არ ვაჭარბებ, ყველანაირად ძალიან მაგარია, როგორც მწვრთნელიც და როგორც ადამიანი. ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ ეშლება.
- ალბათ, "ალანიაში" გიორგი ჭანტურიას გადმოსვლა ადაპტაციას გაგიადვილებდა. ბავშვობის მეგობრის გვერდით ყველგან კარგად იგრძნობ თავს...
- რა თქმა უნდა, გიორგისთან ერთად მიადვილდება გუნდთან და ვარჯიშებთან შეჩვევა, რადგან ერთ ოთახში ვართ და ქართული ლაპარაკი მესმის. თანაც, გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და როდესაც "ალანიაში" მისი გადასვლის ამბავი შევიტყვე, ძალიან გამიხარდა.
- ვალერი გაზაევს თუ ელაპარაკე, რა მოთხოვნებს გიყენებს?
- ასე პირადად მხოლოდ გაცნობის დროს დაველაპარაკე. ვარჯიშებზე კი, ცხადია, ცალკე ჩემთვის ვერ იცლის, ყველას გველაპარაკება, შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის.
- ჭანტურია გუნდს შეეჩვია?
- საკმაოდ ადვილად. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც კარგად გამოიყურება.
- შენი აზრით, ძირითადში დამკვიდრებას შეძლებ?
- არ ვიცი. ჯერჯერობით კიდევ ორი შეკრება უნდა გავიაროთ და ამ პერიოდში ყველაფერი გამოჩნდება. სხვათა შორის, გაზაევს ის ფეხბურთი უყვარს, რასაც "ზესტაფონში" შევეჩვიე და იმედია, ეს საქმეს გამიადვილებს.
- ოსი თანაგუნდელები როგორ დაგხვდნენ?
- ძალიან კარგად, როგორ უნდა დაგვხვედროდნენ?
- ოსურ მედიაში საკმაოდ აგრესიული ტონია, "ალანიაში" ქართველები რატომ მოგყავთო...
- რა ვიცი, ჩვენ მსგავსი არაფერი გვიგრძვნია, პირიქით. საერთოდ, გუნდი იმით მომეწონა, რომ ახლებს მეგობრულად ხვდებიან, განსაკუთრებით, ოსი ბიჭები. ამას გულწრფელად ვამბობ.
- "ალანია" რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. შენი აზრით, გუნდს გადარჩენის შანსი აქვს?
- ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში დარჩენაა და ვნახოთ, ვეცდებით ყველანაირად. იმედი რომ არ ჰქონდეთ, ამდენ მოთამაშეს არ მოიყვანდნენ. ახლა ჰოლანდიის ნაკრებისა და "რეალის" ყოფილი მოთამაშე დრენტე ჩამოიყვანეს.
- შენთან კონტრაქტის გახანგრძლივება გუნდის ლიგაში დარჩენაზეა დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა.
- საქართველოდან რუსეთის პრემიერლიგაში ფეხბურთელის გადასვლა სერიოზული ნახტომია.
- რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა, მაგრამ გადმოსვლისას არანაირი შიში არ მქონია.
- ერთი რამ გვითხარი: რუსეთის ვიზა აიღე? ამის გამო პრემიერლიგის კლუბებში გადასულ ბევრ ქართველს შეექმნა პრობლემა.
- დიახ, უპრობლემოდ ავიღე. ერთწლიანი ვიზა მომცეს.
- "ალანიას" გარდა, სხვა ვარიანტები არ გქონდა?
- იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ ყველაზე რეალური და სასურველი წინადადება ვლადიკავკაზელებმა შემომთავაზეს. ამაზე უკეთესი არც ერთი იყო და ამიტომ სხვა კლუბების დასახელება არ მსურს.
- ნაკრებს შეკრებაზე როდის შეუერთდები?
- ალბანეთში 4 თებერვალს, ღამით გავფრინდები. თემურ ქეცბაიას ნაკრებში პირველად არ გამოვუძახებივარ. სხვათა შორის, შარშანაც 23 თებერვალს მიმიწვია და მაშინაც ალბანეთს ვხვდებოდით, მაგრამ ჯერ არ მითამაშია.
ნახავს, როგორ ფორმაში ვარ და გადაწყვეტს, შევძლებ თუ არა ნაკრებში თამაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: პატარა "სპაიდერმენი"
მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა