ისევ ითამაშებს ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთს?

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ალექსანდრე იაშვილის "ბოხუმმა" მიზანს მიაღწია - მეორე ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

იაშვილს სეზონის დასრულების შემდეგ ამ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. საკითხი კი ასე დგას - ისევ ითამაშებს იაშვილი ფეხბურთს?

ასეთი ფეხბურთელები კარიერას რომ ასრულებენ, ყოველთვის გვიტოვებენ სევდას. იაშვილი ყოველთვის დადებითი მუხტის შემომტანი იყო საქართველოს ნაკრებშიც და თბილისის "დინამოშიც". თავმდაბალი, ზომიერად ამბიციური, რეჟიმისტი და გაწონასწორებული.

90-იანი წლები იყო, "დინამო" მოსკოვში რომ ჩავიდა თანამეგობრობის თასზე სათამაშოდ. თუ არ ვცდები, მაშინ გივი ნოდია იყო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი და როცა
რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, "დინამოდან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და ვის იმედად ხართო, მწვრთნელმა უპასუხა: ჩვენ გვყავს 17 წლის იაშვილი, რომელსაც ყველა მატჩში გააქვს გოლი.

იაშვილი თავიდან მეგოლე ფორვარდი გახლდათ, მერე კი გამოჩნდა, რომ სხვა რამეში უფრო ძლიერი იყო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელები კი ბოლომდე ვერ იყენებდნენ იაშვილის შესაძლებლობებს.

შესაძლოა, საკამათო რამეს ვამბობდე, მაგრამ როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწია ეროვნულ ნაკრების მწვრთნელობის შეთავსება, ყველაზე კარგად ის მიხვდა იაშვილის მნიშვნელობას - მერაბ ჟორდანიას გაწვრთნილმა ნაკრებმა შინ ალბანეთი 3:0 დაამარცხა. იაშვილმა შოთა არველაძის და მიხეილ აშვეთიას უკან ითამაშა და ძალიან ეფექტურადაც.

გერმანიაში არ გასჭირვებიათ იაშვილისთვის ზუსტი კალაპოტის მოძებნა. ჩვენებურმა იქ ბევრი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ბადენვიუნტერბერგში იაშვილი განსაკუთრებულად უყვართ. "იაში!" "იაში!" - ყვიროდა ფრაიბურგელი გულშემატკივარი.

ჩვენებურმა მართლაც ბევრი გააკეთა "ფრაიბურგისთვის", ფოლკერ ფინკემ კი ამ გუნდისთვის და ამ გუნდის ფეხბურთელებისთვის.

ფინკეს საქართველოს ნაკრებში მოყვანა არ გამოვიდა. არადა, ეს ძალიან საინტერესო პროექტი იქნებოდა, რადგან თვითონ ფინკეა საინტერესო სპეციალისტი. მან "ფრაიბურგში" ინტერნაციონალური გუნდი შექმნა და პერიფერიული კლუბი ევროსარბიელზეც კი გაიყვანა.

იაშვილს ჯვარედინა იოგები გაუწყდა ფრაიბურგელობის დროს და ნახევარი სეზონი გაუცდა. ეს ის პერიოდი იყო, "შტუტგარტს" რომ გაუტანა ორი გოლი და მერე აღმავლობის დრო ელოდა.

იღბალი ყოველთვის და ყველგან აუცილებელია. ისეც მომხდარა, ბუნდესლიგაში მოთამაშე იაშვილი ნაკრებში არ გამოუძახებიათ ან სათადარიგოთა სკამზე დაუსვამთ. ჩვენი ნაკრები სულ ცუდი ზნის იყო.

დინამოელი იაშვილის გოლი კრისტოფ დაუმის "ლევერკუზენთან" - არის ფეხბურთში ისეთი რაღაცები, რაც სულს ცხოვლად დააჩნდება. ის თამაში "დინამომ" 1:6 წააგო. მაშინ გვჯეროდა, რომ რადგან "დინამოა", ასე არ უნდა მარცხდებოდეს თვით გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთანო.

იაშვილი ყოველთვის ფეხბურთელი იყო, ის მხოლოდ გასამრჯელოს გამო არ თამაშობდა. ვითამაშებ მანამ, სანამ თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს - ის სულ ამას ამბობდა. სასმელებიდან ყველაზე უფრო ვაშლის წვენი უყვარდა და ფინკეს შეგონებას ითვალისწინებდა: თუ გინდა, რომ მანქანამ დიდხანს და კარგად იმუშაოს, ყოველთვის კარგი ბენზინი უნდა ჩაასხა.

* * *
იაშვილი ბევრს დახმარებია საქართველოში და ეს ყოველთვის ჩუმად გაუკეთებია. ჟურნალისტებმა ის ერთხელ წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დავასახელეთ და მაშინაც უჩვეულოდ თავმდაბალი იყო.

იაშვილი 35 წლისაა. ფეხბურთს პროფესიულ დონეზე მასზე უფროსებიც თამაშობენ, ოღონდაც ისეთი ასაკია, გსიამოვნებს თუ არა ფეხბურთის თამაში, მაინც სერიოზულად გიწევს დაფიქრება ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებაზე.

იაშვილიც ფიქრობს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი - ისევ ითამაშოს თუ სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იაშვილი ისე ჩამოაშორა მწვრთნელმა, რომ ეტიკეტი ვერ დავინახეთ; ვერც იაშვილზე უკეთეს თავდამსხმელს ვხედავთ ამ ნაკრებში. ალბათ, ეს ყველაფერიც ფეხბურთის ნაწილია საქართველოში.

იაშვილი კარგი მაგალითია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. მან თავისი საფეხბურთო გზა არ დაუკავშირა ერთ ადამიანს, გადაწყვეტილებებს თავისუფლად იღებდა.

იქნებ კიდევ ერთი სეზონიც ითამაშოს იაშვილმა? ამ კითხვის პასუხი მალე გვეცოდინება, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც.

სევდა კი აუცილებლად დარჩება, იაშვილი ხომ რაღაცნაირად, გემრიელად თამაშობდა ფეხბურთს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ერთადერთი ქართული კლუბი, სადაც ვიფიქრებდი თამაშს, თბილისის "დინამოა"
ოპტიმალური გამოსავალი: კობიაშვილს და იაშვილს ნოემბერში გავაცილებთ
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
ალექსანდრე იაშვილი: საცხოვრებლად თბილისში უნდა დავბრუნდე
ალექსანდრე იაშვილი: ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა იაშკა
papuna
01:19 18-05-2013
0
მაგრად მიყვარს და ვაფასებ ამ ფეღბურთელს და მართლაც დღევანდელ ნაკრებში ნაღდად იყო გამოსაძახებელი სმაომავლო პერსპეკტივა კი მარაა იმ მომავლებმაა რაღაც საყრდენი ხო უნდა დაინახონ იაშვილს კი ნამდვილად შეუძლია გუნდშიც და ნაკრებშიც ლიდერობა
lasha
18:18 17-05-2013
0

სიახლეები პოპულარული