ჰოლანდიის ერედივიზიეში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა "ვიტესმა" და მართალია, სატურნირო ცხრილში დღეისთვის მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ "აიაქსს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
არნემელებმა სტუმრად "დენ ჰააგი" 4:0 გაანადგურეს. "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია 88-ე წუთზე შეცვალეს, ვაკო ყაზაიშვილი კი კვლავ თადარიგში დარჩა.
* * *
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" რეზერვში დარჩა. დედაქალაქურ დერბიში მისმა გუნდმა "ლოკომოტივს"
ვლადიკავკაზის "ალანიას" სათადარიგოებში იყო გიორგი ჭანტურია, ხოლო გუნდის კიდვე ერთი ახალწვეული მამუკა კობახიძე გუნდის 18-კაციან განაცხადში კვლავ არ ყოფილა.
"ალანია" გასვლით შეხვედრაში "ამკართან" 1:5 განადგურდა.
ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" განაცხადში კვლავ არ გამოჩენილა. მისი გუნდი სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა.
"კრილია სოვეტოვმა" სტუმრად მახაჩყალის "ანჟისთან" 1:1 ითამაშა და ამით დაღესტნელებს რუსეთის ჩემპიონობის შანსები შეუმცირა.
36-ე წუთიდან მოყოლებული, სამარელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ: ქართველმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მატჩის მე-18 წუთზე პირველი გაფრთხილება მიიღო, 36-ეზე კი მეორე ყვითელი ბარათიც უჩვენეს და მოედანი დაატოვებინეს.
აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" სანკტ-პეტერბურგში "ზენიტს" მედგრად ებრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 0:1. სარანსკელთა ქართველმა უკანახაზელმა სრულად ითამაშა.
* * *
რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენი რამდენიმე თანამემამულისთვის კარგად წარიმართა ამბები უკრაინის პრემიერლიგაში.
უპირველესად, მარიუპოლის "ილიჩევეცის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გასული უქმეების საუკეთესო ქართველი ლეგიონერი.
მან კიევის "არსენალთან" საშინაო მატჩში (2:1) დუბლი შეასრულა - თავისი გუნდი ჯერ 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, 79-ეზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
Video
თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი არსენალთან მატჩში
თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი არსენალთან მატჩში
თორნიკე შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, მისი თანაგუნდელი დავით თარგამაძე კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშის საშუალება არ მისცემია.
ლვოვის "კარპატი" სტუმრად ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 1:1 დაუზავდა. ლვოველთა შემადგენლობაში მურთაზ დაუშვილმა და ლევან ყენიამ შეუცვლელად ითამაშეს.
"ზარიამ" "ვოლინს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ჯაბა ლიპარტია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
"დნიპრო", მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "კრივბასთან".
მასპინძლები შეხვედრის 33-ე წუთზე ჯაბა კანკავამ დააწინაურა, თუმცა კრივოიროგელებმა მეორე ტაიმში ორი გოლის გატანა და ფავორიტისთვის სამი ქულის ართმევა შეძლეს.
Video
ჯაბა კანკავას გოლი დნიპროს მაისურით
ჯაბა კანკავას გოლი დნიპროს მაისურით
კანკავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისი თანაგუნდელი ალექსანდრე კობახიძე სათადარიგო იყო, კრივბასელი უჩა ლობჟანიძე კი შესვენებისას შეცვალეს.
ამ მარცხით "დნიპრომ" ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეორე ადგილი კიევის "დინამოს" გადაულოცა, თუმცა პრემიერლიგის დასრულებამდე მთელი ათი ტურია დარჩენილი.
* * *
შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" სტამბულურ დერბიში ხმაურიანი სენსაცია მოახდინა - გასვლაზე "ბეშიქთაშს" 3:1 სძლია და სუპერლიგაში მეხუთე პოზიციაზეა.
ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" "გალათასარაის" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ქაისერელმა ქართველმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტის წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა. მატჩს მადრიდის "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო დაესწრო, რომელმაც მომავალი მეტოქე ცოცხლად დაზვერა.
* * *
სასიამოვნოა, რომ ლევან კობიაშვილი მყარად დაბრუნდა "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში. ბერლინელთა მაისურით ვეტერანმა ქართველმა მორიგი სრული მატჩი ჩაატარა - კვლავ მარცხენა მცველის პოზიციაზე.
"ჰერტამ" სტუმრად "მიუნხენ 1860"-თან 0:0 ითამაშა და პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნების შესანიშნავ შანსს ინარჩუნებს.
აი, "ბოხუმსა" და მის ქართველებს კი საქმეები არცთუ სახარბიელოდ მისდით. მათი გუნდი საკუთარ კედლებში "ბრაუნშვაიგთან" 0:1 დამარცხდა და სახიფათო ზონამდე ორიოდე ქულა აშორებს.
ალექსანდრე იაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი ბოლომდე თადარიგში დარჩა.
* * *
ლადო დვალიშვილმა "ლეგიას" გამარჯვებაში წვლილი საკუთარი გოლით შეიტანა. მისმა გუნდმა შინ "გურნიკი" 3:0 გაანადგურა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა, თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამოიჩინა.
Video
ლადო დვალიშვილის მორიგი გოლი ლეგიას მაისურით
ლადო დვალიშვილის მორიგი გოლი ლეგიას მაისურით
"ლეგია" პოლონურ ექსტრაკლასას ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლეხს" 4 ქულით უსწრებს.
* * *
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსმა" საკუთარ მოედანზე "ოდენსეს" 2:1 აჯობა. მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სასტარტოში გამწესებული დავით დევდარიანი 68-ე წუთზე დავით სხირტლაძემ შეცვალა.
* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" საკუთარ მოედანზე 0:3 განადგურდა "ნიმთან". ქართველი მეკარე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლანჩანოსთან" 2:2 ითამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში ირაკლი შეყილაძე 89-ე წუთიდან გამოჩნდა, მისი თანაგუნდელი ლევან მჭედლიძე კი კვლავ ტრავმირებულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"