გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზამთარს იჯარით გადასულმა გიორგი ჭანტურიამ რუსული საიტის "სპორტბოქს.რუს" ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა.

19 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" აკადემიაში გატარებულ წლებზე, ჯანო ანანიძესთან მეგობრობასა და საქართველოს ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა.

- ფეხბურთს ექვსი წლიდან ვთამაშობ. თავიდან კლუბ "საბურთალოში" ვირიცხებოდი, შემდეგ კი ორწლინახევრით "ბარსელონაში" გადავედი. კატალონიიდან ჰოლანდიურ "ვიტესში" წავედი, ახლა კი "ალანიას" ფეხბურთელი ვარ.

- 16 წლის ქართველი ბიჭი "ბარსელონაში" როგორ მოხვდი? ეს ისტორია ზღაპარს ჰგავს...
- მინსკის ტურნირში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე, სადაც სამ თამაშში ექვსი გოლი გავიტანე.

სამშობლოში დაბრუნებულს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ორი კვირით "ბარსელონაში" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ მიწვევდნენ.

იქ გატარებული სამი დღის შემდეგ კი უკვე ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომელსაც ხელი სიხარულით მოვაწერე.

ორი წლის შემდეგ ხელშეკრულების განახლება შემომთავაზეს, თუმცა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თამაში უკვე აღარ მაკმაყოფილებდა. მინდოდა თავი დიდ ფეხბურთში მომესინჯა და წინადადებაზე უარი ვთქვი. სწორედ მაშინ გამოჩნდა "ვიტესის" ვარიანტი, სადაც საბოლოოდ გადავედი კიდეც.

- "ბარსელონას" ამჟამინდელი გუნდიდან ვინ გეცნობათ?
- "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად თვეზე მეტხანს ვვარჯიშობდი და ყველას კარგად ვიცნობ. ვმეგობრობდი კრისტიან ტელიოსთან, ტიაგო ალკანტარასთან, ჯონათან დოს სანტოსთან.

- კატალონიურმა სკოლამ რა შეგძინათ?
- პირველ რიგში, ტექნიკა. სწორედ ტექნიკაა ყველაზე მთავარი, რასაც "ბარსელონაში" გთხოვენ.

მეორეც, იქ ყველაფერი ფეხბურთითაა გაჯერებული. "ბარსელონა" - ეს ერთი დიდი ოჯახია და გასაოცარია, როცა თავს მის ნაწილად გრძნობ.

- რუსეთში ტექნიკა ყოველთვის ვერ გიშველის. მცველებმა შესაძლოა ფეხებში ისე ჩაგარტყან, რომ...
- ვიცი, რომ ჰოლანდიური ჩემპიონატი ამ მხრივ რუსეთისაზე იოლია, მაგრამ ეჭვი რომ შემპარვოდა რამეში, დღეს აქ არ ვიქნებოდი და არც თქვენთან ვისაუბრებდი.

"ალანიას" საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს სატურნირო ცხრილში და მზად ვარ, თუნდაც კარში ჩავდგე, თუკი ეს კლუბს სიკეთეს მოუტანს. მზად ვარ ყველა სიძნელისთვის, რაც შეიძლება, მოედანზე შემხვდეს.

ვიცი, რომ ვალერი გაზაევს ქართველი ფეხბურთელები უყვარს. მახსოვს ის დრო, როცა გიორგი დემეტრაძე აქ საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამიტომ სეზონის განახლებას მოუთმენლად ველი.

- რუსულ ფეხბურთზე მანამდე რა იცოდით?
- პირველ რიგში, ორჯერ შევხვდი დმიტრი ბულიკინს, როდესაც ის "დენ ჰააგში" თამაშობდა. ვიცი, რომ ის ნაკრებშიც წარმატებული იყო.

პლუს, ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯანო ანანიძე ბევრს მიამბობდა "სპარტაკსა" და რუსეთის ჩემპიონატზე.

"ალანიაში" გადმოსვლამდე ვესაუბრებოდი ჩემს ნაცნობებს, იმავე ჯანოს, გია გრიგალავას, ოთარ მარცვალაძეს. მათ მითხრეს, რომ რუსეთში თამაში ფიზიკურად მძიმეა, მაგრამ ეს არ მაშინებს.

- რუსული ფეხბურთის სიმძიმე, ალბათ, გაზაევის ვარჯიშებზე უკვე გამოსცადეთ...
- ჰოო.. (იცინის). რაღაც მომენტში ისიც კი ვთქვი, მორჩა, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. საერთოდ, შეკრებაზე ყოველთვის ჭირს, მაგრამ ვალერი გაზაევის ხელში, კიდევ უფრო. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, მაგრამ რადგან ასე გვტვირთავს, ალბათ იცის, რასაც აკეთებს. გაზაევი მაგარი მწვრთნელია.

ამხანაგურ მატჩებში მთლად კარგი შედეგები ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაღლილობის ფონზე იყო. ვფიქრობ, ჩემპიონატს საუკეთესო კონდიციებში შევხვდებით.

- რატომაა, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც მაღალტექნიკური ფეხბურთელების ნაკლებობას არასდროს უჩივის, რაიმე წარმატების მიღწევას ვერაფრით ახერხებს?
- იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა გვაქვს ცუდი, ქვეყნის ჩემპიონატი კი დაბალ დონეზეა. ამასთან, ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება.

თემურ ქეცბაია თითქოს ურიგო მწვრთნელი არაა, მაგრამ შედეგი ვერ მოაქვს. თანაც, როგორი შეიძლება იყოს შედეგი, როდესაც საქართველოს ნაკრები ყველასთან მეორე ნომრად თამაშობს?

ეს გასაგებია, როდესაც მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გადიხარ, მაგრამ ჩვენ მეორე ნომრად ვირჩევთ თამაშს მალტასა და ფინეთთანაც!

საქართველოში ვისაც ფეხბურთი ესმის, ამაზე ყველა ჩივის. ამისთანა ტაქტიკით ხომ დიდს ვერაფერს მიაღწევ.

- შეკრებაზე მყოფი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თვალს ადევნებდით თუ ფეხბურთი ისედაც მოგყირჭდათ?
- აუცილებლად. ვუყურებ არა მხოლოდ ლიგას, არამედ "ვიტესის" ყველა მატჩსაც. ჩემპიონთა ლიგაში კი მხოლოდ "ბარსელონას" ვქომაგობთ.

- რომ გავარდეს?
- არა, არა. მესიმ ხომ თქვა, რომ "მილანს" გასცდებიან და ასეც იქნება.

- როგორც "ბარსას" ქომაგს, მესისა და რონალდოს შედარებაზე აღარც გკითხავთ...
- მესის რონალდოსთან შედარება არ შეიძლება. კრიშტიანო შეიძლება შევადაროთ რუნის ან ფალკაოს, მაგრამ არამც და არამც ლიონელს, რომელიც ფეხბურთელი კი არა, ზეადამიანია, საუკეთესო პლანეტაზე.

P.S. ვლადიკავკაზის "ალანიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ჭანტურიას ვიდეოინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დაბლა გთავაზობთ.

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურიამ და მამუკა კობახიძემ "ალანიას" მორიგ ტესტ-მატჩში ითამაშეს
"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
მკითხველის კომენტარები / 28 /
ნიჭიერი ახალგაზრდაა ნამდვილად, მაგრამ ცოტა თავმდაბლობა არ აწყენდა. ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს. ბევრი ვარჯიში და ცოტა ლაპარაკი! კეთილი სურვილებით...
bibi
12:26 28-02-2013
0
რუსული ბევრმა იცის მაგრამ გუნდსში ვერ ხვდება. ამბიცია რომ არ ქონოდა და მონდომება საბურთალოს გუნდს ვერც გასცდებოდა ნუ დასცინით
0

სიახლეები პოპულარული