გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანულ ინციდენტზე: რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა...

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის წინა ტურში ზაქათალის "სიმურგი" "ბაკისთან" 1:2 რომ დამარცხდა, არასასიამოვნო ინციდენტიც მოხდა - "სიმურგის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ ადამიანთან და დისციპლინარებმა ქართველი სპეციალისტი ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ ჩიხრაძე ტრიბუნაზე ავიდა და იქ ფიზიკურად გაუსწორდა უგუნურს.

ჩიხრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, მწვრთნელობა თბილისის "ამერში" დაიწყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, ჩემპიონატში კი მოწინავეთა შორის იყო. შემდეგ გიორგიმ აზერბაიჯანში გააგრძელა მწვრთნელობა და აქამდე არანაირ მსგავს კონფლიქტში არ ყოფილა გარეული, ის ხომ
ყოველთვის გაწონასწორებული და კორექტული გახლდათ.
ამიტომაც ყველას გაუკვირდა, რომ ჩიხრაძეს ასეთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა.

ჩიხრაძეს დავურეკეთ აზერბაიჯანში...

- მაინც რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ინციდენტი?
- მთელი მატჩის განმავლობაში ეს ადამიანი ტრიბუნიდან ილანძღებოდა. ის არ იყო "ბაკის" გულშემატკივარი და საერთოდ ვერ გავიგეთ, ვინ იყო და რა უნდოდა. ის ჩემგან ახლოს იმყოფებოდა და რამდენჯერმე ისე ცუდად შეიგინა, რომ... მოკლედ, ყველანაირად ვცდილობდი, ამისთვის ყურადღება არ მიმექცია.

როცა შეხვედრა დასრულდა, ისევ სათადარიგოთა სკამთან ვიდექი და მწვრთნელებთან ვლაპარაკობდი, ის კი უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და გინებას მუქარაც მოაყოლა.

დაძაბული თამაში იყო, ისედაც საკმაოდ ანერვიულებული ვიყავი და უკვე ვეღარ მოვითმინე...

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს არ იყო გულშემატკივრის შეძახილი, ეს სულ სხვა რამე იყო. მატჩის დელეგატმა ბოდიშიც კი მომიხადა, წესრიგი სათანადოდ ვერ იყო უზრუნველყოფილიო.

- მართლა ტრიბუნაზე ახვედით უგუნურთან?
- დიახ, რადგან ტრიბუნა სათადარიგოთა სკამიდან სულ რაღაც ხუთ მეტრშია. მასთან მიახლოებაც მყისიერად მოხდა.

- ის ადამიანი ძალიან დაზარალდა?
- შუაში ჩადგომა უცბად ვერ მოასწრეს, მერე კი ეს ადამიანი სტადიონიდან გაიყვანეს.

- დისციპლინარებმა ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოგისაჯეს - გადაწყვეტილება საბოლოოა?
- "სიმურგი" ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ვნახოთ, ეს რა შედეგს მოგვიტანს.

- როგორ ფიქრობთ, რა ამოძრავებდა იმ ადამიანს?
- არ ვიცი, ინციდენტის შემდეგ ის არავის უნახავს. ვერც ის გავარკვიეთ, რა იყო მისი მიზანი. ალბათ, სპეციალურად მოიქცა ასე, პროვოკაციის მიზნით.

- როგორც უნდა იყოს, ალბათ, არსებობდა იმის შანსი, რომ კონფლიქტისთვის თავი აგერიდებინათ...
- ზოგს ჰგონია, რომ მწვრთნელობა არცთუ ისე ძნელია, მაგრამ დამიჯერეთ, ეს საკმაოდ რთული პროფესიაა.

- გიორგი ჩიხრაძე მსგავს ამბავში, რაიმე შარში აქამდე არასდროს გახვეულა...
- რა თქმა უნდა, რაც მოხდა, ეს ჩემი ხასიათისთვის ძალიან უჩვეულოა, მსგავსი შემთხვევა ჩემს საფეხბურთო კარიერაში მართლა არ მქონია, მაგრამ შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა. ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, თავის შეკავება მმართებდა. დამშვიდებულ გულზე იოლია ამ ყველაფრის განსჯა, იმ მომენტში კი სულ სხვა ვითარება იყო...

- სეზონი სადაცაა დასრულდება და "სიმურგთან" კონტრაქტიც დაგიმთავრდებათ. რას აპირებთ, ისევ აზერბაიჯანში დარჩებით? გაქვთ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება?
- "სიმურგის" ხელმძღვანელობამ უკვე მითხრა თავისი სურვილის შესახებ - კონტრაქტის გაგრძელებას მთავაზობენ. გადაწყვეტილება კი ჯერ არ მიმიღია.

- და რაზეა დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილება?
- იმაზე, თუ რა მიზანი გაუჩნდება "სიმურგს", როგორ გაძლიერდება გუნდი, ანუ რა შესაძლებლობების იქნება კლუბი მომდევნო სეზონისთვის. ისიც გასარკვევია, მოვიპოვებთ თუ არა ევროსაგზურს, ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე ვართ და იქიდან გამომდინარე, თუ რა მოხდება აზერბაიჯანის თასის გათამაშებაში, ევროპალიგაზე გასვლის თეორიულ შანსს ჯერაც ვინარჩუნებთ.

გიორგი ჩიხრაძე: ეს არ იყო გულშემატკივრის ნამოქმედარი, ყველაფერი პროვოკაციას ჰგავდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
გიორგი ჩიხრაძე: აზერბაიჯანში ფულს სხვა მიმართულებას აძლევენ
გიორგი ჩიხრაძე: გუნდში ქართველების აყვანას არ ვეწინააღმდეგები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხო ჯიგარი ხარ და დიდი კაცი,არავის არაფერი დაუთმო
teng0
12:44 15-05-2013
0

სიახლეები პოპულარული