სეზონის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ მოასპარეზე ჩვენი ფეხბურთელების მონაგარის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ახლა კი იმ მოთამაშეთა მაჩვენებლებს გადავხედოთ, რომელთა კლუბებმაც ყველა ტურნირი უკვე მოილიეს.
ბუნებრივია, ჩვენს მიმოხილვაში ყველა ლეგიონერი ვერ მოხვდა.
გურამ კაშია
(ვიტესი, ჰოლანდია)
25 წლის. 33 მატჩი, 2 გოლი
კაშია გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ლეგიონერია. გურამი "ვიტესის" კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ სეზონში არნემული კლუბი
ქართველმა მცველმა ძლიერი ევროპული კლუბების ყურადღებაც დაიმსახურა და გამორიცხული არ არის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ადგილსამყოფელი შეიცვალოს.
"ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ერთი პერიოდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსიც ჰქონდა და ჩემპიონობის კანდიდატებს შორისაც კი მოიხსენიებდნენ.
ვაკო ყაზაიშვილი
(ვიტესი, ჰოლანდია)
20 წლის. 5 მატჩი
ყაზაიშვილი გასულ სეზონშიც იბრძოდა "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად და 18-კაციან განაცხადში ხშირად ხვდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით კონკურენციის დაძლევას იშვიათად ახერხებდა.
ასაკიდან გამომდინარე, ყაზაიშვილს ყველაფერი წინ აქვს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი სეზონიდან მას მეტ სათამაშო დროს დაუთმობენ.
ზურაბ ხიზანიშვილი
(ქაისერი, თურქეთი)
31 წლის. 29 მატჩი
ხიზანიშვილი "ქაისერის" უკანა ხაზის საკვანძო მოთამაშეა და კლუბმა მისი შენარჩუნების სურვილიც გამოთქვა. ქართველმა მცველმა სეზონი სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარა და მხოლოდ რამდენიმე მატჩი გამოტოვა, ისიც ტრავმის გამო. "ქაისერიმ" თურქეთის სუპერლიგა მეხუთე საფეხურზე დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის სერიოზული წარმატებაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "ქაშიმფაშამ" თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.
ლევან კობიაშვილი
(ჰერტა, გერმანია)
35 წლის. 11 მატჩი, 1 გოლი
კობიაშვილის ამბავი მართლაც გამორჩეულია - ვეტერანი ქართველი უნივერსალი მოედანს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და ამხელა პაუზისა და სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, "ჰერტას" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიბრუნა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალ სეზონში იგი კვლავ პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს - ბერლინურმა კლუბმა მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონობა დამაჯერებლად იზეიმა. კობის კვლავ გერმანული ფეხბურთის ელიტაში ვიხილავთ, რაც ქართული ლეგიონის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება.
ალექსანდრე იაშვილი
(ბოხუმი, გერმანია)
35 წლის. 28 მატჩი
"ბოხუმს" გასულ ზაფხულს მიაშურა და მართალია, საკმაოდ ხშირად ჩანდა გუნდის შემადგენლობაში, ჩემპიონატში გოლის გატანა ვერ შეძლო. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გაგრძელდება იაშვილისა და კლუბის ურთიერთობა.
ნიკოლოზ გელაშვილი
(ბოხუმი, გერმანია)
27 წლის. 12 მატჩი, 1 გოლი
ისევე, როგორც წინა სეზონში, გელაშვილმა "ბოხუმის" მაისურით კვლავ ერთი გოლი გაიტანა და სეზონის უდიდესი ნაწილი ხან სათადარიგო იყო, ხანაც განაცხადს მიღმა რჩებოდა. "ბოხუმში" მისი მომავალი ბუნდოვანია. თავად კლუბი, შეგახსენებთ, ბეწვზე გადაურჩა მესამე ბუნდესლიგაში გავარდნას.
დავით დევდარიანი
(ორჰუსი, დანია)
25 წლის. 26 მატჩი, 4 გოლი
"ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდებოდა და გოლებიც გაიტანა. უთამაშებელი მხოლოდ სეზონის სტარტზე იყო, რაც ტრავმით გახლდათ გამოწვეული.
დავით სხირტლაძე
(ორჰუსი, დანია)
20 წლის. 20 მატჩი, 2 გოლი
დევდარიანის მსგავსად, გუნდისთვის ისიც მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრება. სხირტლაძემ ადრეულ ასაკში შეძლო არცთუ ძლიერი, მაგრამ ნორმალური ევროპული დონის კლუბში დამკვიდრება.
მათე ვაწაძე
(ორჰუსი, დანია)
24 წლის. 13 მატჩი, 3 გოლი
"ორჰუსს" მას შემდეგ მიაშურა, რაც გორის "დილამ" დანიურ კლუბს ევროპის ლიგაზე სძლია და ამაში დიდი წვლილი ვაწაძემ შეიტანა. მათე უმალ გახდა "ორჰუსის" ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა.
ბაჩანა ცხადაძე
(ინტერი, აზერბაიჯანი)
25 წლის. 29 მატჩი, 8 გოლი
გიორგი ლომაია
(ინტერი, აზერბაიჯანი)
33 წლის. 25 მატჩი
რევაზ თევდორაძე
(ინტერი, აზერბაიჯანი)
25 წლის. 6 მატჩი
ვალერი აბრამიძე
(ინტერი, აზერბაიჯანი)
33 წლის. 15 მატჩი
ილია კანდელაკი
(ინტერი, აზერბაიჯანი)
31 წლის. 25 მატჩი
გიორგი ადამია
(ინტერი, აზერბაიჯანი)
32 წლის. 5 მატჩი, 1 გოლი
ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, აზერბაიჯანის პრემიერლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ქართველებიდან ყველაზე წარმატებული სეზონი ბაჩანა ცხადაძეს ჰქონდა, ხოლო გიორგი ადამიას მძიმე ტრავმამ არ მისცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ცნობილი გახდა, რომ მწვრთნელთან ერთად, ქართული ექვსეულიდან "ინტერში" მხოლოდ ლომაია და ცხადაძე-უმცროსი დარჩებიან.
ზაქათალის "სიმურგმა", გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით, ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და კლუბის მესვეურები ქართველ სპეციალისტს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობენ.
გიორგი ფოფხაძე
(ბაქი, აზერბაიჯანი)
26 წლის. 20 მატჩი
იშვიათი გამონაკლისების გარდა, "ბაქის" ძირითადში მოხვედრა არ უჭირდა. ფოფხაძის გუნდი მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროთასებს მიღმა დარჩა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"