დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

AutoSharing Option
"გავა წლები და ევროპა ფეხბურთშიც გაერთიანდება, რადგან ეს პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა წლების წინ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა.

მის ნათქვამში იყო ლოგიკა, რადგან ფეხბურთი გლობალური პოლიტიკის ჩარჩოში ჯდება, ერთიანი ევროპის კონტურები კი მოედანზე ჩემპიონთა ლიგით გამოიხატა.

მაგრამ ეს მაინც შორეული მომავლის პროგნოზი გვეგონა და ამ კონტექსტში არ მიგვიღია ინფორმაცია, როდესაც შარშან კრემლმა ახალი პოლიტიკური თამაში ("საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენა") წამოიწყო. რუსები პოზიციების აღდგენას და გავლენის განმტკიცებას სპორტული პროექტებითაც ცდილობენ. ამ კონტექსტში გააჟღერა კომპანია "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა პოსტსაბჭოთა
რესპუბლიკების ერთიანი საფეხბურთო ლიგის იდეა, რომელსაც მისი კომპანია დააფინანსებდა.

ეს რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერილი პროექტია, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა დაადასტურა, ინიციატივა რუსული კლუბების მეპატრონეებთან ერთად განვიხილეთ და მასში თანამეგობრობაში შემავალი რამდენიმე ქვეყნის კლუბები ითამაშებენო.

რუსებს იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც უეფამ რეგიონული ტურნირების მიმართ პოზიცია შეიცვალა. მაგალითად, ლიტვა და ლატვია ერთიანი ჩემპიონატის დაფუძნებას უკვე ცდილობენ; უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი პირადად მიესალმა ბალკანური ლიგის ჩამოყალიბებას.

გაერთიანებული პოსტსაბჭოური ლიგა კომერციული ტურნირი უნდა იყოს, რომლის შემოსავლები დამოკიდებული იქნება მაყურებელთა დასწრებაზე, ბილეთების გაყიდვაზე, სპონსორთა ინტერესსა და საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებულ ბიზნესზე. აშკარაა, რომ ბევრად უფრო მომგებიანად გაიყიდება სატელევიზიო უფლებები და ეს კლუბების შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. რუსებმა კი პროექტის განხორციელებისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

მილერის ინიციატივა უცებ აიტაცეს რუსეთის პრემიერლიგის მოწინავე გუნდებმა: ცსკა-მ, "ზენიტმა" და "ანჟიმ". სხვათა შორის, მილერის განცხადებამდე მსგავსი წინადადება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ წამოაყენა, რომელიც რეგიონული ტურნირების კუთხით აშკარად ჩიხშია - აზერბაიჯანელებთან მათი წარმომადგენლები არ ითამაშებენ. კავკასიური ლიგის იდეა ამიტომაც გამოირიცხა.

აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზეა აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი რამინ მუსაევი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რუსებთან საერთო ტურნირში არ ვითამაშებთო და მიზეზად მათ პრემიერლიგაში არსებული კორუფცია, მსაჯობის პრობლემები და ფინანსური არგუმენტები დაასახელა - გაუთავებელი მგზავრობა და სასტუმროებში ხანგრძლივი დაბინავება ჩვენს კლუბებს მძიმე ტვირთად დააწვებათო.

უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ რუსებს ცივი შხაპი გადაასხა: უეფას აღმასკომსა და კონგრესზე ამ საკითხის დამტკიცება ძნელი იქნება, რადგან ევროთასებზე მონაწილეობის კვოტების თემა სირთულეებს შექმნისო.

ბელორუსის, უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებსაც ეს კითხვები დაებადათ. ამას გარდა, ყველას აინტერესებს, ვინ იქნება ტურნირის ორგანიზატორი?

"ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტმა ტაირ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბი ტურნირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ის უეფას ეგიდით ჩატარდება და არა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობით. ბალტიისპირეთისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და სამეფო (დანია, შვედეთი, ნორვეგია) ლიგები ხომ სწორედ ასე ტარდებოდა.

კიევის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ პრუდიუსმა კი იკითხა - თუ ერთიანი ფედერაცია შეიქმნება, სტატუსს უკრაინა დათმობს თუ რუსეთიო?

შევიტყვეთ, რომ "გაზპრომში" მონაწილეობა თბილისის "დინამოსაც" შესთავაზეს. თუმცა ცნობილი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიისა და აზიის ქვეყნები ტურნირზე ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ ითამაშებდნენ.

მილერის წინადადება ესპანურმა გამოცემა "მარკამ" "საბჭოთა ჩემპიონატის აღდგენად" მონათლა. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმაც პროექტი იმიტომ დაიწუნა, რომ მასში, სპორტულზე მეტად, პოლიტიკური ინტერესები დაინახა.

საქართველო თამაშგარეში იყო, ვიდრე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აზერბაიჯანთან გაერთიანების იდეა არ გააჟღერა.

ეკონომიკური კრიზისის დროს პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლად არსებობა, შემოსავლების მიღება და ტელეკონტრაქტების გაფორმება უჭირთ. ბევრი გადარჩენას რეგიონულ ტურნირებში სწორედ ამიტომ ხედავს. ასეა საქართველოც. აზერბაიჯანულ-ქართული ლიგა კი იმით გახდა საინტერესო, რომ მასში კომპანია "სოკარი" 100 თუ 50 მილიონ დოლარს ჩადებსო.

მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეჭვებს ბადებს: გადაჭარბებული აქცენტი ხომ არ გადავიტანეთ ტურნირით მიღებულ შემოსავლებზე და ხომ არ დავივიწყეთ მთავარი - დააინტერესებს კი ეს ტურნირი გულშემატკივარს? შეუვსებს კი მას დიდი ფეხბურთის მონატრებას აზერბაიჯანულ გუნდებთან მატჩები?

ცხადია, გამოსავალი გვჭირდება, რომ ამ "დაკონსერვებული" (რევაზ ძოძუაშვილის სიტყვებია) მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენნაირი მდებარეობის ქვეყანას კი იდეალური გამოსავალი არ აქვს. მაგრამ გულშემატკივრის თემა ის საკითხია, რაზეც იქნება დამოკიდებული ბილეთებით, ატრიბუტიკითა და სატელევიზიო უფლებებით ვაჭრობის, სპონსორებთან ურთიერთობის ეფექტურობა და საბოლოოდ, ტურნირის მომგებიანობა.

თუ ქართველი გულშემატკივარი ამ ტურნირით არ დაინტერესდა, ეს პროექტი საპნის ბუშტივით ჩაიფუშება. ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დებატები კი გვაფიქრებინებს, რომ ასეთი საფრთხე რეალურია - ქართველ გულშემატკივარს ეს იდეა ნაკლებად ხიბლავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 17 /
იმაზე უკეთესი ნამდვილად იქნება რაც ეხლა გვაქვს... ჩაწყობილი თამაშები კიდე არც ეხლა გვაკლია...
tazo
11:15 21-04-2013
0
ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით, როგორც ფინანსურად ასევე სანახაობრივადაც, გაამართლებს ეს პროექტი
tazo1989
17:06 18-04-2013
0

სიახლეები პოპულარული