მამუკა საქართველოში დაბრუნდა და წამოსვლის მიზეზებზე გველაპარაკა:
- თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო. პირველივე მატჩში ყაზახურ "ვოსტოკს" 3:1 მოვუგეთ და ერთი გოლი გავიტანე. მერე რაც მოხდა, არ დავმალავ და ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა. თუნდაც იმიტომ, რომ გუნდის ორმხრივ თამაშებზე გოლები სულ გამქონდა, რაც ყველას უკვირდა. მაინც, ლატვიიდან ახალი ჩასული ვიყავი, ახალწვეულს კი უცხო გარემოსთან შეგუება უჭირს.
- გულახდილად
- რომ არ მეთამაშა, კიდევ მესმის, მაგრამ მე მაინც ხომ ვიცი, კარგად ვიყავი მომზადებული - ამას მე კი არა, გუნდში ლაპარაკობდნენ. საქმე მარტო გოლებში არ არის. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ "დაუგავაში" ვვარჯიშობდი, თავი უცხოდ არ მიგრძვნია. ფიზიკურადაც ძალიან კარგად ვიყავი.
კმაყოფილები იყვნენ. მითხრეს, რომ მეორე შეკრების ბილეთს ამიღებდნენ და კონტრაქტზე დავილაპარაკებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპორტული მიზეზი არაფერ შუაშია და სხვა რამ მოხდა.
- მაინც რა მოხდა? რუსული კლუბისთვის 100 ათასი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნებოდა...
- არ გამოვრიცხავ, რომ "ალანიას" მართლაც არ უნდოდა თანხის გადახდა, როდესაც რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ვხდებოდი. მე რაც ვიცი, დიდხელფასიანი თავდამსხმელების, სელაიასა და მაურისიოს იჯარით გაშვებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. გუნდში კი ისედაც ბევრი თავდამსხმელი ჰყავდათ. ეტყობა, ამიტომ გამიშვეს.
გაზაევმაც მითხრა, რომ მოვეწონე, მაგრამ ვერ დაგტოვებთო. აბა, ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა მეფიქრა? გაზაევს დიდი ავტორიტეტი აქვს და ფეხბურთელებს ენის მოჩლექვით არ ელაპარაკება და ჩემთან თავის მართლებას დაიწყებდა? ეტყობა, "ალანიაში" თითოეულ კაპიკს უფრთხილდებიან.
ასეა თუ ისე, გული დამწყდა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა ჩემს კარიერაში მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
- "ალანიას" ვებ-გვერდზე ეწერა, რომ "დაუგავაში" ბრუნდები.
- ამის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. იმხელა სტრესი მივიღე, რომ ახლა აუცილებლად ორიოდე დღე უნდა დავისვენო და ახალი კლუბი მერე მოვძებნო. 100-პროცენტიანი არ არის, მაგრამ მითხრეს, რომ პოლონური კლუბი, ლოძის "ვიძევი" დაინტერესდა. უკრაინულ კლუბზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, "დაუგავასთან" მოლაპარაკება როგორ დასრულდება. ლაპარაკი ყაზახეთის კლუბზეც იყო, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.
- "ალანიას" ქართველებზეც გკითხავ - კარგა ხანი ერთად ვარჯიშობდით და როგორ გამოიყურებიან?
- გიორგი ჭანტურიაზე ბევრი რამ გამეგო, მაგრამ გუნდში ნანახით გაოცებული დავრჩი. ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი და გულიანი ბიჭია. მამუკა კობახიძე ახლა გავიცანი და ისიც მომეწონა, პერსპექტიული მცველია.
- კობახიძე "ალანიაში" რჩება?
- მე რაც ვიცი, ჭანტურიას მსგავსად, კობახიძემაც კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გააფორმა.
- სხვათა შორის, ოსური მედიის ნაწილი "ალანიაში" ქართველების გადასვლას აგრესიულად შეხვდა. თანაგუნდელი ოსები როგორ გეპყრობოდნენ?
- ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები, ამაზე რომ არ ვთქვა: თავად გაზაევი, გუნდის ხელმძღვანელობა და ოსი ბიჭები გამორჩეული სითბოთი დაგვხვდნენ. პირადად მე, შეკრებაზე ყველაზე მეტად სწორედ ოსებს დავუახლოვდი. დანარჩენი თავად თქვენ და გულშემატკივრებმა შეაფასეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა
მამუკა ღონღაძის სადებიუტო გოლი "ალანიას" მაისურით [VIDEO]
მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!