გიორგი ჩიხრაძე: აზერბაიჯანში ფულს სხვა მიმართულებას აძლევენ

AutoSharing Option
ზაქათალის "სიმურგმა" სეზონი რიხით დაიწყო და არცთუ მცირე ხნით ლიდერობდა აზერბაიჯანის ჩემპიონატს. ახლა კი გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი გუნდი მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ჩიხრაძე აზერბაიჯანში წასვლამდე თბილისის "ამერს" თავკაცობდა და ორჯერ მოაგებინა საქართველოს თასი. შემდეგ კახა ცხადაძის თანაშემწედ მუშაობდა ბაქოს "ინტერში".

ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აზერბაიჯანში დავურეკეთ და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- შესაძლოა, თქვენც გაიგეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იდეის შესახებ - გაერთიანებული ჩემპიონატი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ასეთი რამ?
- ეს იდეა გარკვეულწილად საინტერესოა, საერთაშორისო
დონეზე თამაშები ყოველთვის განსაკუთრებულია; როცა ორი-სამი ქვეყნის კლუბები ხვდებიან ერთმანეთს, ეს უკვე ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ეს უფრო ზოგადი ლაპარაკია...

- ანუ მიგაჩნიათ, რომ იდეა საინტერესოა, მაგრამ მისი განხორციელება არარეალურად გამოიყურება?
- ამ იდეის განხორციელებას მაშინ ექნება პერსპექტივა, თუ ამ ქვეყნების ფედერაციები და საუკეთესო კლუბები ერთსა და იმავე პოზიციაზე აღმოჩნდებიან და ყველა მხარისთვის ხელსაყრელი გამოდგება ასეთი ტურნირის ჩატარება.

ვფიქრობ, ქვეყნებისთვის არახელსაყრელია ასეთი ტურნირის გამართვა. ისეთი ორგანიზაციული საკითხები გამოდის წინა პლანზე, რომ ამ იდეის განხორციელება ძნელად წარმოსადგენი ხდება.

ფინანსურად ძლიერ კლუბებს აქ სულ სხვა ინტერესი აქვთ. ურჩევნიათ, რომ შიდა ჩემპიონატი უფრო მოღონიერდეს და ფინანსებიც ამ მიმართულებით გაანაწილონ.

ერთი სიტყვით, აზერბაიჯანში არა მგონია, რომ ფედერაციასა და კლუბებს ასეთი ტიპის ტურნირი აძლევდეთ ხელს.

- თქვენ კიდევ რამდენ ხანს აპირებთ აზერბაიჯანში დარჩენას? სეზონის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
- ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ფაქტია, რომ ეს სეზონი კარგად დავიწყეთ, ახლა მეოთხე ადგილზე კი ვართ, მაგრამ ევროსარბიელზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ.

მეოთხე ადგილი რომ შევინარჩუნოთ, ესეც კარგი შედეგი იქნება, რადგან ახლა ცხრილში ჩვენს ქვევით რამდენიმე ისეთი გუნდია, ჩვენზე მნიშვნელოვნად დიდი ბიუჯეტი რომ აქვთ.

მოკლედ, სეზონის დასრულებას ველოდები. "სიმურგი" აღმავლობის გზაზეა და თუ საბოლოო შედეგსაც კარგს მიაღწევს, მერე უკვე დღის წესრიგში აუცილებლად დადგება გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული