რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ალანიამ" ვლადიკავკაზში მოსკოვის "დინამოს" 1:0 მოუგო და მეტოქეს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.

როგორც იცით, ვლადიკავკაზის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, მოსკოველებს კი საპრიზო ადგილზე გასვლისა და ევროსაგზურის მოპოვების შანსი აქვთ. თუმცა ამ მატჩის ცქერისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ გუნდებს საპირისპირო პოზიციები ეკავათ.

ამ შეხვედრის პერიპეტიები უკვე ცნობილია: "ალანიას" ძირითადში ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. 82-ე წუთზე, როდესაც "ალანია" 1:0-ს იგებდა, მოსკოველმა ალექსანდრ კოკორინმა ვლადიკავკაზელი დანიელ ნეკო უკნიდან უხეშად მოცელა, რის შემდეგაც მოედანზე გაწევ-გამოწევა დაიწყო.

მასპინძლები უკმაყოფილონი იყვნენ მოსკოველთა გაუთავებელი უხეშობით,
რაზეც მთავარი არბიტრი სერგეი ივანოვი თვალს ხუჭავდა.

თანაგუნდელის მიმართ უხეშობამ განსაკუთრებით ჭანტურია აღაშფოთა და კოკორინმა მას სახეში ხელი ჩაარტყა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტკივილისგან ჩაიკეცა, თუმცა ვალში არ დარჩენილა - მოწინააღმდეგეს კეფაში უთავაზა და მერე შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამის შემდეგ ივანოვმა ალექსანდრ კოკორინი, გიორგი ჭანტურია და კიდევ ორი ფეხბურთელი (დანიელ ნეკო - "ალანია", ბალაშ ჯუჯაკი - "დინამო") მოედნიდან გააძევა.

კომენტატორის ემოციები
ფაქტია, რომ ჭანტურიამ ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს თავი გააგდებინა - მის საქციელს ვერ გავამართლებთ და თავადაც აღიარა, რომ შეცდა. საერთოდ, გიორგი ემოციურობით გამოირჩევა და ამის გამო ბევრჯერ დასჯილა.

მაგრამ ქართველის საქციელის კომენტირებისას მატჩის კომენტატორსაც ზედმეტი მოუვიდა:

"ესაა ჯენტლმენური საქციელი?! კოკორინი ვერ ხედავდა, როდესაც ჭანტურიამ უკნიდან ვერაგულად დაარტყა. ამის ცქერაც კი ამაზრზენია.

საინტერესოა, რას გადაწყვეტს მთავარი არბიტრი? კოკორინმა სახეში გაარტყა და წითელს იმსახურებს. ჭანტურიამ კი ვერაგულად, უკნიდან დაარტყა და შეაფურთხა. ისიც წითელი ბარათის ღირსია!..

ქართველი უნახავივით მოიქცა! საკითხავიც არ არის, ის მოედნიდან გასაგდებია. წადი და დაისვენე, აი, ასე!"

ბობოქარი კომენტატორი "უდისციპლინო" კავკასიელებსაც გადაწვდა:

"საიდან გაჩნდნენ მოედანზე სამოქალაქო პირები, ტემპერამენტიანი კავკასიელი ბიჭები? სად არის სპეცრაზმი, მილიცია, წესრიგს ვინ იცავს?"

შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ კომენტატორის ტონმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს გიორგიზე კი არა, ქართველებზე ამოანთხია ბოღმა. თუმცა ჭანტურიამ და კოკორინმა გაძევებამდე შერიგება და ერთმანეთთან მობოდიშებაც მოასწრეს.

დანაშაული და სასჯელი
საწყენი კი ისაა, რომ სკანდალმა გიორგის კარგი თამაში გადაფარა: 20 წლის ქართველმა შექმნა საგოლე მომენტები, ორჯერ კარში სახიფათოდ დაარტყა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტრიბუნებიდან ამჯერადაც სკანდირებდნენ - "ჭანტურია, ჭანტურია!" თავად კომენტატორიც ამბობდა, რომ ქართველი პირველ ტაიმში "ბრწყინვალე იყო".

მატჩის დროს განვითარებული მოვლენები გაზეთ "იზვესტიასთან" "ალანიას" პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა შეაფასა:

"დაპირისპირება მსაჯის პროვოცირებულია, რადგან მოსკოველთა უხეშობა დროულად ვერ აღკვეთა... რაც შეეხება ჭანტურიას, მეტოქეს თუ მართლა შეაფურთხა, შესაბამისი სასჯელიც ეკუთვნის".

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ინსპექტორთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი სპირინმა სააგენტო "იტარ-ტასთან" დამნაშავეთა მოსალოდნელ სანქციებზე ილაპარაკა:

"კავშირის დისციპლინარული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, ოთხივე მოთამაშეს 4-4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ჭანტურიას კი შეფურთხებისთვის სასჯელი დაემატება და 8 მატჩს გამოტოვებს".

აღარ მინდა ვიტესი!
მოსალოდნელი სასჯელის მიუხედავად, ჭანტურია მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს და "ალანიას" დაემშვიდობება. პოპულარულ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში გიორგიმ ჩხუბის მიზეზებსა და სხვა საკითხებზეც ილაპარაკა (რაზეც "ლელო" უკვე წერდა).

საინტერესო იყო ერთი ნაწყვეტი, სადაც თავის მომავალზეც ილაპარაკა - რომ შემეძლოს, მომავალ სეზონშიც "ალანიაში" დავრჩებოდი, მაგრამ იჯარის ვადა სრულდება და "ვიტესში" დაბრუნება მომიწევსო.

მაგრამ არნემული კლუბის ფანების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას თუ ვენდობით, გიორგი "ვიტესში" აღარ ითამაშებს. ქართველი თავდამსხმელი ჰოლანდიური კლუბის მიერ დანაპირების შეუსრულებლობაზე ალაპარაკდა.

"გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ზაფხულში "ვიტესში" დაბრუნება არ სურს. ის თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან "ბარსელონადან" "ვიტესში" გადასვლისას "ჩელსისთან" კონტრაქტს შემპირდნენო.

გიორგი იმითაც უკმაყოფილოა, რომ შარშან ზაფხულს ორი იტალიური კლუბის - "ჯენოასა" და "კალიარის" კონკრეტული წინადადება ჰქონდა, მაგრამ "ვიტესის" მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ არ გაუშვა.

"ვიტესის" ტექნიკური დირექტორის, ტედ ვან ლეუვენის თქმით, კლუბი ჭანტურიას ინტერესს ითვალისწინებს და არ გამორიცხავს, ზაფხულში ტრანსფერზე დააყენოს და წასვლის საშუალება მისცეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
ვლადიკავკაზში ერთხმად სკანდირებენ: ჭანტურია! ჭანტურია! [VIDEO]
არნემის "ვიტესმა" გიორგი ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" არ დაუთმო
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
გიორგი ჭანტურიას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!
გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა უცნაური და შურიანი ხალხი ვართ ეს ქართველები, რას ერჩით ამ ჩანტურიას, ახალგაზრდა ბიჭია, ნიჭიერი მაგრამ კარიერის აწყობა ისე ადვილი არ არის, სულ გესლავთ ამ ბიჭს რა გინდათ, თქვენ რა გაქვთ მიგწეული სულ სხვის გაკიცხვაში რომ ხართ, ბოროტები ხართ და ეგაა, რაც შეეხება ამ ჩხუბის ეპიზოდს ასეთი ყველას შეიდძლება მოუვიდეს, არ გახსენდებათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელებიც ტყდებიან და ნერვებმა თუ უმტყუნა უარესებს შვებიან, დაიკოთ თქვენი შურიანობა და ბოგმიანობა და ამ ახალგაზრდას კი წარმატებებს ვუსურვებ
mamuka
01:25 23-05-2013
0
მამულაშვილი რა სიამაყით წერს ვალში არ დარჩენია შეაფურთხაო.მაგაზე უნდა გააკრიტკოოოოოოო
juve
11:55 21-05-2013
0

სიახლეები პოპულარული