ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურია რუსული პრემიერლიგის გასული ტურის უმთავრესი სკანდალის მოქმედი გმირია.

ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა დინამოელი ალექსანდრ კოკორინი ერთ-ერთ ალანიელს ეუხეშა. მას ჭანტურია მიეჭრა და კოკორინისგან ალიყური მიიღო. ქართველმა კოკორინს საპასუხო დარტყმა მიაყენა და შეაფურთხა.

კონფლიქტი გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა და არბიტრმა ორი ალანიელი და ორი დინამოელი გააძევა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კოკორინი და ჭანტურიაც იყვნენ.

"არ ვიყავი მართალი, მაგრამ კოკორინი მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდა და ემოციები ვეღარ მოვთოკე", - უთხრა ნამატჩევს "ალანიას" ქართველმა ფორვარდმა "სპორტ-ექსპრესს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჭანტურიას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ "ალანია" პრემიერლიგიდან უკვე გავარდა და გიორგი რუსეთის დატოვებას აპირებს, მკაცრი სასჯელი მას არ უნდა შეეხოს.

ჭანტურიამ "ალანიას" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ფლანგიდან იგი სისტემატურად ამწვავებდა თამაშს.

"ალანიას" შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია მამუკა კობახიძეს, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ", რომელმაც "ალანიას" მსგავსად, უკვე დაკარგა პრემიერლიგაში დარჩენის შანსი, გროზნოს "ტერეკს" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში ითამაშა ჯანო ანანიძემ, რომელიც "კრასნოდართან" სტუმრად 1:0 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე 53-ე წუთამდე იმყოფებოდა.

"კრილია სოვეტოვმა" "რუბინი" მიიღო და 3:1 მოუგო. მასპინძელთა რიგებში ალექსანდრე ამისულაშვილმა სრულად ითამაშა.

"კრილიას" აქვს იმის შანსი, რომ პლეი ოფს თავი აარიდოს და პრემიერლიგაში გადათამაშების გარეშე დარჩეს. რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.

* * *
უკრაინის პრემიერლიგაში ქართველები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ "კრივბასისა" და "კარპატის" მატჩში, რომელიც "კრივბასმა" 3:2 მოიგო.

ჩვენს თანამემამულეებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კრივბასელმა უჩა ლობჟანიძემ და კარპატელმა მურთაზ დაუშვილმა მოედანზე 90-90 წუთი დაჰყვეს, დაუშვილის თანაგუნდელი ლევან ყენია კი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.

"ქართული დერბი" შედგა მარიუპოლშიც, სადაც "ილიჩევეცმა" "ზარიას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "ილიჩევეცის" რიგებში დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშეს, ზარიელი ჯაბა ლიპარტია კი თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩაერთო.

"დნიპრო" "მეტალისტს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავამ, ხოლო მისი თანაგუნდელი ალექსანდრე კობახიძე თადარიგში იყო.

* * *
დასრულდა თურქეთის ჩემპიონატი, სადაც ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" ბოლო ტურში შინ "ბეშიქთაშს" 2:0 სძლია და სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა.

ეს შეხვედრა ხიზანიშვილმა სრულად ჩაატარა.

შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ქაშიმფაშა" მე-6 პოზიციაზე გავიდა. ბოლო ტურში "ქაშიმფაშამ" სტამბულურ დერბიში სტუმრად "ისთანბულს" 2:1 აჯობა.

* * *
ლადო დვალიშვილს პოლონეთის ჩემპიონობამდე სულ ცოტაღა აშორებს. მისმა "ლეგიამ" შინ უშუალო კონკურენტ "ლეხს" 1:0 სძლია და ექსტრაკლასას დასრულებამდე სამი ტურით ადრე მას უკვე ხუთი ქულით უსწრებს.

აღნიშნული მატჩი ვარშაველთა ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ჩაატარა.

* * *
დასრულდა გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგა. ბერლინის "ჰერტამ", რომელმაც რამდენიმე ტურის წინ დაიბევა ელიტაში დაბრუნება, "კოტბუსს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

ლევან კობიაშვილმა დედაქალაქელთა შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

"ბოხუმის" რიგებში ერთბაშად ორ ქართველს დიდი ხანია, ნათამაშები არ ჰქონდა და ეს ბოლო ტურში მოხდა. "ბოხუმმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ალექსანდრე იაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკოლოზ გელაშვილი საქმეში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

"ბოხუმი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნას ბეწვზე გადაურჩა - სახიფათო ზონას მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავი ქუდში წინა ტურში დაიგულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა და სანდრო კობახიძემ გოლის გემო გაიხსენეს [VIDEO]
ვალერი კარპინი ჯანო ანანიძეს ღუპავს!
ისევ ითამაშებს ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთს?
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ ჭანტურია,მაგრამ რუსეთში თამაშს არ გირჩევ,არც შენ და არც სხვა ქართველს.
dato
22:23 20-05-2013
0
კოკორინი საცემი იყო!მაგრამ ჭანტურია რა შუაში იყო?საცემი იყო ნეკოსგან!
აბა ნაკრების თამაშში რომ ხელები ურტყას და აფურთხოს მეტოქეს და მერე გააგდონ?მაშინ ჩვენი ნაკრების ინტერესებზე წინ უნდა დააყენოს პირადი?ან საერთოდ რატომ ჩაერია?ქუჩაში ხომ არ ხარ?ფეხბურთს თამაშობ და პროფესიონალი ფეხბურთელივით უნდა მოიქცე!
akhali
15:03 20-05-2013
0

სიახლეები პოპულარული