სკანდალი რუსეთში: ოთარ მარცვალაძის გოლი საეჭვოა! [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის ბოლო, 28-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ მარცვალაძემ ძველებურად გაიბრწყინა.

ოთარის დუბლით ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის და ქართველი ფეხბურთელების სიმრავლით გამოირჩევა, სტუმრად "როტორს" ანგარიშით 2:1 სძლია.

ოთარ მარცვალაძე ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" ღირსებას იცავდა, სადაც კარიერა ვერ აეწყო და კლუბს ნაადრევად დაემშვიდობა. საქართველოს ნაკრების ფორვარდს შემდეგ ოპერაცია დასჭირდა, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი, მამუკა ჯუღელის ხელშეწყობით, ხაბაროვსკულ გუნდში აღმოჩნდა.

VideoSportall.Ge
ოთარ მარცვალაძის დუბლი რუსეთის პირველ ლიგაში


ბომბარდირული თვისებების მქონე მარცვალაძის ძველებურად ათამაშება ქართველ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა,
გვახარებს, თუმცა რუსეთში ამ ამბავს სხვა "კუდები" გამოაბეს - საიტი sovsport.ru ეჭვობს, რომ პრემიერლიგაში გადასვლის მოსურნე "სკა-ენერგიას" გამარჯვება "როტორთან" ჯუღელის "საქმიანობას" უკავშირდება; იმ მატჩში მარცვალაძის გოლები კი, განსაკუთრებით, პირველი, დადგმული სპექტაკლია.

აი, რას წერს საიტი:

"ვოლგოგრადის "როტორმა" საკუთარ მოედანზე "სკა-ენერგიასთან" წააგო - 1:2. დუბლი თავის ანგარიშზე სტუმართა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ მიითვალა, რომელიც ამ ზამთარს კლუბში საფეხბურთო წრეებში ცნობილი ფუნქციონერის, მამუკა ჯუღელის ხელშეწყობით აღმოჩნდა.

თითქოს რიგითი, არაფრით გამორჩეული მოვლენაა, თუმცა ქართველი თავდამსხმელის პირველმა გოლმა ამ მატჩისადმი ინტერესი შესამჩნევად აამაღლა.

აქცენტები თავიდანვე დავსვათ: "სკა-ენერგია" პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და გადამწყვეტი მატჩები ელის; "როტორს" კი, თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად მისაღწევი არაფერი აქვს.

მაშ, რა იყო საეჭვო პირველი გოლის ეპიზოდში?

"როტორის" მოთამაშე ივან ტოროდოვიჩი მოედნის ცენტრში ბურთს ფლობს და რომ იტყვიან, აბარებს მას მარცვალაძეს (კადრი 1).

Sportall.Ge

როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი შეცდომა მსგავს სიტუაციაში, უბრალოდ, გაუგებარია.

შემდეგ მარცვალაძე მშვიდად მიიწევს მეტოქის კარისკენ (ტოდოროვიჩი არც კი გამოედევნა, როგორც ეს ხდება ხოლმე მსგავსი კურიოზების დროს) და ვოლგოგრადელი მცველებისგან წინააღმდეგობას არ აწყდება.

გამოცდილი ნიკოლაი ოლენიკოვი რატომღაც არ ეგებება ფორვარდს და მხოლოდ უკან-უკან იხევს (კადრი 2).

Sportall.Ge

ეს კი ძალიან უცნაურია - როგორც წესი, მცველი ასე მაშინ იქცევა, როდესაც მეტოქესთან მარტოა, რადგან იცის, რომ თუკი ორთაბრძოლას წააგებს, ოპონენტი მეკარესთან პირისპირ დარჩება. ამიტომაც ის უკან იხევს, რათა მეტოქეს, პირველ რიგში, სისწრაფე დააგდებინოს და შემდეგ შესაფერის მომენტში სცადოს ბურთის ართმევა.

ჩვენს შემთხვევაში კი ოლენიკოვს პარტნიორები აზღვევდნენ. ანუ, რომც ეჯობნა მისთვის მარცვალაძეს, ეს უკანასკნელი გოლკიპერთან პირისპირ არ დარჩებოდა.

და აი, როდესაც ქართველი საჯარიმოს ხაზს უახლოვდება, "როტორის" მცველი ხისტად ცდილობს მისთვის ბურთის ართმევას (კადრი 3).

Sportall.Ge

სასაცილოა - მარცვალაძე მშვიდად უვლის გვერდს წინაღობას და ზუსტად არტყამს კარში.

თამაშის შემდეგ ვოლგოგრადელთა გუნდის უფროსმა მწვრთნელმა ოლეგ ვერეტენიკოვმა თქვა: "ვიცოდით, ვამბობდით, რომ მარცვალაძისთვის ყურადღება განსაკუთრებით უნდა მიგვექცია. პირველი გოლისას ხომ სულაც თავად მივართვით ბურთი. ფორვარდს, რომელსაც შეუძლია სისწრაფეზე როგორც ერთი, ისე რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოცილება, ამის გაკეთების საშუალება მივეცით.

მეორე გოლის დროსაც პოზიციური შეცდომა დავუშვით - შეიძლება ითქვას, ის აუტიდან გავუშვით. მარცვალაძემ ორივე ბურთი ოსტატობის ხარჯზე გაგვიტანა და მეკარეს კარის გადარჩენის შანსიც არც ჰქონდა".

თუმცა "როტორის" "სტუმართა წიგნში" რადიკალურად განსხვავებული გამოხმაურებები იყო.

"ისეთი გრძნობა დაგვრჩა, რომ ერთმანეთს გაურიგდნენ და გაყიდეს პირველი ტაიმი. "როტორი" ეზოს გუნდს ჰგავდა...

სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების ლანძღვა საჭირო არაა. ფეხბურთი - პირველ რიგში, ბიზნესია, შემდეგ კი თამაში. მათ რა მითითებაც ჰქონდათ, ის შეასრულეს და ალბათ, ყველა არაა ამით გახარებული.

მაგრამ განა არ შეეძლო ბურლაჩენკოს ("როტორის" მთავარი მწვრთნელი), პრესკონფერენციაზე ეთქვა - ბიჭებო, ეს, უბრალოდ, ჩავარდნა იყო. ამ სეზონს კი ჩავამთავრებთ და მერე გამოჩნდება"?! - დაწერა გულშემატკივარმა.

მართლაც უცნაური გოლი იყო. რაღაცით ის 2010 წელს, "ნიჟნი ნოვგოროდი"-"ვოლგას" მატჩში (2:2) საგოლე ეპიზოდს წააგავს. მაშინ სტუმართა მცველმა დმიტრი პოლიანინმა მოედანზე გასაოცარი ზიგზაგი შეასრულა - ყველაფერი გააკეთა, რათა მისი გუნდის კარში გოლი გასულიყო.

სხვა მხრივ, მიმდინარე სეზონში არანაკლები კურიოზული შეცდომები მოსდით "სპარტაკისა" და "ზენიტის" მცველებსაც. როდესაც დიდი ოსტატები, თავ-თავიანთი ნაკრებების ფეხბურთელები სცოდავენ, პირველი ლიგის რიგით მოთამაშეებს რა უნდა მოვკითხოთ?!

სამწუხაროდ, სათამაშო ეპიზოდების რაიმეს დასამტკიცებლად გამოყენება შეუძლებელია. მეკარემაც რომ დაიჭიროს ბურთი ხელში, შემობრუნდეს 180 გრადუსით და თავის კარში შეაგდოს, ვერ იქნება იმის საბუთი, რომ მან თამაში გაყიდა. აბა, რა ვიცით, ეგებ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს, გადაიღალა, გააფრინა?..

ნებისმიერი სათამაშო ეპიზოდი მხოლოდ მიზეზია თემის წამოსაწევად, განსჯისთვის და მეტი არაფერი.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივაგოთ საკადრისი მამუკა ჯუღელს - გასაოცარია, როგორ გამოიცნო სკა-მ მარცვალაძის ტრანსფერი...

ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძემ დაიწყო - "სკა-ენერგიამ" სტუმრად მისი დუბლით მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოღმისაგან გასკდა რუსეთიც და საქართველოც.რა უნდათ ამ ოქრო ბიჭისგან?კარგი რომაა,იმიტომ შურთ.გული არ გაიტეხო, ოთარ, ღმერთი ხედავს ყველაფერს და არ აყვე ამ შურიანებს. დაგლოცოს უფალმა!ეგ ორი და სხვა მრავალი!მტერი და ბოროტი შენი კარგად ყოფნით გადარიე სწორედ,გენაცვალე, შენა!
მაია
17:42 20-04-2013
0
რა კომენტარი უნდა გააკეთო! ამ ხალხის შურიანობას საზღვარი არა აქვს! დათა თუთაშხიაში ამ ხალხს ხლისტები ჰქვია!
shoda
20:03 18-04-2013
0

სიახლეები პოპულარული